„ა(ა)იპ ბავშვთა სიმსივნეებისა და სუპერგმირების“ დამფუძნებელი მარიამ მათიაშვილი USAID-ისა და EWMI access-ის მხარდაჭერით manifest.ge-ზე ხელმოწერებს აგროვებს და სახელმწიფოს სთხოვს, სრულად დააფინანსოს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ყველა ბავშვის მკურნალობა და რეაბილიტაცია, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სავალდებულო მგზავრობის შემთხვევაში.
საქართველოში წლიურად საშუალოდ 100 ბავშვს უდასტურდება ავთვისებიანი სიმსივნე. ბოლო 5 წლის განმავლობაში 683 ბავშვს დაესვა კიბოს დიაგნოზი. სახელმწიფო თითოეულ ბავშვს მკურნალობას 23000 ლარით უფინანსებს, რაც ორგანიზაციის თქმით მიზერული თანხაა და ხშირად კვებისა და ხარისხიანი მედიკამენტების შეძენის საშუალებასაც არ იძლევა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში შეზღუდულია ბავშვთა ონკოლოგებისა და კლინიკების რაოდენობა. არ ტარდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურები, მაგალითად, როგორიცაა ძვლის ტვინის გადანერგვა. ბავშვების გადასარჩენად კი მშობლებს მათი საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანა უწევთ, რაც საშუალოდ 150000 დოლარი ჯდება. სახელმწიფო ასეთ ბავშვებს მხოლოდ 30000 ლარით ეხმარება. გარდა ამისა წლების განმავლობაში ონკოლოგიური პაციენტ ბავშვებს საკონტროლო კვლევები სჭირდებათ, რაც ასევე არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
„ბავშვთა უფლებათა კონვენციის, ბავშვის უფლებათა კოდექსის და ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ყველა ბავშვს აქვს უფლება, გადარჩეს და სარგებლობდეს ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით. თითოეული ბავშვი უნდა ცხოვრობდეს უსაფრთხოდ, რათა ფიზიკურ, მორალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას ხელი არაფერმა შეუშალოს. სახელმწიფო კი ვალდებულია ყველაფერი იღონოს ბავშვების გადარჩენისა და ბედნიერებისთვის“, – ამბობს მარიამ მათიაშვილი.
მოთხოვნები კი რომელსაც ორგანიზაცია სახელმწიფოს უყენებს, შემდეგია:
- სრულად დაფინანსდეს სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სავალდებულო გამგზავრების შემთხვევაში;
სრულად დაფინანსდეს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საკონტროლო კვლევები მკურნალობასა და რეაბილიტაციის პერიოდში.
[sexy_author_bio]