ბელარუსმა 12 უკრაინელ დიპლომატს 72 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება უბრძანა. უკრაინა უპასუხოდ არ დატოვებს ამ არამეგობრულ ნაბიჯს, განუცხადა ukrinform-ს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ.
ბელარუსულმა მხარემ, უკრაინელი დიპლომატები ჯაშუშობაში დაადანაშაულა, გამოაცხადა მინსკში უკრაინის საელჩოს პერსონალის შემცირება და ბრესტში უკრაინის საკონსულოს დახურვა. თორმეტ უკრაინელ დიპლომატს ბელარუსიის დატოვების ბრძანება 72 საათის განმავლობაში მიეცა.
“ბელარუსის ქმედებებს მივიჩნევთ უკრაინის მიმართ კიდევ ერთ არამეგობრულ ნაბიჯად. უკრაინა ბელარუსის ქმედებებს სათანადო რეაგირების გარეშე არ დატოვებს, რასაც დამატებით ვაცნობებთ”, – განაცხადა ნიკოლენკომ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინის საელჩო მინსკში იმუშავებს, მაგრამ შემცირებული პერსონალით.