ოზურგეთში კოვიდინფიცირების 9810 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 8799 პაციენტი, გარდაცვლილია 83.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების ტენდენცია ისევ მზარდია. გასულ 24 საათში კოვიდინფიცირების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ ჯერ კიდევ ელოდებიან პსრ ტესტების პასუხებს, რის გამოც მოსალოდნელია ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა.
“ტენდენცია იგივეა. კორონავირუსი ვლინდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ძირითადად დაკავშირებულია ოჯახურ კლასტერებთან და რეგულაციების წესების დარღვევასთან. აცრების ტემპმა მოიმატა, მაგრამ აცრილი ადამიანები გათამამდნენ და რეგულაციებს ნაკლებად იცავენ. ეს არის მიზეზი, როგორც ჩვენი ეპიდკვლელებიდან ვლინდება. ამ დღეებში ინფიცირების ახალი შემთხვევების კლებას არ ველოდებით”,_ ამბობს სიმონიშვილი.
ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია სასწავლო დაწესებულებებშიც. ეპიდემიოლოგი აღნიშნავს, რომ ინფიცირებულები უმეტესად სკოლისა და ბაღის პედაგოგები არიან.
“ინფიცირების შემთხვევები გვაქვს სასწავლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც. ძირითადად პედაგოგების ინფიცირების გამო გვყავს გადაყვანილი ბაღები საიზოლაციო რეჟიმზე და სკოლებში რამდენიმე კლასი დისტანციურ სწავლის რეჟიმზე. ბაღებში თითქმის ყველა აღმზრდელია ინფიცირებული. სკოლის პედაგოგების უმეტესობა აცრილია, მაგრამ ზოგმა ვერ მოასწრო სრულად აცრა. ბაღებში კი ცოტა არასახარბიელო მდგომარეობაა, აცრილების რაოდენობა ნაკლებია ბაღის აღმზრდელებსა და ძიძებს შორის. განსაკუთრებით რისკის ჯგუფი მაინც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებია, რადგან აქ ბავშვები ნიღბის გარეშე არიან, დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, შესაბამისად, დახურულ სივრცეში დიდ დროს ატარებენ ბავშვები, ძიძები და აღმზრდელი. ჯერჯერობით პატარა ასაკში ნიღბის ტარების რეკომენდანცია არ გვაქვს. სკოლები ძირითადად ჰიბრიდულ რეჟიმზე გვყავს”,_ ამბობს სიმონიშვილი.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი მომატებული იმუნიზაციის შესახებაც საუბრობს.
“იმუნიზაციამ მოიმატა განსაკუთრებით საპენსიო ასაკში და იმედი გვაქვს რომ კიდევ უფრო გაძლიერდება ტემპი. როგორც ჩანს წახალისებამ იმოქმედა და ადამიანები მიხვდნენ იმასაც, რომ ვაქციანაცია არის ამ შემთხვევაში ერთადერთი თავდაცვის საშუალება რეგულაციების წესების დაცვასთან ერთად”,_ გვითხრა მან.
ეპიდვითარება გაუმჯობესებისჯენ ჯერჯერობით არც ლანჩხუთში მიდის. ინფიცირებულებს შორის ჩვეულებრივი მოსახლეობის გარდა არიან სკოლის მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც. გასულ 24 საათში ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
“ლანჩხუთში ვითარება არ უმჯობესდება. ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია სკოლის მოსწავლეებში, პედაგოგებში, მოსახლეობაში. 2 სკოლა გადავიყვანეთ მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე. ესენია ლანჩხუთის 1-ლი საჯარო სკოლა და სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლა. დისტანციურ სწავლებაზეა გადაყვანილი ერთი საბავშვო ბაღიც. ინფიცირების შემთხვევები არის ყველგან როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე სოფლებში”,_ ამბობს ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია კორონავირუსის 4885 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4300 პაციენტი, გარდაცვლილია 60.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, კლინიკაში მკურნალობს დაახლოებით 32 ადამიანი. მათ შორის რამდენიმე საყურადღებო პაციენტია.
ოზურგეთის მსგავსად იმუნიზაციამ ასაკოვან ადამიანებში ლანჩხუთშიც მოიმატა.
“იმუნიზაციამ საგრძნობლად მოიმატა. ადამიანების ნაწილს შეიძლება შეგნება მოემატა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ 200 ლარიანმა დანამატმაც იმოქმედა”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
ჩოხატაურში გასულ 24 საათში ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 32 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის ინფორმაციითვე, ეპიდვითარების კუთხით საყურადღებოა ერკეთის და საჭამიასერის მიმართულებები.
“ერკეთის მიმართულებაზე არის მატება, საჭამიასერის მიმართულება ისევ რჩება აქტუალურად. არის ასევე სოფლები, სადაც ერთეული შემთხვევები სურების მიმართულებით, შუა ამაღლების მიმართულებით და ა.შ. სწავლა შევაჩერეთ 1-ელ საჯარო სკოლაში და ერკეთის საჯარო სკოლა გადავიყვანეთ სრულად ონლაინსწავლაზე”,_ ამბობს ჯიბუტი.
სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 3976 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3626 პაციენტი, გარდაცვლილია 47.
ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 303 შემთხვევა. ინფიცირებულებიდან ჩოხატაურის კოვიდკლინიკაში წევს 39 ადამიანი. ჯიბუტის თქმით, რაიონს გარეთ ინფიცირებული პაციენტების გადაყვანა ხდება ყოველდღე.
ოზურგეთისა და ლანჩხუთის მსგავსად იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებელი ჩოხატაურშიც გაზრდილია.
“60 წელზე მეტი ასაკის მქონე მოსახლეობაში გაიზარდა იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებელი. საჩუქარი პენსიონერებისთვის არის 200 ლარი რამაც განაპირობა მომატება”,_ ამბობს ჯიბუტი.