ცოტა ხნის წინ გერმანიიდან ახლობელი ჩამომივიდა და ამჟამინდელი ქართული სინამდვილით შეძრწუნებული დარჩა. „გერმანიაში, ქუჩაში ასი ადამიანი რომ გააჩერო, თავისი ქვეყნის რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსის გვარს ვერ გეტყვისო“, – მითხრა ჩემმა მეგობარმა და ალბათ, მართალიც ბრძანდება. გადახედეთ თვალი დღევანდელ ჩვენს ყოველდღიურ ყოფას – სერიალები და ერთი და იგივე პიროვნებების გაუთავებელი პოლიტიკური დებატები.
დღეს მორიგ „პოლიტიკურ გამოშვებას“ შემოგთავაზებთ და პირველი სტუმარი ყოფილი პარლამენტარი კობა ამირხანაშვილი იქნება, რომელიც რამდენიმე „პოლიტიკურ ინციდენტს“ მოგვიყვება.
„მახსოვს, საპარლამენტო დელეგაცია, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ რჩეულიშვილი გახლდათ, საბერძნეთში იყო წასული. მას ზოგიერთი ჩემი კოლეგა ახლდა, მე კი ორი დღის მერე წავყევი ზურაბ ჟვანიას საბერძნეთში. მაღალი დონის შეხვედრები იყო დანიშნული. იქ, რა თქმა უნდა, პარლამენტარებსაც შევხვდი.
პაპანაქება სიცხე იყო, ისეთი, რომ ხალხი სულს ძლივს ითქვამდა. იქვე ახლოს იყო „ბასეინი“ და მასში ვგრილდებოდით ხოლმე. მე თადარიგი დავიჭირე და 5-დოლარიანი საცურაო კოსტიუმი ვიყიდე. რჩეულიშვილი, ეგრეთ წოდებული ტუი, მეკითხება, სად იყიდე ეგ საცურაო კოსტიუმიო. მეც მივასწავლე ისეთი ადგილი, სადაც ყველაზე ძვირიანი საქონელი იყიდებოდა და ზუსტად ჩემნაირ საცურაო კოსტიუმში 200 დოლარი გადაიხადა. მოგვიანებით, როცა გაიგო, რომ მე მხოლოდ 5 დოლარი მქონდა გადახდილი იმავე კოსტიუმში, ძალიან გაცხარდა. მას მერე მისი ყბიდან ვერ ამოვედი, სულ მაძახებდა, როგორ ტყუილად გადამაყრევინე ფულიო.
ახლა ერთ ისტორიას გიგი წერეთელზე მოგიყვებით. მეხიკოში ვიყავით მივლინებით მე, გიგი და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი. მანქანაში გველოდება მასპინძელი, რომელსაც უნდა ავეყვანეთ აცტეკების პირამიდაზე. მანამდე კი დავდივართ მაღაზიებში მე და გიგი და ხათუნა გოგორიშვილისთვის ვარჩევთ საჩუქარს. მე ვუთხარი გიგის: აბა, დაფიქრდი, ხათუნა გასათხოვარი ქალია და ისეთი რამ უყიდე, რომ, თან ესიამოვნოს და თან გამოადგესო. დავდივართ და ვარჩევთ ვულკანური ქანებისგან წარმონაქმნ ნივთებს. მიხვდით, ალბათ, რასაც ვგულისხმო.
ბევრი ვიხალისეთ. მერე გიგის მოეხათრა და დიდი, გაშლილი საინი უყიდა ხათუნას. წამოვედით დაღლილები. ავედით აცტეკების პირამიდაზე, სადაც გიგის მადა აღეძრა, ანუ, მოშივდა. დავინახეთ დიდი კაქტუსის ხეები, რომელსაც, თურმე, გემრიელი ნაყოფი აქვს, მინდოდა მისი მოწყვეტა, მაგრამ ამიკრძალეს, ხელებს დაგისუსხავს, ისეთი წიწვოვანიაო. მე გავითვალისწინე რჩევა, მაგრამ გიგის არ გაუგონია. მოგვიახლოვდა ცოტა ხანში გიგი, და, კაქტუსები, რომ დაინახა გაუფართოვდა თვალები – რა კარგი რამეაო. დავუშალე, ხელი არ ახლო, მაგრად დაგსუსხავს-მეთქი. გიგიმ იფიქრა, რომ არ მემეტებოდა კაქტუსის ნაყოფი. უცებ ახტა და მოგლიჯა ის ხიდან. ერთი კი დაიღრიალა – ვაიმე დედაო – და ერთი კვირა სულ ასე კვნესოდა. შეერჭო მისი „წიწვები“, როგორც ნემსები. ხელი საშინლად დაუსივდა. პანიკაში ჩავარდა გიგი, ეგონა, სიმსივნე გამომივიდა და ვკვდებიო. ისეთ დღეში იყო საწყალი, ჭამა კი არა, თავიც აღარ გვახსოვდა. ცხადია, ახლა ვხუმრობ, თორემ, მაშინ აუტანელ დღეში ვიყავით.
სულ იარაღით დავდიოდი. მიყვარდა ტარება და რა მექნა! იმ პერიოდში სომხეთში ცუდი ინციდენტი მოხდა: პარლამენტის შენობაში იარაღიანი ხალხი შეცვივდა, პარლამენტის თავმჯდომარე, დემირჭიანი მოკლეს. მას მერე აქაც შეეშინდათ და აკრძალეს პარლამენტში იარაღის შეტანა. ერთ დღესაც, პარლამენტის დაცვა შეეცადა, ჩემთვის იარაღის ჩამორთმევას. რა თქმა უნდა, არ დავემორჩილე. ატყდა ერთი ამბავი, ამირხანაშვილი არ გვაბარებს იარაღსო. მეც ავუხსენი, რომ ჩამორთმევამდე საჭირო იყო შემდეგი პირობების დაცვა, კერძოდ, სპეციალური სეიფის ყიდვა, სადაც შეინახავდნენ ჩემს იარაღს. წავიდნენ, იყიდეს სეიფი, მერე მოვითხოვე, ისეთი სეიფი უნდა ნახოთ, რომ ორი გასაღებით დაიკეტოს-მეთქი. წავიდნენ და ძლივს იშოვეს ორგასაღებიანი სეიფი. მე გზადაგზა მოთხოვნებს ვამკაცრებდი. მათ ვუბრძანე, რომ ეს სეიფი სპეციალურ ოთახში უნდა იყოს განთავსებული-მეთქი. მართლაც, იარაღის შესანახად გამოყვეს ცალკე ოთახი. ეს პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ ჯვარს არ ვაცვი სამთავრობო დაცვა. ბოლოს ყველა სტანდარტის დაცვით მოაგვარეს ეს ამბავი.
მე, როგორც პარლამენტის წევრს, ყველა შესასვლელიდან შემეძლო შესვლა. გვერდითა შესასვლელიდან იარაღის ჩაბარებას არ მთხოვდნენ. მეც, მეტი რა მინდოდა, ცენტრალური შესასვლელიდან არ შევდიოდი, რომ იარაღის ჩაბარება არ დამჭირვებოდა. მერე მთხოვეს, შენი ჭირიმე, აქედან იარეო. ერთ დღეს ჩავაბარე იარაღი და ამოისუნთქეს ამის გამო. გავიდა გარკვეული პერიოდი, ისე მოხდა, რომ ერთხელ კონფლიქტი მომივიდა და 20 კაცი მომცვივდა იქვე საჩხუბრად, მე კი ერთი ვიყავი. რომ მომიახლოვდნენ, დავაძრე ჩემი იარაღი – აბა ვინმე მომეკაროს-მეთქი, დავაშინე ის ხალხი. ატყდა ერთი ამბავი, როგორ შევიდა კობა პარლამენტში იარაღითო. არადა, ნახეს, რომ იარაღი ჩაბარებული მაქვს. მერე დავცინე მათ თქვე მართლა გოიმებო, როგორ ვერ მიხვდით, რომ ერთს ვაბარებდი და მეორე იარაღით შემოვდიოდი-მეთქი. ასეთი ოინები მოვაწყვე პარლამენტში“.
ბატონი კობას შემდეგ სიტყვა ზვიად ძიძიგურს გადავცეთ.
„1991 წელს ჩეხური ბოტასები და ჯინსი იყო მოდაში. ყველა დეპუტატი სხდომებზე ასე ჩაცმული დადიოდა. მხოლოდ ზვიად გამსახურდია, როგორც ნამდვილი ინტელიგენტი, პარლამენტში კოსტიუმით მოდიოდა. ერთ დღესაც სხდომაზე მნიშვნელოვან საკითხს ვიხილავთ. უცებ გვესმის გამსახურდიას აღშფოთებული ხმა: – რა ხდება, აქ პარლამენტია, საკანონმდებლო ორგანო და თქვენ “ბოქსიორებივით” რატომ სხედხართო?! ბუნებრივია, შენიშვნა მეორე დღესვე გავითვალისწინეთ“.
დღვანდელ მოგონებებს ქალბატონი ელენე თევდორაძე დაასრულებს.
„თბილისში ასლან აბაშიძეს აჭარელ ლომს ეძახდნენ. ერთხელაც ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით გავემგზავრე. აეროპორტში გიდი დაგვხვდა, რომელმაც გამანდო, რომ უსურიული ვეფხვის საზოგადოების წევრი იყო – ეს სახეობა თანდათან ქრება და მის გადარჩენაზე ვზრუნავთო. იცით რა, დედამიწაზე რამდენიმე უსურიული ვეფხვი მაინც დადის, ჩვენ კი მთელ გალაქტიკაში ერთადერთი აჭარის ლომი გვყავს-მეთქი. გაგიჟდა, მსგავსი სახეობა არასოდეს გვსმენიაო. მეორე დღეს ისევ შევხვდი და ბედნიერი სახით მახარა, – გუშინ ჩვენს ორგანიზაციაში აჭარელი ლომის საკითხს დიდხანს ვიხილავდით და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ მის უფლებებს ყველანი ერთად დავიცავთო“.