ოზურგეთში, სამომხმარებლო საქონლის, წამლების, ბენზინის, განსაკუთრებით საკვები პროდუქტის: პურის, ზეთის, შაქრის ფასის გამუდმებით ზრდაზე, მოსახლეობა უმწვავესად რეაგირებს.
ქუჩებში, ბაზარში, სავაჭრო ცენტრებში მოთმინების ზღვარს გადასვლას, უმეტესად, “ზემოთ” , მთავრობის მისამართით, მიმართული წყევლით და ლანძღვით გამოხატავენ: “წამალიც მონატრებოდეთ და პურიც!” “დაგვეხმარეთ და გააგებინეთ ამ მთავრობას, ფასების ზრდაზე შევშფოთდით-თქო!” “დაგვახრჩონ, ბარემ!”, “ჩართავ ტელევიზორს, კივიან, ერთმანეთის შეჭმა სურთ. არაფრის არ რცხვენია არც ერთ მხარეს!” “ასე, ერთხელ ხალხის გასაჭირზე იყვირონ!” “ძაღლებივით გვცდიან, სანამ გავუძლებთ!” “პანდემია კი არის, დასაბრალებლად ადვილია!” “შაქარი ყოველდღე ძვირდება! შაქარმა და წნევამ აუწიოთ მაგათ!” “პური წელიწადში ხუთჯერ რომ გაძვირდება და მეექვსედაც გპირდებიან, კიდევ მოიმატებს ფასიო, ესენი ხეირს დაგაყრიან?!” “მთავრობა რისთვის გვინდა, თუ ამ გაქცეულ ფასებს არ “დაატორმუზებს”?!” _ მთელი დღის მანძილზე, “გურია ნიუსმა” უამრავი ასეთი ფრაზა მოისმინა მოსახლეობისგან.
ამ დიდი უკმაყოფილების ფონზე, ადამიანებს შორის, გახშირებულ ნიშნისგებასაც მოისმენთ ერთმანეთის მიმართ: “არჩევნებზე რომ იყიდებით იაფად, უარესი გეკუთვნით!” “ხმა კი არ უნდა გაყიდოთ, ამოიღოთ უნდა, ასე რომ გვახრჩობენ!” “წადით და ახლა და მოთხოვეთ კიდევ. ხომ გაგითავდათ?!” _ დაპირისპირებას და ასე ღია საუბარს, ოზურგეთის თხილის მიმღებ პუნქტებთან შევესწარით.
ზოგადად, ოზურგეთში, თხილის მიმღებ პუნქტებთან, დღის განმავლობაში, ახლა უკვე ნაკლებად დაინახავთ თხილის ჩასაბარებლად მისულ ადამიანებს, რადგან სეზონი უკვე მიიწურა. თუმცა, თხილის რეალიზატორი თუ ჩამბარებელი, ერთნაირად წუხს და ბუზღუნებს იმის გამო, რომ ყველაფერს ფასი ემატება, თხილი კი, პირიქით, იაფდება.
_ ჩაუსაფრდი და ვიღაც მოიტანს, რომ გადაუღო. აგერ, გამოჩნდა ერთი. ყველაფერს ფასი მოემატა. თან ერთხელ კი არ მატულობს. ეკონომისტი ქალი ვარ, უმაღლესი განათლება მივიღე თავის დროზე. ვგდივარ ამ სოროში და ველოდები, ვიღაც როდის მოიტანს თხილს. დამთავრდა სეზონი… თხილის ფასს არ ეხება მატება, დანარჩენს კი ყველაფერს. უნდა გავტეხო _ 65 თეთრია ერთი საღი გულის ფასი და ამის მიხედვით ვიბარებთ. ქარხნები ასე გვავალებენ. საშინელ დღეში ვართ _ პურის ფულსაც ვეღარ ვშოულობთ უკვე. იტყვი რაიმეს და ერთი გეძახის, ნაცი ხარო, მეორე გეუბნება, ქოცი ხარო. საზოგადოებაც ორად გაიხლიჩა. ასე ყოფნა უკვე არ შეიძლება, _ გაბრაზებულმა გვითხრა თხილის მიმღებმა ოპერატორმა ქალბატონმა ნინო რამიშვილის ქუჩაზე, სასტუმრო “გურიას” მიმდებარედ არსებულ თხილის პუნქტთან. თან გვთხოვა, ფოტო მისთვის არ გადაგვეღო, ვინაობის დასახელებაზეც უარი გვითხრა:
_ კარგია, ყველაფერი უნდა გაძვირდეს კიდევ უფრო მეტად. საწვავი 4 და 5 ლარი უნდა გახდეს… იქნებ, მიხვდეს ეს ხალხი, რომ არჩევნებზე 50 ლარად და მაცივრების საფასურად არ გაიყიდონ… არაფერი არ გვეშველება, უარესი გასაჭირი იქნება, _ ასევე გაბრაზებით მოგვაძახა მამაკაცმა, რომელმაც მოტანილი თხილი სასწრაფოდ დადო სასწორზე და ვინაობის დასახელებაზე მანაც უარი გაგვიცხადა, თუმცა, თვალებში შემოგვხედა და გვითხრა, კი არ ვიმალები, გადამიღე, მაგრამ რად გინდათ ჩემი გვარი, ყველა ჩემ დღეშიაო.
ქალაქის სხვა პუნქტებში, თხილის ფასს, უმეტესად, კვლავ გატეხვის მეთოდით ადგენენ. ამჯერად, თხილის სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით, როცა მხოლოდ თხილის ჩამბარებლები ბრაზობდნენ, ხშირად ნახავთ გაბრაზებულ რეალიზატორებს. ისინი ამბობენ, რომ მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასის აწევის მიუხედავად, აქ ოდნავადაც ვერ ხედავენ წინსვლას. პირიქით, ქარხნებიდან ხშირია მითითება, რომ რაც შეიძლება, ხარისხიანი გული ეძებონ და გატეხონ ბევრი, რომ ზარალი მინიმალური იყოს.
არის შემთხვევები, როცა გაუტეხავადაც იღებენ თხილს, თუმცა, ეს უმეტესად გვიან შეგროვებულ, საგვიანო, ველურად წოდებული ჯიშის თხილს ეხება და ერთ კილოგრამს, საშუალოდ, თუ საღია და ფერიც კარგია, 4 ლარად იბარებენ.
როგორც ვთქვით, თხილის სეზონი უკვე მიილია და დღის განმავლობაში, ხშირად ამაოდ ელოდებიან მიმღებ პუნქტებში ტომრით მოსულ მოქალაქეებს.
თხილის ფასის კლების და ზოგადად, საკვები პროდუქტის ფასის ზრდის გამო, “გურია ნიუსთან” უამრავი მოქალაქე საუბრობს და აკეთებენ შედარებას, ფასებსა და არსებულ სოციალურ ყოფას შორის:
_ ბრაზი მახრჩობს, ყველაფრის ფასები რომ მაქსიმალურად გაზარდეს, თან გვიხსნიან დიდი მონდომებით, რომ მსოფლიოში ხორბლის ფასი გაიზარდა, საბაჟო გადასახადი გაიზარდა, არჩევნები იყო და შემდგომი პერიოდი სულ ასეთია და ასე შემდეგ. უამრავი იდიოტური საუბარი გვესმის. იქნებ, ვინმემ გვითხრას, რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში თუ ხდება, ხელფასებთან პროცენტული შედარებით და შეფარდებით, ასე გაიზარდოს ფასები, განსაკუთრებით საკვები პროდუქტების? _ გვეუბნებიან ოზურგეთის ბაზარში პროდუქტის შესაძენად მისული მოქალაქეები: შაქრო ახვლედიანი, ზურაბ ანდღულაძე, გიზო სალუქვაძე, გრამიტო მამინაშვილი და ნონა მახარაძე.
ხალხი კითხვის დასმის დროსაც ბრაზობს, რატომ გვეკითხებით, ჩვენი ამბავი ვის აინტერესებს, იმათ, “ზემოთ” ჰკითხეთ, სულ უკან რატომ მივდივართ, გასაჭირი უფრო და უფრო რატომ მატულობსო.
ნოემბრის დასაწყისიდან დღემდე, მიუხედავად შემოდგომის პერიოდისა, ოზურგეთში ერთი კილოგრამი ხმელი ლობიო 8 ლარი ღირს, ერთი კილოგრამი ყველი _ 13 ლარი, ხორცი _ 17 ლარი, ზოგან _ 18-იც, ათი ცალი კვერცხი კონტეინერით, ნორმალური კალიბრით 5,60 ლარი ღირს. ყველანაირი ხილის ფასი 2 ლარიდან იწყება და 5 ლარამდე ადის.
საქონლისა და ღორის ხორცის და ფარშის ფასები დელიკატურად ჩამოწერილი და გამოკრული აქვთ მაცივრებში _ ერთი კილოგრამი ფარში 18 ლარი ღირს, ზოგ მაღაზიაში კი _ 19 ლარი.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ხორცის ფასის გაზრდის მოთხოვნით, დაობენ გადამზიდი დისტრიბუტორები და ხორცის გამყიდველები.
ხორცის შემომტანი დისტრიბუტორები ითხოვენ, ფასი ერთი ლარით მაინც გაზარდონ, რადგან ყოველდღე ძვირდება ბენზინი.
თუმცა, კიდევ ერთი ლარით ხორცის ფასის გაზრდას არ ეთანხმებიან ოზურგეთის ბაზარში მომუშავე გამყიდველები:
_ არაფრით არ მოვუმატებ! იმყოფინე, რაც დაგრჩება. 17 ლარად გავყიდი ისევ, _ ბრაზობდა ხორცის გამყიდველი.
_ რა დამრჩება? ჰა-ჰა, 5-6 ლარი. ეს ფულია? _ ასევე გაბრაზებული ყვიროდა დისტრიბუტორი.
_ სხვას ისიც არ აქვს. იმყოფინე! ნუ მაყვირებ ამ დილით… ხომ ხედავ, რა დღეშია ხალხი. არ ავწევ ფასს, რაც არ უნდა იყოს, _ ასეთი პასუხით დაასრულა საუბარი ხორცის გამყიდველმა დისტრიბუტორთან.
ყველის ფასის დაკლებაზე, მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით, ბევრი ადამიანი საუბრობს.
_ მარხვის დღეებში ცოტათი როგორ არ გაიაფდება ყველი, რომ ვიყიდოთ და საახალწლოდ გადავინახოთ? ასეთ გასაჭირში მართლა არ ვყოფილვართ ბოლო წლებში. 50 თეთრსაც “ვუსაფრდები”, რომ ზედმეტად არ დავხარჯო. ფასების ზრდა არ ჩერდება. საგაზაფხულოდ რა ეშველება ხალხს, როცა ყველაფერი შემოელევათ?! _ გვითხრეს ხათუნა კინწურაშვილმა და ცისანა ზოიძემ.
ასაკოვან პენსიონერთა უმრავლესობა, ძირითადად, წამლების ფასების ზრდის გამო გამოხატავს, როგორც უკმაყოფილებას, ისე _ გაკვირვებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადების თაობაზე, რომ მედიკამენტების ფასი ძალიან არის გაზრდილი და ვალდებული ვართ, რეაგირება მოვახდინოთო, აღშფოთება არ დაუმალავთ ოზურგეთელ ქალბატონებს:
_ პენსია წამლის ფულად რომ არ მყოფნის, ამიტომ ხშირად ვზივარ ბაზარში და ვყიდი ხან ყველს, ხან _ კვერცხს. მწვანილსაც. არავის იმედი არ მაქვს. ამას არ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი სიბერე მექნებოდა, ახლა გაიგო პრემიერმა, რომ წამლებს ხუთჯერ მეტი ფასი აქვს აქ, ვიდრე თურქეთში და სხვაგან? _ გვეუბნება მზევინარ ბერიძე.
ნატო ნიკოლაიშვილი, ოზურგეთის მცხოვრები: “კოვიდგადატანილი ადამიანი ვარ. გულის პრობლემები მაქვს და ყოველთვის ვფრთხილობ. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს სადაზღვევო პაკეტი და 70% შეღავათით ვსარგებლობ, ერთჯერადად მხოლოდ ორი სახეობის წამალში 130 ლარის გადახდა მიწევს. ეს არის კატასტროფა! ახლა წარმოიდგინეთ, მე როგორ მიჭირს ყიდვა და ვინც დაზღვეული არ არის და ჩემნაირად აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იმან რა ქნას? ვისაც არც შემოსავალი აქვს და არის უმუშევარი, აი, იმან საერთოდ რა უნდა ქნას? კარგია, პრემიერი რომ საუბრობს მედიკამენტების საოცრად გაზრდილ ფასებზე, მაგრამ დავიჯერო, ახლა გაიგო? რა ეშველება ამ პრობლემას? ამასთანავე, როგორ იზრდება საკვები პროდუქტების ფასი. ზეთის კიდევ უფრო გაძვირებაზეა საუბარი. სად არის საშველი? ხალხს მართლა გამოცდას ხომ არ უტარებს ვინმე გასაჭირის გაძლებაში? აბა, ეს როგორ უნდა გავიგოთ?!” _ გვეუბნება ქალბატონი ნატო.
_ მედიკამენტების ფასების შესახებ მთავრობის სხდომაზე მოვისმინე. იმედით ვუყურებ ახლა, რომ იქნებ, რეალურად გადადგან ნაბიჯი და რაიმე ეშველოს ასე გაძვირებულ წამლებს. ახლა პროდუქტი ნახეთ _ ერთი კვირის წინ “ბებოს პური” 1,60 ლარი ღირდა. ძალიან მიყვარს და სულ ვყიდულობ. მივედი გუშინ და უკვე ორი ლარი ღირდა ერთი ცალი. როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა? რამდენი გასაჭირი გავიარეთ 90-იანი წლებიდან და ასე არ შემშინებია. მაშინ ვიცოდით, რომ არ იყო არც პური, არც ფული. ხალხი ერთმანეთს ვეხმარებოდით. ახლა ისე იზრდება ფასები, მალე ეს ჩვენი მწირი ხელფასი პურსაც არ ეყოფა, ალბათ… ვისაც არც ხელფასი აქვს და არც პენსია, მან რა ქნას? ის მიკვირს, რატომ სვამენ კითხვას, ხალხი რატომ გარბის საზღვარგარეთო. გაიქცევა, აბა, რას იზამს? _ გვითხრა ოზურგეთელმა მანანა ლომაძემ.
ფასების განუწყვეტელ ზრდაზე, “გურია ნიუსის” მიერ გამოკითხულ იმ მოქალაქეთა უმრავლესობა (მათ გარდა, ვინც საერთოდ არ თვლის საჭიროდ კომენტარს), ვინც დღის განმავლობაში ბაზარში, მარკეტებსა და აფთიაქებში მოძრაობს, მზარდ გასაჭირზე საუბრობს. უიმედობასა და შიშზე ასეთი მასობრივი ხაზგასმა დიდი ხანია, არ მოგვისმენია ჩვენი რესპონდენტებისგან.
[sexy_author_bio]