გურიაში უხვი თოვლის მოსვლის შედეგად გამოწვეულ ზიანს ამ დრომდე ებრძვიან. ჯერ კიდევ სრულად არ არის აღდგენილი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
როგორც “ენერგო-პრო-ჯორჯიის” პიარსამსახურში, ბექა რომანაძე ამბობს, ელექტროენერგია სრულად აღდგენილი მხოლოდ ჩოხატაურში არ არის.
“სრულად ჩაირთო ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები. თუ სადმე დარჩენა ოჯახი, ვისაც რაღაც დაზიანების გამო დენი არ მიეწოდება, დაგვირეკონ და სწრაფი რეაგირება იქნება. გავლენ ტექნიკური სამსახურები ადგილზე.
ჩოხატაურში კოხნარის ადმინისტრაციული ერთეულის უმეტესი ნაწილი ჩაირთო, ნაწილიც მალე ჩაირთვება. სამუშაოები გრძელდება ბახმაროს, ნაბეღლავის, ზოტისა და სურების ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით. ვცდილობთ, დღის ბოლომდე მოვახერხოთ ჩართვა”,_ ამბობს რომანაძე.
ინფორმაციისთვის, თოვლმა მთავარი ძაბვის გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც მოსახლეობას რამდენიმე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება.