ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის სკოლას გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და მწერალი ეკატერინე ტოგონიძე სტუმრობდნენ.
შეხვედრას დაბაში მცხოვრები ქალები და ბავშვები დაესწრნენ. ეკატერინე ტოგონიძემ კი მათ კრებულიდან „იყო ერთი გოგო“ ზღაპრები წაუკითხა, შემდეგ კი საჩუქრად წიგნებიც გადასცა. „იყო ერთი გოგო“ 12 პოპულარული ქართველი ავტორის 21 ზღაპარს აერთიანებს. ეს არის ამბები ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ინიციატივა განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში”
ეკატერინე ტოგონიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ზღაპრების კრებული _ “იყო ერთი გოგო” მისთვის ძალიან განსხვავებული და მნიშვნელოვანი წიგნია.
ეკატერინე ტოგონიძე: “მთელი გულით მჯერა ამ პროექტის იდეის – ქალები, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა და კულტურაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, ბავშვებისთვის უფრო ახლობელი, ხელშესახები გაგვეხადა: რეალურ ბიოგრაფიულ ფაქტებზე დაფუძნებული ზღაპრები ამ დიდებული და ზოგჯერ მივიწყებული ქალების გაცნობის, შეყვარების წინაპირობა ყოფილიყო. რამდენად შევასრულეთ ეს მისია, მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების გადასაწყვეტია, ამიტომ მათთან შეხვედრას და მათი შთაბეჭდილებების მოსმენას განსაკუთრებულად ველოდი. განხილვა ადრეც არაერთხელ ყოფილა, თუმცა ყოველი შეხვედრა ერთმანეთისგან განსხვავებულია და ყოველ ჯერზე თავიდან აცოცხლებს წიგნს. ლაითურში მცხოვრებმა ბავშვებმაც ახალი ემოციით აგვავსეს.
14-17 წლის მოზარდები მალევე დაინტერესდნენ წიგნში მოთხრობილი ამბებით, მიხვდნენ, რომ ეს დიდების ზღაპრებია და მოეწონათ, რომ ამ ზღაპრების გმირები ნამდვილი ადამიანები, ძლიერი და სამაგალითო ქალები არიან. ყურადღება პირველ ეროვნულ გმირ ქალზე, მარო მაყაშვილზე შევაჩერეთ, ერთად წავიკითხეთ ზღაპარი, ერთად ვიმსჯელეთ, განვიხილეთ ეპიზოდები. ბავშვებმა გაგვაოცეს თავიანთი გონიერებით და შეფასებებით. ბევრი იფიქრეს თითქმის თავიანთ თანატოლ მაროზე, წარმოისახეს, საინტერესოდ დაახასიათეს, დააფასეს მისი სიმტკიცე, სამშობლოს გულწრფელი სიყვარული და თავდადება. რაც მთავარია, მაროს მიმართ იგრძნეს მადლიერება. და ეს კრებულიც ხომ სწორედ ამისთვის შეიქმნა.“ – გვითხრა ეკატერინე ტოგონიძემ.
[sexy_author_bio]