“მე პოლიტიკურ მოღვაწეებს, პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ“, _ ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ ჯოჯოხეთი, ფაქტობრივად, გაუქმდება, აღარ არის ჯოჯოხეთი საჭირო და სამოთხე დაემსგავსება აყროლებულ ღორებს, ფარეხს. სამართლიანობა თუ არ იქნება, მხოლოდ წყალობა აღარ არის ის, რაც არის სიკეთე“, _ განაცხადა მეუფე სტეფანემ.
ჟურნალისტის კითხვაზე „სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლიანი პროცესი მიმდინარეობს?“ მეუფე სტეფანემ უპასუხა, რომ პოლიტიკურ მოღვაწეებს და პოლიტიკურ აფერისტებს ვერ აფასებს.
„მე პოლიტიკურ მოღვაწეებს, პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ, არ ვიცი“, _ განაცხადა მეუფე სტეფანემ.
მეუფე სტეფანემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ხელს არ მოაწერს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.
დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გეგმავს.
[sexy_author_bio]