ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ საგანგაშოა. ინფიცირების რაოდენობასთან ერთად, გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც. ამ ყველაფრის ფონზე, იმუნიზაციის ტემპი, კვლავ დაბალია. ინფექციონისტსების განცხადებით, მხოლოდ ვაქცინაციითაა შესაძლებელი ეპიდვითარების დასტაბილურება, რაც თავისთავად შეამცირებს ლეტალობის მაჩვენებელსაც.
„ეპიდსიტუაცია საკმაოდ საგანგაშოა. ძალიან ცუდია, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, მკვეთრად მოიმატა მძიმე პაციენტების რაოდენობამ. შესაბამისად, გაიზარდა ლეტალობის მაჩვენებელიც, რაც, სამწუხაროდ, თან ახლავს ხოლმე ეპიდსიტუაციის გაუარესებას. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციის გარეშე, ჩვენ ლეტალობას ვერ შევამცირებთ. თუ ვაქცინაცია აქტიურად არ წავა, ეპიდსიტუაციას გრძელვადიანად ვერ დავასტაბილურებთ, ყოველთვის გვექნება, გარკვეულ პერიოდებში, სიკვდილიანობის ზრდის რისკები“, – აღნიშნავს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 771 381 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა705 312, გარდაიცვალა 10 739 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.