ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. უკვე ცნობლია ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს, ქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა. ედნარ ნატარიძემ გააჟღერა.
„კორპუსი, რომლის ერთი სადარბაზოა ჩამონგრეული, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. ექსპერტიზის დასკვნა ამ შენობასთან დაკავშირებით, ჩემთვის უკვე ცნობილია, შესაბამისად, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი სადემონტაჟო სამუშაოებისთვის და საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი გამოვიტანეთ. პრაქტიკულად, დემონტაჟი მალევე დაიწყება“, – განაცხადა ედნარ ნატარიძემ.
რაც შეეხება დაზიანებული შენობის მომიჯნავე კორპუსებს, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, ეს კორპუსები მდგრადია. კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მომიჯნავე კორპუსიც მდგრადია, თუმცა მას დამატებით ექსპერტიზას ჩაუტარებენ.
დანგრეული კორპუსიდან 55 ოჯახია გასახლებული. მათთვის განიხილება მერიის საბინაო ფონდიდან ბინებისა და ფულადი კომპენსაციის გადაცემა. კორპუსის მცხოვრებლებთან მერიის წარმომადგენლები შეხვედრას დღეს გამართავენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.