წელს გურიაში ციტრუსოვანთა უხვ მოსავალს ელოდებიან. მსხმოიარობა გასულ წელსაც კარგი იყო, თუმცა, წელს, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბევრგან ორჯერ მეტია და შიშიც უფრო მეტი აქვთ, კარგად ჩაატარებენ თუ არა კრეფის სეზონს და შემდეგ მოსავლის რეალიზაციას.
გასულ წელს, ნოემბრის დასაწყისიდანვე, ციტრუსოვნების რეალიზაციის პრობლემა მთელ გურიაში იდგა. სეზონის დასაწყისში, პროდუქციის მოთხოვნის მიუხედავად, მალე მყიდველი აღარ იყო და როგორც ადგილობრივები იხსენებენ, საკმაოდ ეზარალათ მოსავალი.
“გურია ნიუსი” შარშან ციტრუსოვანთა კრეფის სეზონს და თანმხლებ პრობლემებს ხშირად აშუქებდა _ მოსახლეობა ვერ შოულობდა მოკრეფილი მანდარინისთვის საჭირო ყუთებს. ასევე, შეწყდა რეალიზაცია, მალე ციტრუსოვანთა დაუკრეფავ ბაღებს დაათოვა და ტონობით მანდარინი ეზარალა მოსახლეობას. ანალოგიურ პრობლემებია მოსალოდნელი წელსაც.
“წელს მეტი პრობლემა გაჩნდება, ალბათ, რადგან, მსხმოიარობა ბევრად მეტია და ამინდებიც ძალიან ცუდი. შარშან ხალხი ვერ შოულობდა ყუთებს, ნაკლებად შემოდიოდა მყიდველიც. ახლა უმეტესად წვიმს. ნაადრევად გათოვდა მთებშიც. ორმაგი ძალისხმევა გვმართებს, რომ წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი”, _ გვითხრა სოფელ ნატანების მკვიდრმა, მაია ნაკაიძემ.
“დამპალი მანდარინი ხრამში გადასაყრელი და დასამარხი გაგვიხდა”, _ გვეუბნებიან ადგილობრივები და იხსენებენ, რომ პირველი რეალიზაციის შემდეგ, მომხმარებლები აღარ შესულან ოზურგეთის სოფლებში: მერიაში, ნატანებში, შრომაში, კონჭკათში და სხვაგან, სადაც მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო ციტრუსია.
გასულ წელს, ციტრუსოვანთა რეალიზაციის შეფერხების მიზეზად, როგორც გურული მეციტრუსეები ამბობენ, ექსპორტიორები პანდემიას იმიზეზებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსავალი ძალზე ხარისხიანი იყო, მათ არ უღირდათ რისკზე წასვლა. სწორედ ამიტომ შიშობენ გურული მეციტრუსეები ახლა და არც თუ უსაფუძვლოდ.
ნატო ქავთარაძე, სოფელ ქაქუთის მკვიდრი: “გასულ წელს, სეზონის დასაწყისში, მანდარინს კარგი ფასი ჰქონდა _ ხარისხიან ნაყოფი, ერთი კილოგრამი 80 თეთრად მიჰქონდათ. შემდეგ ერთი ლარიც ღირდა. თუმცა, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა ჩვენი სიხარული. ერთხელ წაიღეს და მერე კლიენტი საერთოდ არ შემოსულა. წელს უფრო კარგად ასხია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გვეშინია. რომ იტყვიან, ღვთის ანაბარად ვართ. რამდენი ჯაფა უნდა მარტო კრეფის პროცესს, მერე დახარისხებას. რეალიზაციაზე ფიქრი ხომ საერთოდ…”
ნინო ქავთარაძე, ქაქუთის მკვიდრი: “არავის იმედი არ გვაქვს. ამ დაზღვევის პროგრამისაც ვერაფერი გავიგეთ. ვთქვათ და სეტყვა მოვიდა, რა ვქნათ? ადამიანიც გადარეულია და ამინდიც _ ხომ ხედავთ, როგორ შეცვლილია კლიმატი. სულ წვიმები იყო. სიმინდის და ყურძნის მოსავალი, ნახევრად გაუფუჭდა ხალხს. ახლა იმის ფიქრში ვართ, მანდარინიც არ გვეზარალოს…”
თამუნა კვირკველია, ჭანიეთის მკვიდრი: “ფასი მაინტერესებს, ყველაზე უფრო. ბევრი არ გვაქვს და რაღაცას მოვახერხებთ, რომ დროულად მოვკრიფოთ და რეალიზება დავაჩქაროთ. კარგი იქნება, რეალური დაზღვევის პროგრამის ამოქმედება. თხილსაც არ აქვს წესიერი ფასი, მაგრამ ასე თუ ისე, იცი, რომ ვიღაც იბარებს, არ გაგიფუჭდება… მანდარინს რომ არავინ იბარებს ასე სისტემატურად და გაფუჭების საშიშროებაც რომ დიდია, ამაშია საქმე. რაღაც რეგულაცია უნდა მოიფიქროს ხელისუფლებამ და დაგვეხმარონ…”
მზევინარ ღლონტი, სოფელ მერიის მკვიდრი: “მე, პირადად, შარშანდელზე ნაკლები მოსავალი მაქვს. ჯერჯერობით, შერჩევით ვკრეფთ, რადგან კარგად გაყვითლებული არ არის მანდარინი. მიჩერებული ვართ ინტერნეტს, რომ ამინდის შესახებ ინფორმაცია გავიგოთ. შარშან ჩვენს სოფელშიც დაათოვა მანდარინის ბაღებს და მოსავალი ეზარალათ. მე, პირადად და ჩემი მეზობლები, ისევ შარშანდელ კლიენტს ველოდებით. შეგვეხმიანა, რომ წელსაც ჩამოვა და ვართ მის იმედად… ვცდილობთ, როგორმე რეალიზება მოვახდინოთ…”
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ხვარბეთის, შრომის, კონჭკათის მცხოვრებლებს და ვკითხეთ აქტიური სეზონის დაწყების წინ არსებულ პრობლემებზე. თითქმის, ყველა ერთნაირად საუბრობს არსებულ სიძნელეებზე და შიშობენ, წელსაც არ შეექმნათ, როგორც სრულად მოკრეფის, ისე რეალიზაციის საშიშროება.
როგორი იქნება წლევანდელი სეზონი, მკვეთრი უამინდობის შემთხვევაში, ამოქმედდება თუ არა დაზღვევის მექანიზმი, რას ითხოვს სახელმწიფოსგან ფერმერი, რატომ არ მოსწონთ არსებული სადაზღვევო სისტემა, როგორაა ამ მხრივ საქმე _ ამ და სხვა არსებულ პრობლემებზე, “გურია ნიუსთან” ისაუბრა სოფელ ნატანების მკვიდრმა, კახა ჩხატარაშვილმა, რომელიც პროფესიით იურისტია. აქვს გამოცდილება სხვადასხვა საორგანიზაციო თუ მენეჯერული საქმიანობისა და არის ასევე წარმატებული მეურნე:
_ გთავაზობთ ჩემს (ჩვენს) თვალსაზრისს, რადგან ბევრ ადამიანს გვაქვს ასეთ მიდგომაზე აზრი შეჯერებული. დავიწყებ იქიდან, რომ გასაღების ბაზარი რომ მოვიძიოთ, უნდა დაგვეხმაროს სახელმწიფო სუბსიდირებაში _ ჩამოყალიბდეს გარკვეული ფონდი, რაც ჩვენს მთავარ პრობლემას _ ტრანსპორტირებას და რეალიზებას მოწესრიგებულს გახდის. ხალხი ძლივს ახერხებს მოსავლის სრულფასოვნად მოკრეფას და გასაყიდად გამზადებას. შემდეგ უჭირს გადაადგილება _ ტრანსპორტი არ არის. ყველაფერი გაძვირდა, მანდარინის (ისევე, როგორც თხილის) ფასი კი უფრო დაბალია. არანაირი რესურსი გლეხს არ გააჩნია, რომ საკუთარი შემოსავლის სრული რეალიზება მოახდინოს. კახეთში, მაგალითად, ასე არ ხდება. ყურძენს სახელმწიფო იბარებს, უწევენ სუბსიდირებას.
_ პრობლემა მხოლოდ ტრანსპორტირებაა?
_ უტრანსპორტობის პრობლემაც არის, დახარისხება პრობლემაა, ასევე, თვით ფასის პრობლემა დგას და რა თქმა უნდა, პრობლემაა რეალიზებაც. კვლავ გავიმეორებ, ყველაფერმა მოიმატა ფასი. რა უნდა ქნას გლეხმა, როცა კარგი მანდარინის ფასი, ერთი კილოგრამის, 80 თეთრიდან იწყება?! ერთი ქარხანაა ქობულეთში. მუდამ უსაშველო რიგები დგას. შინ რომ ძლივს მოახერხებ დახარისხებას, ასევე, ძლივს იშოვი ტრანსპორტს, მერე წაიღებ და ერთი კვირა რიგში ჩაგაყენებენ, ნერვები გაგიძლებს თუ მანდარინი გაძლებს და არ დალპება? კარგია, ზეპირად თქმა, “რა უნდა, კაცო , ამ ხალხს, ქობულეთში წვრილ მანდარინს იბარებენ და კარგი ხარისხის კი გაყიდონო”. ასე არ ხდება! ელემენტარული მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს სახელმწიფომ. მაგალითად, როგორი რეგულაციაც არის კახეთში დაწესებული ყურძენთან დაკავშირებით, მსგავსი უნდა მოიფიქრონ და დააწესონ ჩვენთანაც.
_ უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობთ სახელმწიფოსგან სუბსიდირებაში? ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ციტრუსოვნების რეალიზება მფლობელის და ბიზნესის საქმეა…
_ სახელმწიფო რაღაცით უნდა დაგვეხმაროს. აბა, რატომ მომყავს კახეთის მაგალითი? შესაძლებელია, რომ ერთ კონკრეტულ პირს, ჯგუფს გაუწიონ სუბსიდირება. შეიქმნას კონკრეტული სამსახური (ან პირობითად, ქარხანა), სადაც მიიღებენ სეზონის განმავლობაში ციტრუსოვნებს და გაუწევენ რეალიზებას. აქვე უნდა მოხდეს მანდარინის კლასიფიკაცია. შემდეგ, ფასების მიხედვით, გაიყიდება. მონდომება და ნებაა მთავარი, თორემ რეალიზაცია, ყოველივე ამის შემდეგ, ძალიან კარგად მოხერხდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგი ასეთ თვალსაზრისს, კოლმეურნეობის თუ კომუნისტურ წესწყობილების სტრუქტურის გამეორებას ეძახის. ეს არასწორია და მხოლოდ იმის გამოხატულებაა, რომ არ სურთ დაეხმარონ სოფელს, მეციტრუსეს პრობლემის გადაჭრაში.
კახა ჩხატარაშვილმა ჩვენთან ისაუბრა სადაზღვევო სისტემის სუსტ მექანიზმზე, რომელიც ვერანაირად ვერ ახერხებს ხალხის დაინტერესებას.
_ რომელი ფერმერი ენდობა მიზერულ სადაზღვევოს ან სად არსებობს სადაზღვევო პროპაგანდა? პირიქით _ სუსტია, უსუსტესიც. არავინაა ჩართული აქტიურად. შეთავაზება უნდა იყოს მომხიბვლელი, ასე ვთქვათ, სარწმუნო, რომ გლეხი დაინტერესდეს. სანამ ეს ყველაფერი არ მოწესრიგდება, კი ვიქნებით ასე ქაოსურ მდგომარეობაში. სტიქიურად, მოსწრებაზე სირბილით კი გლეხის ეკონომიკა არასდროს გაძლიერდება. სადაზღვევო სისტემა იმიტომ კი არ იქმნება, რომ შემქმნელი იმას ფიქრობდეს, თავად რა იხეიროს, არამედ ფერმერს რა ახეიროს, ხალხს როგორ დაეხმარონ და გამოიყვანონ ამ ჩიხიდან, რაშიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ დარჩნენ და იქედან ვერა და ვერ გამოვიდნენ ადამიანები, _ გვითხრა კახა ჩხატარაშვილმა.
“გურია ნიუსი” კვლავ გააგრძელებს ციტრუსოვანთა სეზონის აქტიურად გაშუქებას გურიაში.
მალე ციტრუსის კრეფისა და რეალიზაციის თაობაზე, პრობლემური საკითხების ირგვლივ, შემოგთავაზებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენელთა და ბიზნესმენთა თვალსაზრისს, მოსაზრებებს, რაც ერთგვარი პასუხი უნდა იქნეს ჩვენი რეგიონის მეციტრუსეთა წუხილზე _ უდანაკარგოდ მოახდინონ ციტრუსოვანთა, როგორც კრეფა, ისე რეალიზაცია.
აღვნიშნავთ, რომ მანდარინის ფასი წელსაც დაბალია იმავე მეციტრუსეთა თქმით და ერთი კილოგრამი სტანდარტული მანდარინის ფასის 50 თეთრით დაწყება, ციტრუსოვანთა ბაღების მოვლა-შეწამვლა-დაბარვის და მოკრეფის ხარჯებსაც არ ანაზღაურებს.
[sexy_author_bio]