მიუსაფარი ძაღლების თემა, რომ არახალია, ეს ცხადია, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება ლანჩხუთის ქუჩებში, უკვე საგანგაშოა. ფაქტობრივად, ქალაქის ყველა ხალხმრავალ ადგილზე, განსაკუთრებით იქ, სადაც სავაჭრო თუ სწრაფი კვების ობიექტები მდებარეობს, უპატრონო ძაღლების ჯგუფური შემოტევა და მათი მოგერიების წარმატებული თუ წარუმატებელი მცდელობები თვალშისაცემი ხდება. ყურადღების მცირედი მოდუნება და მამასისხლად ნაყიდი პროდუქტის დაკარგვა ერთია, რაც მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე მხარე კი ისაა, რომ ეს, ხშირ შემთხვევაში, დაავადებული, ერთ დროს შინაური ცხოველი, უკვე ჯანმრთელობისთვისაც საშიშია, განსაკუთრებით, ბავშვებთან მიმართებაში.
მიუხედავად იმისა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტში გარკვეული ღონისძიებები ასახულია, საკითხი სულ უფრო მტკივნეული ხდება _ ყოველდღიურად იზრდება მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა, პრობლემის გადაჭრის მეთოდები კი არაეფექტური გამოდის. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მსჯელობა საკრებულოს ბოლო სხდომაზე.
მიუსაფარი ძაღლების თემა სხდომაზე დეპუტატმა გია გოგუაძემ გააჟღერა.
“სამარცხვინო სიტუაციაა, ძაღლების შიშით მოსახლეობა მაღაზიებიდან ვერ გამოდის ნავაჭრით ხელში. გუნდ-გუნდად არიან დაყოფილი, საკუთარი სამოქმედო ზონები აქვთ შერჩეული და მაღაზიიდან გამოსულ ადამიანებს თავს ესხმიან. ცნობისთვის, 2015 წლის 27 თებერვალს მაშინდელმა საკრებულომ ცხრაპუნქტიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, სადაც სასწაულად კარგი მიზნები და ამოცანებია დასახული კატებისა თუ ძაღლების მოვლა-პატრონობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ აქედან ერთიც არ შესრულებულა. ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ისაა, რომ ყვითელი “ბირკები” აქვთ ყურებზე და დანომრილია”, _ თქვა გოგუაძემ.
პრობლემის აქტუალურობაზე საუბრობს რიგითი მოქალაქეებიც:
“სასწრაფოდ რაღაც ღონისძიება უნდა გატარდეს, აღარ შეიძლება ასე. მაღაზიიდან ვერ გამოხვალ ნავაჭრით, მაშინვე თავს გესხმიან და გართმევენ, თუ რამე პროდუქტი იყიდე. პურია თუ სხვა რამე, ხელებაწეულმა უნდა გამოიტანო, თუ არადა პარკის ნაგლეჯიც არ შეგრჩება ხელში. მთელი ლანჩხუთი შეწუხებულია ამ პრობლემით”, _ ამბობენ მოქალაქეები და ქმედითი ნაბიჯების გატარებას ითხოვენ.
ლანჩხუთელთა უმეტესობა, პრობლემას რომ საბოლოოდ მოევლოს, გამოსავალს თავშესაფრის აშენებაში ხედავს. მათი თქმით, კასტრაცია-სტერილიზაცია პრობლემას ვერ აგვარებს.
“გაუსაძლისი მდგომარეობაა, არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ და გავიაროთ ყველამ ჩვენს გზაზე. ძაღლების ხროვა ცხოვრობს ქალაქის ცენტრში, პარკში ვერ გაივლი, საცხობებთან ვერ მიხვალ, მაღაზიებში ვერ შეხვალ, რა ხდება ხალხო?! ასე არ შეიძლება!
ჩვენი შვილები დადიან ქუჩაში და არა ვართ დაცული, რომ არ შეჭამენ ეს ძაღლები. რამდენი შემთხვევა იყო უკვე, ნუთუ ასეთი დიდი პრობლემაა ეგ რაიონის ხელმძღვანელობისთვის?! ამ პატარა რაიონის ცენტრში ერთი პარკია და იქაც კი ვერ გაივლი დაჯდომას და მოსვენებას ვინღა ამბობს…
ყველა ქუჩაზე ასეთი მდგომარეობაა, ყველგან პატრონებისგან გამოგდებული ძაღლებია. ბავშვები ვერ გასულან სათამაშოდ. ნეტა, თუ არის ვინმე მომკითხავი, რა ხდება?! რამდენი პოსტი, განცხადებები ხელმოწერებით, თხოვნა-მიმართვები, მაგრამ საშველი არაა. ძაღლებიც ხომ ცოდვაა, მშივრები არიან, ავადდებიან და მისგან დაკბენილ ადამიანს რა დაემართება?! ლანჩხუთის ცენტრში მყოფი ძაღლების 90 პროცენტს მუნი აქვთ, გამწარებული იქექებიან.
ვეღარ გაივლი, მშიერი ძაღლების დიდი ჯგუფები დაძრწიან ქუჩებში. ცხოველების უფლებების დაცვა და ჰუმანურობა ადამიანის უსაფრთხოებასთან შესაბამისობაშია მოსაყვანი. უნდა მოშორდეს ეს ძაღლები ქალაქს. თავშესაფარი _ ეს თუ გვიშველის. იმდენი ფართობია, შემოიღობება და თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს თავშესაფარი. მერე ხალხის შემოწირულობითა და მონდომებით ყველაფერი იქნება. კასტრაცია-სტერილიზაცია პრობლემას ვერ აგვარებს, რა მნიშვნელობა აქვს, კასტრირებული გიკბენს თუ არაკასტრირებული?!” _ ამბობენ მოქალაქეები.
ის, რომ პრობლემა მართლაც აქტუალურია, ამას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილიც ადასტურებს:
“ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაა და აუცილებლად იქნება ეს საკითხი მოგვარებული. ჩვენი მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად ცდილობს ამ მიუსაფარი ძაღლების აცრა და სტერილიზება მოხდეს. ძაღლები, რომლის გაყვანაც ხდება ამ მიზნით, მერე უკან ბრუნდებიან. ძაღლი, რომელიც გაყვანილ იქნა და უკან არ დაბრუნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პროტესტის საგანი გახდა, მთელი ერთი თვე დაგვჭირდა ახსნა-განმარტებების მისაცემად. რაც შეეხება თავშესაფრის გაკეთებას, ამას ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაწვდება. პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობაც და სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს სამუშაოები. ყველა ძაღლი, რომელიც ოჯახში ჰყავთ უნდა აღირიცხოს და ქუჩაში მათი გადაგდების შემთხვევაში, შესაბამისი სანქციები უნდა გატარდეს”, _ ამბობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.
ამ ეტაპისთვის კი მიუსაფარი ცხოველების მოვლითი ღონისძიებებისთვის ლანჩხუთის ბიუჯეტიდან გარკვეული ოდენობის თანხა ყოველწლიურად იხარჯება, თუმცა, პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩება და უპატრონო ძაღლების რაოდენობა წლიდან წლამდე ნაცვლად შემცირებისა პირიქით მატულობს.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, წინა წლების დარად წლის განმავლობაში, ამ კუთხით შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად, 20 ათასი ლარია გამოყოფილი. პროგრამის გახორციელება ლანჩხუთის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის პრეროგატივაა. უწყებამ ადგილობრივ მცხოვრებთა მაწანწალა ძაღლებისგან დასაცავად, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული უპატრონო ძაღლები თავშესაფარში უნდა გადაიყვანონ.
კერძოდ, აღნიშნულ სამსახურს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ოზურგეთის შესაბამის უწყებასთან, რომელიც პერიოდულად ჩამოდის ლანჩხუთში და ე.წ. ქუჩის ძაღლები სპეციალურ თავშესაფარში გადაჰყავს, სადაც მათ აცრა და კასტრაცია უკეთდება და შემდეგ კი ისევ უკან აბრუნებენ.