ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ფონზე დაწყებული კონფლიქტისგან და შემდგომი “დიდი შერიგებიდან” ერთი წელი გავიდა.
დღეს მოსახლეობა ამბობს, რომ ძველი კონფლიქტი დავიწყებულია, ვითარება კი დასტაბილურდა, მაგრამ დღეს, იმ მძიმე დღეების გახსენება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ურთიერთობების დალაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველასთვის.
ადგილობრივი მცხოვრები თეონა ქათამაძე ამბობს, რომ სოფელში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები თვალშისაცემია, მდგომარეობა დასტაბილურებულია, დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ერთმანეთთან ურთიერთობისგან თავს იკავებს.
“ამ ეტაპისთვის, ზუსტად 1 წლის თავზე, შემიძლია გითხრათ, რომ ნაბიჯი უფრო პოზიტიურობისკენ არის გადადგმული მოსახლეობაში. დაძაბულობა მეტნაკლებად შეინიშნება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ზოგი იკავებს თავს ურთიერთობისგან, თუმცა, მთავარია, რომ დაპირისპირება არ ხდება. სოფლის გასავითარებლად ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა. ბევრი ხვდება, რომ უკან უნდა გადავდოთ უკმაყოფილებები, რაც ისევ და ისევ დამღუპველი იქნება ნებისმიერი ჩვენგანისთვის. დღესდღეისობით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები ძალიან თვალშისაცემია. ეს ყველას გვიხარია, ვისაც მშვიდობა და ჩვენი სოფლის და ადამიანური ურთიერთობისთვის ნორმალური განვითარება უნდა”, _ ამბობს თეონა ქათამაძე.
ჩვენ ვესაუბრეთ ბუკნარის საჯარო სკოლის მასწავლებელს მარიკა ხელაძეს. როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, სოფელში ვითარება ისევ ისეა, როგორც შარშან მოვლენების განვითარებამდე იყო.
“თითქმის ისეა ყველაფერი, როგორც ამ მოვლენებამდე იყო. ერთი ინციდენტიც კი არ ყოფილა და არც იქნებოდა, რომ არ ჩარეულიყვნენ გარეშე ძალები. ჩვეულებრივად, ნორმალურად ვაგრძელებთ ცხოვრებას”, _ ამბობს მარიკა ხელაძე.
მსგავს აზრს აფიქსირებს ჩვენთან საუბრისას მერის წარმომადგენელი პაატა ჩხაიძეც:
“მდგომარეობა დასტაბილურდა და ურთიერთობის დალაგებისკენ მიდის ყველაფერი. რაც მოხდა, დავიწყებულია”, _ ამბობს ჩხაიძე.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მცხოვრებლებს შორის ურთიერთობა 2020 წლის დეკემბერში დაიძაბა, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუსლიმი თემი სოფელში მეჩეთის აშენებას გეგმავდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმმა თემმა ეს ფაქტი უარყო და ადგილობრივ მართლმადიდებელ მოსახლეობას განუმარტა, რომ მხოლოდ პარასკევის ლოცვის კოლექტიური შესრულება სურდათ, ამ აღიარებამ და დაპირებამ მეზობლებს შორის დაძაბულობა ვერ გადაჭრა.
რელიგიის ნიადაგზე მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის წევრებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის რამდენიმე ფაქტს. კერძოდ, თემის წევრები აღნიშნავენ, რომ იანვარში, პარასკევს, ლოცვის მიზნით სალოცავ სახლში მისულ მუსლიმებს გზად ერთ-ერთი მართლმადიდებელი ქალი დახვდათ, რომელმაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ქალი ყვიროდა, რომ მისი თემი არ დაუშვებდა ბუკნარში მეჩეთის მშენებლობას და მუსლიმი მეზობლების მიმართულებით ქვებს ისროდა. ამ ინციდენტს შეესწრნენ სალოცავ სახლთან მობილიზებული პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ქალი ადგილიდან გაიყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცათ მუსლიმებს ლოცვის შესაძლებლობა.
ამ ინციდენტის შემდეგ, ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა სოფელში 2021 წლის 10 იანვარს მოხდა. მუსლიმი რესპონდენტების განმარტებით, მათმა ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა მეზობელმა მუსლიმების სახლებში დაიწყო ჩამოვლა და შეურაცხმყოფელი ენით მათთან იმის გარჩევა, რომ მეჩეთის გახსნა ქრისტიანულ სოფელში შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ მსგავსი შემთხვევის დროს, ერთ-ერთმა მუსლიმმა თავისი მეზობლის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ხელის ქნევით საუბარს, ფიზიკური პასუხი გასცა. მომხდარ ინციდენტს სხვაგვარად აღწერენ ჩვენს მიერ გამოკითხული მართლმადიდებლები. მათი განმარტებით, სოფელში, ქუჩაში მყოფმა ერთ-ერთმა მუსლიმმა უკმაყოფილება გამოხატა, რომ მეზობელი მართლმადიდებელი მას არ მიესალმა და ფიზიკურად გაუსწორდა მას.
2021 წლის 10 იანვარს მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის, რომელმაც იმავე დღეს დაიწყო გამოძიება და დაპირისპირებული პირები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხა. დაზიანებებთან დაკავშირებით დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც. პოლიციის თანამშრომლებმა დაპირისპირებული პირები გააფრთხილეს, თავი შეეკავებინათ კონფლიქტისგან და შერიგებისკენ მოუწოდეს. თუმცა ვითარება მალევე, 12 იანვარს, კვლავ დაიძაბა და მან კიდევ უფრო მძიმე ძალადობის ფორმა მიიღო.
12 იანვარს მომხდარ შემთხვევას, რომელიც კონფლიქტის დინამიკაში კულმინაციური ფაზა იყო, განსხვავებულად აღწერდნენ მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის წევრები. მუსლიმების განმარტებით, 12 იანვარს მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის ორ წევრს შორის კვლავ სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რის გამოც მუსლიმი თემის წარმომადგენლის ოჯახის წევრები და ახლობლები ვითარების გასარკვევად სოფლის ცენტრში შეკრებილ მართლმადიდებელ მეზობლებთან მივიდნენ. მისვლისთანავე, ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირების დროს მართლმადიდებელმა გ.ს.-მ თავის არეში ქვა ჩაარტყა ორ მუსლიმს, მათ შორის, ადგილზე მყოფ არასრულწლოვანს. ორივე პირმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო და მათი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
მართლმადიდებლების თქმით, 12 იანვარს, მუსლიმი თემის ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან, ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ ქმედებას, რის შემდეგაც ადგილზე სხვა მუსლიმებიც მივიდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იქ მყოფ მართლმადიდებელს. დაპირისპირებული ჯგუფის გაშველების დროს ერთ-ერთი მუსლიმი ფიზიკურად შეეხო ადგილზე მყოფ მართლმადიდებელ ქალს, რამაც გ.ს.-ს გაღიზიანება გამოიწვია. მან ქვა აიღო და უმისამართოდ რამდენჯერმე მოიქნია, რასაც ორი ახალგაზრდის დაზიანება მოჰყვა.
სოფლის მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობაც აღნიშნავს, რომ მომხდარი ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის ერთი ეკიპაჟი. პოლიციელები ასევე შეეცადნენ დაპირისპირებული მხარეების გაშველებას და, როგორც თავად ფიქრობენ, დროულად შეძლეს სიტუაციის განმუხტვა. მომხდარის ირგვლივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დაკავებულია გ.ს., რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ ბუკნარში სიტუაცია 13 იანვარსაც დაიძაბა, როდესაც ადგილობრივი მუსლიმი თემის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, იქ სხვადასხვა რეგიონიდან (ძირითადად აჭარიდან) ქართველი მუსლიმები ჩავიდნენ. პოლიციის თანამშრომლები მათ სოფელში შესვლისა და სოფლის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა ახალგაზრდების ჯგუფებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და სოფელში შევიდნენ. ამ ინციდენტს რაიმე სახის ძალადობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, თემებს შორის, არ მოჰყოლია.
როგორც EMC წერს, მოსახლეობასთან საუბრის დროს ირკვევა, რომ კონფლიქტის მხარეების წუხილები და პოზიციები მათ შიშებსა და ღირსების დაცვაზეა აგებული. ქრისტიანი მოსახლეობა აცხადებს, რომ ქართულ მიწაზე მეჩეთების აშენებას არ დაუშვებს. მათი გადმოსახედიდან, ეს საქართველოს ისტორიის და ღირსების დაცვის მცდელობაა. ამასთანავე, ისინი ხაზგასმით საუბრობენ, რომ კონფლიქტის შემდეგ, 13 იანვარს, როცა სხვა მუსლიმები გამოჩნდნენ ადგილობრივი მუსლიმების მხარდასაჭერად, მათ განსაკუთრებული შიში განიცადეს.
მეორე მხრივ, ადგილობრივი მუსლიმები ამბობდნენ, რომ თავიანთი მეზობელი ქრისტიანების რეალური სახე დაინახეს, როცა მათ არასრულწლოვანი ბავშვი გაწირეს სასიკვდილოდ და ბავშვს და მასთან ერთად კიდევ ერთ ადამიანს ქვით გაუტეხეს თავი. მუსლიმი ქალები საკუთარი შვილების ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებაზე წუხილს ღიად გამოხატავნენ. ამასთან, მუსლიმი მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი დაიღალნენ საკუთარი ქართველობის მტკიცებით. ისინი არიან სრულფასოვანი ქართველები, საქართველოს მოქალაქეები და მათი რელიგიური კუთვნილება არ უნდა გახდეს მიზეზი საიმისოდ, რომ ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს მათი ქართველობა. თემის თქმით, ლოცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ამის ხელშეშლა დაუშვებელია.
მუსლიმი რესპონდენტების განმარტებით, სოფელ ბუკნარში მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შორის დეკემბერსა და იანვარში მომხდარ კონფლიქტურ ინციდენტებზე აქტიურად რეაგირებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. კერძოდ, 2021 წლის 10 და 12 იანვარს მომხდარი ფიზიკური ძალადობის ორივე შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება და ერთ შემთხვევაში სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირიც დააკავეს.
პოლიციის თანამშრომლების მხრიდან პროაქტიული რეაგირების მიღმა, თემის წევრები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ცნობილი გახდა შესაძლო კონფლიქტის შესახებ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქტიურად დაიწყეს სოფელში პატრულირება. პოლიციის ერთი ან ორი ეკიპაჟი დღეში რამდენჯერმე გადაადგილდებოდა სოფლის ტერიტორიაზე, ხოლო მუსლიმი თემის წევრები აღნიშნავენ, რომ პარასკეობით საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი სოფლის ცენტრში იდგა, ხოლო მეორე უშუალოდ სალოცავი სახლის მიმდებარედ.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, 2021 წლის 12 იანვარს მომხდარი ინციდენტის დროს სოფლის ცენტრში აგრეთვე იმყოფებოდა პოლიციის ერთი ეკიპაჟი, ხოლო კონფლიქტის გამწვავებასთან ერთად, ადგილზე დაახლოებით 10-15 პოლიციელი მოგროვდა. ადგილობრივ მცხოვრებთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილება ვერ მოახერხეს, მალევე შეძლეს დაპირისპირებული მხარეების განცალკევება და ვითარების განმუხტვა.
პოლიციის თანამშრომლების განსაკუთრებული მობილიზება შეიმჩნეოდა 15 იანვარს, როდესაც სოფელ ბუკნარში მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით შედგა შეხვედრა მართლმადიდებელი და მუსლიმი თემის წევრებს შორის. შეხვედრის დაწყებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა ორი ცოცხალი კორდონით გადაკეტეს სოფლის ცენტრისკენ მისასვლელი გზა (სადაც შეხვედრა იმართებოდა), მუსლიმი და ქრისტიანი თემები დააშორიშორეს და მხოლოდ კონკრეტულ პირებს და მედია საშუალებებს მიეცათ შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა.
[sexy_author_bio]