ნეტგაზეთის ინფორმაციით, პარტიების მიერ შევსებული ფინანსური დეკლარაციების მიხედვით, რომელიც 2 აგვისტოდან 2 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს, ყველაზე მეტი თანხა „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, თუმცა, თუ გაწეულ ხარჯებს მიღებული ხმების ოდენობაზე გავყოფთ, ყველაზე ძვირი 1 ხმის მოპოვება „ლელოს“ დაუჯდა, ყველაზე იაფი კი, ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“.
- „ლელო“ – 47.5 ლარი;
- „გირჩი“ – 36.8 ლარი;
- „ევროპული საქართველო“ – 22.9 ლარი;
- „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 18.1 ლარი;
- „ქართული ოცნება“ – 15.2 ლარი;
- „დემოკრატიული მოძრაობა“ – 14,5 ლარი;
- „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი” – 11.4 ლარი;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 8.3 ლარი;
- „გახარია – საქართველოსთვის“ – 6.2 ლარი;
- „ელენე ხოშტარია – დროა“ – 4.5 ლარი;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2.3 ლარი;
- „ლეიბორისტული პარტია“ – 2.03 ლარი;
- “ანა დოლიძე – ხალხისთვის“ – 2.01 ლარი.
გამოთვლის მეთოდოლოგია: საარჩევნო სუბიექტის მიერ დახარჯული თანხა გაყოფილია მთელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებში/პროპორციულ ნაწილში მიღებულ ხმებზე.
სულ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნოდ 12,567,395 ლარი დახარჯა. აქედან 8,644,116 ლარი – რეკლამაში. რაც შეეხება შემოსავლებს, „ოცნებამ“ საანგარიშო პერიოდში 12,729,902 ლარი მიიღო, საიდანაც 856,670 ლარი საბიუჯეტო დაფინანსებაა. შესაბამისად, თუ გაწეულ ხარჯებს (12,567,395 ლარს) პარტიის საკრებულოების (მთელი ქვეყნის მასშტაბით) პროპორციული სიის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით მიღებული ხმების რაოდენობაზე გავყოფთ, (824,755 ხმა) გამოდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 1 ხმის მოსაპოვებლად 15.2 ლარი დახარჯა.
ამავე მეთოდოლოგიით, ყველაზე ძვირი ერთი ხმის მოპოვება „ლელოს“, 47.5 ლარი დაუჯდა. წინასაარჩევნო პერიოდში პარტიამ 2,273,924 ლარი დახარჯა, საიდანაც 1,852,331 სარეკლამო ხარჯი იყო. 2 აგვისტოდან 2 ოქტომბრის პერიოდში პარტიამ შემოსავლის სახით 1,309,731 ლარი მიიღო, საიდანაც 66,963 ლარი საბიუჯეტო დაფინანსება იყო. ლელომ 2021 წლის ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს პროპორციული სიების არჩევნებში 47,861 ხმა მიიღო, შესაბამისად, 1 ხმა ლელოს 47.5 ლარი დაუჯდა.
ყველაზე იაფი ამგვარი დათვლით 1 ხმის მოპოვება დაუჯდა ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“. აღნიშნულმა პარტიამ საანგარიშო პერიოდში სულ 30,186 ლარი დახარჯა, საიდანაც 10.816 სარეკლამო ხარჯი იყო. პარტიამ შემოსავლის სახით 29,572 მიიღო. არჩევნებში კი ანა დოლიძის პარტიამ 14,988 ხმა მიიღო. შესაბამისად, 1 ხმა პარტიას 2.01 ლარი დაუჯდა.
2.03 ლარი დაუჯდა 1 ხმის მოპოვება „ლეიბორისტულ პარტიას“, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში 24,329 ხმის მიღება შეძლო. დეკლარაციის მიხედვით საანგარიშო პერიოდში პარტიამ 49,542 ლარი დახარჯა. აქედან 1,505 – რეკლამაში. 2 აგვისტოდან 2 ოქტომბრამდე პარტიის შემოსავალმა 48,284 ლარი შეადგინა. აქედან 48,284 საბიუჯეტო დაფინანსება იყო.
იმ პარტიებს შორის, რომლებმაც 1 ხმის მოსაპოვებლად ყველაზე ცოტა დახარჯეს, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც”. პარტიამ საკრებულოს არჩევნებში 541,188 ხმა მიიღო და თითო ხმის მოსაპოვებლად 2.3 ლარი დახარჯა. ჯამში, ენმ-მ წინასარჩევნოდ 1,246,324 ლარი დახარჯა, აქედან 298,920 ლარი- რეკლამაში. პარტიის შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 1,841,156 ლარი შეადგინა, საიდანაც 366,604 ლარი საბიუჯეტო დაფინანსება იყო.
შემდეგია ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“, რომელმაც 1 ხმის მოსაპოვებლად 4.5 ლარი დახარჯა. ხოშტარიას პარტიამ წინასაარჩევნოდ, ჯამში, 48,960 ლარი დახარჯა, აქედან რეკლამაში – 19,483 ლარი. შემოსავალმა კი 66,247 ლარი შეადგინა. „დროამ“ საკრებულოს არჩევნებში 10,859 ხმა მიიღო.
6.2 ლარი დახარჯა გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ერთ ხმაში. პარტიამ საკრებულოს არჩევნების პროპორციულ ნაწილში ქვეყნის მასშტაბით 137,764 ხმა მიიღო. გახარიას პარტიამ საანგარიშო პერიოდში 860,253 ლარი დახარჯა, საიდანაც 442,075 ლარი სარეკლამო ხარჯები იყო. პარტიამ „საქართველოსთვის“ შემოსავლის სახით აღნიშნულ პერიოდში 860,915 მიიღო.
1 ხმა 8.3 ლარი დაუჯდა „პატრიოტთა ალიანსს“, რომელმაც საკრებულოების არჩევნებში 25,697 ხმა მიიღო. პარტიამ სულ 213,587 ლარი დახარჯა, აქედან 37,864 -რეკლამაში. პარტიამ შემოსავლის სახით 206,632 ლარი მიიღო. აქედან 173,852 ლარი საბიუჯეტო დაფინანსება იყო.
„სტრატეგია აღმაშენებელს“ ერთი ხმა ამგვარი დათვლით 11.4 ლარი დაუჯდა. პარტიამ საკრებულოს არჩევნების პროპორციულ ნაწილში 23,656 ხმა მიიღო. ჯამში, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ 269,581 ლარი დახარჯა, საიდანაც 147,444 ლარი სარეკლამო დანახარჯები იყო. შემოსავლის სახით პარტიამ 273,154 ლარი მიიღო, აქედან საბიუჯეტო დაფინანსების წილი 546,308 ლარია.
ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“ ერთი ხმა 14.5 ლარი დაუჯდა. პარტიამ საკრებულოების პროპორციულ არჩევნებში 845 ხმა მიიღო. ჯამში, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 12,266 ლარი დახარჯა. რეკლამაში კი 160 ლარი გაიღო. პარტიის შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში დეკლარაციის მიხედვით 12,269 ლარი მიიღო.
18.1 ლარი დაუჯდა 1 ხმის მოპოვება ალეკო ელისაშვილის პარტიას „მოქალაქეები“. პარტიამ საკრებულოების არჩევნებში 14,669 ხმა მიიღო. ჯამში, ელისაშვილის პარტიამ 265,901 ლარი დახარჯა, საიდანაც 240,709 სარეკლამო ხარჯებია. შემოსავლის სახით კი „მოქალაქეებმა“ საანგარიშო პერიოდში 410,943 ლარი მიიღო, აქედან საბიუჯეტო შემოსავლების წილი 410,493 ლარია.
„ევროპულ საქართველოს“, რომელმაც საკრებულოების არჩევნებში 29,251 ხმა მიიღო, 1 ხმის მოპოვება 22.9 ლარი დაუჯდა. პარტიამ საარჩევნოდ 668,732 ლარი დახარჯა, აქედან 288,886 ლარი- რეკლამაში. რაც შეეხება შემოსავლებს, „ევროპულმა საქართველომ“ 749,034 ლარი მიიღო, სადაც საბიუჯეტო დაფინანსების წილი 187,400 ლარია.
„გირჩმა“ კი 1 ხმის მოსაპოვებლად 36.8 ლარი დახარჯა. პარტიამ საკრებულოების პროპორციულ არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით 16,683 ლარი მიიღო. „გირჩმა“ საანგარიშო პერიოდში 614,327 ლარი დახარჯა, საიდანაც 263,633 ლარი სარეკლამო ხარჯები იყო. დეკლარაციის მიხედვით, პარტიის შემოსავლები ,სრულად საბიუჯეტო დაფინანსება 642,050 ლარი იყო.