18 თებერვალს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად (უმეტესად, ქალი პარლამენტარები ახლდნენ), ოზურგეთში იმყოფებოდა და პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, ძირითადად, იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წევრი თუ ფავორიტი ქალბატონები, რომლებიც, უმეტესად, დასაქმებული არიან სხვადასხვა თანამდებობაზე, არჩეული არიან საკრებულოებში თუ მუშაობენ მუნიციპალიტეტების მერიებში და აქვთ სოლიდური ხელფასები.
შეხვედრის შემდეგ, რომელიც ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში შედგა, „გურია ნიუსი“ ესაუბრა პარლამენტარ ნინო წილოსანს.
_ ქალბატონო ნინო, ქალთა ორგანიზაციის შექმნა, აშკარად ჩანს, პარტიული იდეოლოგიის ნიშნით ხდება. უფრო მეტიც, თქვენმა კოლეგებმა ღიად თქვეს, რომ ამ ნაბიჯით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოსაგებად ემზადებიან. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურად გადარჩენისთვის იბრძვით თუ ქალების დასახმარებლად, რომლებსაც რეგიონში, ზოგადად, საქართველოში, ძალიან უჭირთ?
_ ქალების გაძლიერების საკმაოდ ბევრი პლატფორმა არსებობს. მათ შორის, პარლამენტში არსებული გენდერული საბჭო, საკრებულოებში აღნიშნული საბჭოები. ახლა რაც იქმნება, ეს არის შიდა პარტიული სტრუქტურა, რომელიც მიზნად ისახავს პარტიის გაძლიერებას. ამასთანავე, უზრუნველყოფს პარტიის შიგნით დამატებით ახალი რგოლის გაჩენას, რომელიც პარტიის გაძლიერებას უზრუნველყოფს და ამავდროულად, დატვირთვა ექნება _ ეს არის ქალების მობილიზება, მათი კარგი ქსელის შექმნა, მათი გააქტიურება, მათთვის განათლების მიცემა. მთავარი საზრუნავი იქნება მათთვის სათანადო გარემოს შექმნა, კარგი განათლების, პროფესიული უნარების შეძენა და რაც მთავარია, უნდა იარსებოს შიდა პარტიულმა დემოკრატიამ. ქალთა ორგანიზაციას ექნება შიდა პარტიული დემოკრატია, რაც გულისხმობს იმას, რომ ქალები თავიანთი აქტივობით, თავიანთი დამსახურებების, რეიტინგის მიხედვით მიაღწევენ პარტიის შიგნით კარიერულ წინსვლას, რაც აუცილებელი არის მათი სამუშაოს შეფასებისთვის. ამიტომ ამ კუთხით ბევრი მუშაობა გვექნება გასატარებელი.
_ კარიერულ წინსვლაში რას გულისხმობთ. მხოლოდ საკრებულოს წევრი ერთი ქალი უნდა იყოს სამ და ოთხ ადგილზე დასაქმებული? დანარჩენმა ქალებმა რა ქნან, ვისაც არ სურს ამ ან სხვა პარტიის წევრობა?
_ ჩვენი პარტიის წევრები და არა მხოლოდ… ჩვენ იმ კვირიდან დავიწყებთ, გამოვაცხადებთ უფრო სწორად, ახალი ქალი წევრების მიღებას, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის წევრები, მაგრამ იზიარებდნენ „ ქართული ოცნების“ იდეოლოგიას და მიზნებს და სურდეთ, შეუერთდნენ „ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციას. (?)
_ თქვენი ორგანიზაცია თუ იზრუნებს იმაზე, რომ საკრებულოს წევრი ქალების შერჩევა მოხდეს იურისტის, სოციოლოგის, ეკონომისტის პროფესიით თუ სათანადო სამუშაო გამოცდილებით, და არა იმ ნიშნით, ვინ არის, ვთქვათ, პარლამენტარის საახლობლოს წევრი. უსმენთ ხომ, როგორ კივიან და წივიან სხდომებზე. მოგწონთ ეს? სწორედ ესაა პარტიული იდეოლოგიით შერჩევის შედეგი…
_ როგორც უკვე ვთქვი, ქალების რაოდენობრივი მონაწილეობა საკრებულოებში თუ პარლამენტში არ არის თვითმიზანი. თვითმიზანია ის, რომ საკრებულოებში, ყველა ჩვენს სტრუქტურაში იყოს ჩვენი წიაღიდან წამოსული ქალები, იყვნენ კვალიფიციურები და ჰქონდეთ სათანადო გამოცდილება და მხოლოდ თავიანთი დამსახურებით იყვნენ წარმოჩენილი.
_ ქალბატონო ნინო, რეგიონში ქალბატონებს, დედებს უმძიმეს ტვირთად აწევთ ფასების კატასტროფული ზრდა. განსაკუთრებით, საკვებ პროდუქტებზე. ამ კუთხით თუ გაატარებთ რაიმე ღონისძიებას და არა იდეოლოგიური „გამოკვებით“?
_ ამ ეტაპზე ეს არ არის შეხვედრასთან კავშირში. თუმცა, ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ… მადლობა!
_ სწორედ ეს უნდა იყოს, პირველ რიგში, შეხვედრასთან კავშირში… ქალბატონო ნინო, არ მეთანხმებით?
თუმცა, ნინო წილოსანმა ამ კითხვაზე მხოლოდ მადლობა გადაგვიხადა _ „ქვემოთ უნდა ჩავიდე, მეჩქარება“, _ გვითხრა და სასწრაფოდ გაგვეცალა.