ახლო წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი რუსული არმიის მიერ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში თეატრის შენობის დაბომბვას გამოეხმაურა:
„როგორ შეიძლება, რომ პლანეტაზე, სადაც მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს, ერთ ადამიანს ასეთი ძალაუფლება ჰქონდეს, შეეძლოს დათესოს ქაოსი, დანერგოს შიში და სჩადიოდეს ბოროტებას. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მისი შეჩერება არავის შეუძლია”,_ განაცხადა გარი ლინეკერმა.
გუშინ უკრაინულ მასმედიაში ცნობილი ძიუდოისტი დარია ბილოდიდის მორიგი განცხადება გავრცელდა. სპორტსმენის მტკიცებით, რუსი მომხმარებლებისგან სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს იღებს, რისი მიზეზიც მისი მოქალაქეობრივი პოზიციაა.
„დღე არ გავა, რაღაც საშინელება არ მომწერონ. მეუბნებიან რომ ნაძირალა ვარ. საზიზღრობებს მიგზავნიან. მათ შორის რუსი სპორტსმენები და ბავშვებიც კი არიან. საშინელი სანახავი რომ არ იყოს, ეს ჩემში მხოლოდ სიცილს გამოიწვევდა. ისინი უბრალოდ ზომბირებული ხალხია, რომელთაც ყველაფერი სჯერათ, რასაც ჩასძახებენ. იმის თავიც კი არ აქვთ, რომ უბრალოდ გაჩერდნენ და იმ ხალხს მაინც ნუ ლანძღავენ, ვინც უბრალოდ თავისუფლებისთვის იბრძვის. თავიდან, ზოგს ვპასუხობდი, თანაც ზრდილობის ფარგლებში. როდესაც ტყუილად გადანაშაულებენ, გინდა, დაუმტკიცო, რომ ეს მათი ქვეყანა შემოიჭრა უკრაინაში. გინდა, ხალხს თვალი აუხილო. არ მესმის, როგორ მუშაობს ასე პროპაგანდა, რომ მათ თავში არაფერი შედის. სწორედ ამიტომ მსურდა მათთვის ფოტოები და ვიდეოები მეჩვენებინა, თუ როგორ იღუპებიან ჩვენთან ბავშვები. სამწუხაროდ, ეს უსარგებლო საქმეა. მაინც თავისი აზრი აქვთ, რომელიც მთელი მსოფლიოს შეხედულებებისგან განსხვავდება. ამდენად, პასუხს აღარავის ვცემ. ახლა ინსტაგრამის გარეშე ზიან, უყურებენ თავიანთ არხებს და ალბათ, კიდევ უფრო ცუდ დღეში არიან“.
გუშინ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრიი პაველკომ განაცხადა, რომ უკრაინა აუცილებლად ითამაშებს ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მას შემდეგ, რაც რუსეთთან ომს მოიგებს.
„დარწმუნებულები ვართ, ომი დასრულდება და უკრაინა გაიმარჯვებს. ამის ნიშნები ყოველდღიურად ჩანს. შემდეგ კი ჩვენი ბიჭები გულშემატკივრებს ემოციურ დღეს აჩუქებენ, როდესაც ყატარის საგზურს მოიპოვებენ. როგორ დაბრუნდება ფეხბურთი ჩემს ქვეყანაში? ძალიან მსურს და ვგეგმავ კიდევაც, რომ ომის შემდეგ პირველ მატჩს დონეცკის „დონბას არენაზე“ ჩავატარებთ, მას შემდეგ, რაც ჩვენს მიწას რუსი ფაშისტებისგან გავათავისუფლებთ და მშვიდობიან ცხოვრებას დავუბრუნდებით“, _ განაცხადა ანდრიი პაველკომ.
ამასობაში, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ უკრაინელ ფეხბურთელებს, რომლებიც უკრაინულ კლუბებში ირიცხებიან, კლუბის შეცვლის უფლება მისცა. უკრაინის ჩემპიონატი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის გამო შეჩერებულია. ფიფამ ადრე უკრაინაში და რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს მისცა დროებით სხვა კლუბებში გადასვლის უფლება. ახლა კი იგივე წესი უკრაინელ ფეხბურთელებსაც შეეხო.
ფეხბურთელებმა ახალ კლუბებთან შვიდ აპრილამდე უნდა გააფორმონ ხელშეკრულება და ერთ კლუბში მხოლოდ ორი ასეთი ფეხბურთელის აყვანის უფლება ექნებათ. ფიფაში აცხადებენ, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და შესაძლოა, კიდევ დამატებითი წესები მიიღონ.
უკრაინაში მიმდინარე ომს ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, 58 წლის ოლექსი მიხაილიჩენკო გამოეხმაურა. ყოფილი მოთამაშე ამჟამად ოჯახთან ერთად კიევის მახლობლად რჩება და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბოლომდე ბრძოლას აპირებს.
„ომით გამოწვეული შოკისგან ჯერაც ვერ გამოვსულვარ. თავდასხმის პირველი საათები ახლაც კარგად მახსოვს. ვერაფრით დამეჯერებინა, რომ შეიძლებოდა, ასეთი რამ მომხდარიყო, თუმცა, მეზობლად ისეთი ბარბაროსები გვყავს, ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. თავს დიდი გამოცდა დაგვატყდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მას გადავლახავთ. ისეთი ერთიანობა, ისეთი სიყვარული, როგორიც ახლა უკრაინაშია, არასდროს მინახავს. ვამაყობ ჩვენი არმიითა და ხალხით. უკრაინა დიდი ერია“.
გუშინ დუმილი დაარღვია კიევის „დინამოს“ რუმინელმა მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ:
„ის, რაც უკრაინაში ხდება, საერთაშორისო დონის კრიმინალია. პუტინი დამნაშავეა. ეს ბარბაროსული ომია. ვხედავთ, როგორ ბომბავენ საავადმყოფოებსა და სამოქალაქო შენობებს, იღუპებიან ბავშვები და ქალები. ეს რაღაც დაუჯერებელია. ახლა, მთელი მსოფლიო უკრაინას უნდა დაუდგეს გვერდში. არ ველოდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. უფრო სწორად, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში სიტუაცია დაიძაბებოდა, თუმცა, მგონი, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კიევსა და სხვა ქალაქებს დაბომბავდნენ, ზოგიერთს კი უბრალოდ მიწასთან გაასწორებდნენ. ამ ფონზე მხოლოდ საუბარი არ კმარა. ყველამ რაღაც უნდა გააკეთოს, რომ ომი დასრულდეს. არ დაგავიწყდეთ ერთი რამ: ახლა, უკრაინა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის არ იბრძვის, ის ევროპის თავისუფლებისთვისაც იბრძვის!“. – განაცხადა მირჩა ლუჩესკუმ.
ავტორი: გიორგი გაჩეჩილაძე