მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი, რომლის მთავარ ფუნქციებსაც „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კოორდინაცია, შშმ პირთა უფლებების სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და კოორდინაცია, შშმ პირთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
აღნიშნულს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები გამოეხმაურენ. საერთო განცხადებაში აღნიშნეს, რომ პროცესი დაგვიანებულია და მთავრობა შვიდწლიანი დაგვიანებით იწყებს ნაკისრი ვალდებულები აღსრულებას:
„მოცემული მექანიზმის შექმნის პროცესი წლების მანძილზე არათანამიმდევრულად მიმდინარეობდა. ამგვარი პლატფორმის შექმნის ვალდებულება საქართველოს ჯერ კიდევ 2014 წელს – ქვეყანაში კონვენციის ამოქმედებისას წარმოეშვა. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონმა მისი ამოქმედების ბოლო ვადად 2021 წლის 1 იანვარი მიუთითა, რომელიც ასევე დაირღვა. საბოლოო ჯამში, შშმ თემისა და ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, მთავრობამ ვალდებულება შვიდწლიანი დაგვიანებით შეასრულა“.
მექანიზმის შემუშავების პროცესის ბოლო თვეებში შშმ პირებსა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ერთ შეხვედრაში და მთავრობის ადმინისტრაციისთვის წარედგინათ მათი რეკომენდაციები და მოსაზრებები. თუმცა, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ:
„უწყებათაშორისი პლატფორმის დებულების დამტკიცება იმგვარად მოხდა, რომ შშმ პირებსა და ორგანიზაციებს არ მიუღიათ მათი წინადადებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ უკუკავშირი. ამასთან, არსებობდა მოლოდინი, რომ აღნიშნული უკუკავშირის მიწოდება და უწყებათაშორისი კომიტეტის დებულების საბოლოო ვერსიის განხილვა ინკლუზიური სამუშაო შეხვედრის/შეხვედრების საგანი იქნებოდა, თუმცა პროცესი ამგვარად არ წარიმართა – შშმ თემმა და ორგანიზაციებმა მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დებულების დამტკიცებიდან მხოლოდ მეორე დღეს მიიღეს ამის შესახებ ინფორმაცია“
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ მთელ რიგ იმ პრობლემებს, რომლებიც მწვავედ დგას შშმ პირთა წინე და წლებია გადაუჭრელია. პრობლემათა შორისა დასახელებულია შშმ პირთა შეფასებისა და მათ მიმართ პოლიტიკის განხორციელების სამედიცინო მოდელიდან სოციალურ პარადიგმაზე გადასვლის წლების მანძილზე შეფერხებული პროცესი, შშმ პირთა სუსტი სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები, მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების – სტატისტიკის სტანდარტის არქონა, ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის პრაქტიკა, ქმედუნარიანობის ჩავარდნილი რეფორმა და სხვა.
ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ:
უწყებათაშორისი კომიტეტი უზრუნველყოს ადეკვატური ფინანსური, ადამიანური და ექსპერტული რესურსებით, რაც მისი ფუნქციების დაუბრკოლებლად და ეფექტიანად განხორციელებისთვის არის აუცილებელი;
შეიმუშავოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ეფექტიანი და რეალური ჩართულობის მექანიზმი, ასევე, ნათლად გაწეროს საკონსულტაციო საბჭოს ფუნქციები;
თემატური ჯგუფების ფუნქციონირების წესის განსაზღვრისას უპირობოდ გაითვალისწინოს ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის მექანიზმები;
შეიმუშავოს შშმ თემისა და ორგანიზაციების ჩართულობის ერთგვაროვანი სტანდარტი, რომელიც კონვენციასთან იქნება შესაბამისობაში და რომელსაც შემდგომში უწყებათაშორისი პლატფორმა და სახელმწიფო უწყებები საქმიანობის პროცესში გამოიყენებენ.
ხელმომწერი ორგანიზაციები და აქტივისტები:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR, ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ – FAD, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, საქართველოს ყრუთა კავშირი, ასოციაცია ანიკა, ააიპ ბავშვი ოჯახი საზოგადოება, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია, კობა ნადირაძე, გია ჯვარშეიშვილი, დავით ყვირილიანი.
[sexy_author_bio]