„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რომლის, ამავე კანონით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე გამრავლებით, კონკრეტული თანამდებობის/ პოზიციის თანამდებობრივი სარგო მიიღება. აღსანიშნავია, რომ საბაზო თანამდებობრივი სარგო 2017 წელს 1000 ლარის ოდენობით განისაზღვრა და მას შემდეგ არ შეცვლილა. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე წარდგენის მიხედვით, საჯარო მოხელეთა საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1000 ლარის ნაცვლად 1 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
2022 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტის პირველი წარდგენის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის 1,653,356,800 ლარი იყო გათვალისწინებული, მომუშავეთა რიცხოვნობა კი 112,712 ადამიანს შეადგენდა. ბიუჯეტის პროექტის მესამე წარდგენაში შრომის ანაზღაურებისთვის უკვე 1,834,414,000 ლარი იყო გათვალისწინებული, რაც ზემოთ დასახელებული ცვლილებით არის განპირობებული, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დასაქმებულთა რაოდენობა ახალ ვარიანტში უკვე 40-ით არის გაზრდილი და 112,752 ადამიანს შეადგენს.
როგორც აღინიშნა, საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით იზრდება. ჩვენ შევეცდებით, ინფლაციის გათვალისწინებით გავაანალიზოთ, რეალურად – 2022 წელს დაანონსებული ხელფასების ზრდა, რას ნიშნავს.
დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად, ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე ერთი ლარით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე. შემოსავალი/ხელფასი და მსგავსი სიდიდეები ორ ჯგუფად იყოფა – ნომინალურად და რეალურად. ნომინალური ხელფასი არის ფულში გამოხატული, რეალურ ხელფასში კი ინფლაციის გავლენა უკვე ასახულია და კონკრეტული დროისთვის მის მსყიდველუნარიანობას ასახავს.
იმისთვის რომ გავაანალიზოთ, 2022 წლისთვის საჯარო სექტორში ხელფასების 10%-ით ზრდა, რეალურ ზრდას ნიშნავს, თუ – არა, პირველ რიგში, საანგარიშო პერიოდში ინფლაციის ოდენობა უნდა განვსაზღვროთ. საბაზისო ხელფასი, 1000 ლარი 2017 წელს გახდა. საშუალოწლიური ინფლაციის გათვალისწინებით, 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით, რეალური საბაზისო ხელფასი 19%-ით შემცირდა და 2017 წლის ფასებში, 810 ლარი შეადგინა. ეს ნიშნავს რომ 2021 წელს, ნომინალური ხელფასის 10%-ით ზრდის მიუხედავად, რეალურად, 2017 წელთან შედარებით, საჯარო მოხელეებს ხელფასი შეუმცირდებათ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმაზე ნაკლები საქონლის და მომსახურების შეძენას შეძლებენ, რასაც 2017 წელს ახერხებდნენ.
გრაფიკი 1: ნომინალური და რეალური (საშუალოწლიური ინფლაციის გათვალისწინებით, 2017=100) ხელფასები 2017-2021 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წლისთვის წლიური ინფლაცია 13% იქნება, თუ დავუშვებთ, რომ ასე მოხდა, მაშინ 2021 წლის დასაწყისთან შედარებითაც კი, 2022 წელს უკვე გაზრდილი 1100 ლარიანი ნომინალური ხელფასი, რეალურად 973 ლარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლის დასაწყისში, საჯარო მოხელე 1000 ლარით რეალურად უფრო მეტ პროდუქტს შეიძენდა, ვიდრე 2022 წელს 1100 ლარით იქნება შესაძლებელი.
აქედან გამომდინარე, 2022 წელს საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იანი ზრდა ნომინალში კი გაზრდის ხელფასს და 1000 ლარის ნაცვლად საბაზო ხელფასი 1100 ლარი გახდება, მაგრამ წლიური ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ხელფასი 2.6%-ით შემცირდება, უფრო მარტივად, 2022 წელს საჯარო მოხელის გაზრდილ საბაზო ხელფასს, 2021 წელთან შედარებით, 2.6%-ით ნაკლები მსყიდველუნარიანობა ექნება, რომ არაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე რომ საჯარო მოხელეების ხელფასები, საშუალოწლიური ინფლაციის გათვალისწინებით, 2017 წელთან შედარებითაც კი შემცირებულია.
წყარო: factcheck.ge