ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და “ქართული ოცნების“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ საკრებულოს დარბაზში დაცვის პოლიცია და გურიის პოლიციის სამმართველოს მაღალჩინოსნები გამოჩდნენ.
საბოლოოდ, პოლიციელებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძე დააკავეს. მანამდე მჟავანაძესა დაა გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს შორის შელაპარაკებას ქონდა ადგილი.
“გურია ნიუსმა“ ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის შეფასება “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის ოფისის ხელმმძღვანელს თამაზ ტრაპაიძეს სთხოვა.
_ ბატონო თამაზ, იყო თუ არა დაცული კანონის მოთხოვნები საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე?
_ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზი ვერ პასუხობს კანონის მოთხოვნებს. არ იყო და იმ დარბაზში ვერც იქნებოდა დაცული კოვიდ რეგულაციები. ამასთან არ იყო უზრუნველყოფილი დასწრების მსურველ პირთათვის საკმარისი რაოდენობის ადგილები. ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა, სხდომა ჩატარებულიყო სხვა დარბაზში.
რაც შეეხება საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომიდან გაძევებას: მხოლოდ სხდომის თავმჯდომარე იყო უფლებამოსილი, რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით გაეძევებინა სხდომიდან საკრებულოს წევრი. მე ვესწრებოდი სხდომას, საკმაოდ შორს ვიჯექი მოვლენათა ეპიცენტრიდან და დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ არ შემინიშნავს, რომ სხდომის თავმჯდომარემ მოითხოვა დეპუტატის გაძევება. რაც დანამდვილებით ვიცი, გაძევებას ითხოვდნენ ცალკეული დეპუტატები და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი, მათი მოთხოვნა კი კანონით ვერ გახდებოდა დაცვის თანამშრომელთა, მითუმეტეს, პოლიციის მიერ საკრებულოს წევრის, საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გაძევების საფუძველი.
აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ იარაღით, რაც, ასევე, კანონდარღვევაა. რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა.
_ ჰქონდათ თუ არაა უფლება გურიის პოლიციის სამმართველოს მაღალჩინოსნებს გამოცხადებულიყვნენ დეპუტატების დაპირისპირების დროს საკრებულოს დარბაზში?
_ თავიდანვე უცნაურად მომეჩვენა მერიის შენობის ახლოს ძალოვანი უწყებების მანქანათა და პოლიციის თანამშრომელთა სიმრავლე. შესაბამისად, არ გამკვირვებია, როცა ინციდენტის დაწყებიდან ასე ძალიან სწრაფად რომ შემოვიდნენ სხდომათა დარბაზში. თავად ფაქტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სანქციის სახით, მაქსიმუმ, საკრებულოს წევრის დარბაზიდან გაძევების გამოყენება შეიძლებოდა. რის შემდეგაც იგივე დეპუტატს იმავე სხდომაზე დასწრების უფლება არ აქვს. სადავოა, რამდენად წარმოადგენდა სხდომათა დარბაზში განვითარებული მოვლენები პოლიციის გამოძახების საჭიროებას, როცა დაცვის თანამშრომელთა რესურსი ამოწურული არ ყოფილა.
[sexy_author_bio]