დღეს, 25 თებერვალს, გამთენიისას, რუსულმა შენაერთებმა განაახლეს კიევის დაბომბვა. აფეთქებებს ხანძარი მოჰყვა. როგორც კიევის მერი კლიჩკო ამბობს, საცხოვრებელ სახლს რუსული საფრენი აპარატის ნამსხვრევი მოხვდა.
რუსული იერიში, პირველ რიგში, მიმართული იყო კიევის გარეუბანში მდებარე ავიაკონსტრუქტორი ანტონოვის აეროპორტისკენ, რომელიც ნახევრადსამხედრო, საკონსტრუქტორო აეროპორტია; დანარჩენი აეროპორტები მწყობრიდანაა გამოსული დაბომბვის შედეგად. ანტონოვის აეროპორტთან უკრაინის ძალებმა მტრის დაახლოებით ექვსი ვეტრმფრენი ჩამოაგდო. ვეტმფრენების ნაწილიდან რუსული დესანტი დაეშვა, რომელმაც კიევის მიმდებარე ტყეს შეაფარა თავი. კრემლმა უკვე დაადასტურა, რომ მისი მიზანი დონბასის და ლუგანსკის “ინტერესების“ დაცვა კი არა, “უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციონალიზაციაა“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინის სამხედრო ძალის განადგურებასთან ერთად, პოლიტიკურ “წმენდასაც“ გეგმავს – კიევის გულში განლაგებული სამთავრობო შენობების დაკავების შემდეგ, პუტინი უკრაინის არჩეული ხელისუფლების მისთვის სასურველი რეჟიმით ჩანაცვლებას და რეპრესიებს გეგმავს.
სირენების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა უკრაინის დიდ ქალაქებში, სადაც მოსახლეობა კიევის მეტროპოლიტენს, მრავალსართულიან ავტოსადგომებს და ღრმა სარდაფებს აფარებდა თავს.
ამ წუთებში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული ბომბდამშენები კიევში პირდაპირ საცხოვრებელ სახლებს ესვრიან.
რუსეთის სატანკო კოლონა კიევიდან რვა კილომეტრზე უკრაინის ჯარებმა შეაჩერეს, თუმცაამის პარალელურად, რიგებია უკრაინის გამწვევ პუნქტებთან და მოხალისეები ქვეყნის დასაცავად ეწერებიან.
ხელჩართული ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ სომის ქუჩებში. უკრაინის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ზაკარპატიეს გარდა, არ არსებობს ქვეყნის კუთხე, რომელსაც რუსული შენაერთები არ უტევენ; უკვე დადასტურებულია, რომ რუსეთი უკრაინას თავისი შეიარაღებული ძალების 80%-ით უტევს. მნიშვნელოვანია, რომ ამის მიუხედავად, “ბლიც კრიგი“ რუსეთს არ გამოუვიდა და ძალიან დიდი სიძნელეების მიუხედავად, უკრაინის თავდაცვის სისტემა არ ჩამოიშალა და წინააღმდეგობას აგრძელებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი პერიოდულად მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გამოდის. ბოლო გამოსვლისას, ზელენსკიმ მოქალაქეებს მიმართა, გაუნაწილონ ერთმანეთს თავშესაფარი, საკვები, მედიკამენტები. ზელენსკიმ რუსულად მიმართა რუსეთის მოქალაქეებსაც და მოუწოდა იბრძოლონ უკრაინისთვის და მშვიდობისთვის.
მასალა მომზადებულია ტვ “დოჟდ“-ის მასალებზე დაყრდნობით
[sexy_author_bio]