COVID-19-ის პანდემია ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა.
2022 წლის იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, ამ ვერაგი ვირუსით 5,6 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამცირებს
_ დაინფიცირების;
_ ავადობის;
_ სიკვდილობის რისკს.
ვაქცინაცია პანდემიის შეჩერების ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
სწორედ ამიტომ დღევანდელ რეალობაში აუცრელობა სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია!
ვისთვისაა ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის,
ვინც COVID-19-ით ავადობისა და სიკვდილობის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება
ჯანმრთელობის, პროფესიული საქმიანობის, ასაკისა და სხვა ფაქტორების გამო.
საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის?
ზოგადად, ვაქცინაციისათვის წინასწარი მედიკამენტოზური მომზადება (მაგალითად,
წინასწარ ანტიჰისტამინური ან სხვა პრეპარატების მიღება) და არც სპეციალური
გამოკვლევების ჩატარება საჭირო არ არის. თუმცა, გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
უნდა აიცრას თუ არა ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც არ მიეკუთვნება რისკის ჯგუფს?
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თქვენ არ მიეკუთვნებით რისკ-ჯგუფს, დღევანდელ რეალობაში ადვილი შესაძლებელია დაინფიცირდეთ და ინფექცია გაავრცელოთ მაღალი რისკის მქონე ადამიანებში;
თქვენ შესაძლოა თქვენდა უნებურად გახდეთ სხვა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი;
ასევე, წინასწარ არავინ იცის, რა სიმძიმით განვითარდება დაავადება.
გახსოვდეთ ისიც, რომ მიუხედავად ომიკრონის შტამის შედარებით მსუბუქი კლინიკისა, გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში კვლავაც მაღალ ნიშნულზე დგას.
აცრით თქვენ იძენთ იმუნიტეტს ვირუსული ინფექციის მიმართ, ხოლო ბუსტერ დოზირებით ამცირებთ ახალი შტამით რეინფიცირების საფრთხეს.
უნდა ჩაიტარონ თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა?
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები “COVID-19”-ის მძიმე მიმდინარეობის რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამიტომ ვაქცინაცია პირველ რიგში რეკომენდებულია სწორედ ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის, რათა შესაძლო ინფიცირების შემთხვევაში დაავადება წარიმართოს მსუბუქი სიმპტომებით. თავიდან იქნეს აცილებული გართულებები და ლეტალური გამოსავალი.
შეიძლება თუ არა სხვა ვაქცინებთან ერთად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება?
სულ მცირე 14-დღიანი ინტერვალია საჭირო ამ ვაქცინისა და ნებისმიერი სხვა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის ორგანიზმში შეყვანას შორის. გამონაკლისს წარმოადგენს ანტირაბიული(ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინა, რომელიც სამედიცინო ჩვენებისას აუცილებლად უნდა გაიკეთოთ, ცოფის ვირუსით ინფიცირების დიდი რისკიდან გამომდინარე.
როდის არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება
მაშინ, როცა:
ადამიანს აქვს რომელიმე დაავადების კლინიკურად გამოხატული მწვავე სიმპტომატიკა ან ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ განუვითარდა ალერგიული რეაქცია;
დაბოლოს:
“ომიკრონი“ არ არის კორონა- ვირუსისაგან დამოუკიდებელი ახალი ვირუსი _ ის წამოადგენს “COVID-19” -ის მუტაციას, ახალ შტამს, ანუ “ომიკრონი“ კორონავირუსია!