ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭანიეთის მკვიდრი, მასწავლებელი სვეტლანა საჯაია ახლა 87 წლისაა და რამდენიმე წელია, მშობლიურ სკოლას დაემშვიდობა. მან, ცხოვრების უდიდესი ნაწილი, საკლასო ოთახში, უსაყვარლეს ბავშვებთან გაატარა. 50 წლის მანძილზე მასწავლებლობდა ჭანიეთის საჯარო სკოლაში და მას აქ დაწყებითი განათლების პატრიარქი, გამორჩეული და განსაკუთრებული ხელწერის გამო უწოდეს.
ბევრი ღირსეული მასწავლებელი ჰყოლია და ჰყავს ჩვენს ქვეყანას. თუმცა, ქალბატონ სვეტლანას ჰქონდა ყველასგან გამორჩეული სვლა, საოცარი მიდგომის უნარი, რითაც ის ახერხებდა, გაკვეთილზე ბავშვი ყოფილიყო ლაღი, ბოლომდე გახსნილი და უშუალო, _ ამბობენ მის მშობლიურ სკოლაში.
ათეული წლების მანძილზე ისმოდა, რომ სვეტლანა საჯაიას მოსწავლეები მუდამ განსაკუთრებით უკომპლექსო და უშუალოები, განსაკუთრებულად საინტერესოები იყვნენ, როგორც გაკვეთილზე, ისე ყველა ღონისძიებაზე, რომლის თაოსანი და სცენარისტიც, უმეტესად, თავად ქალბატონი სვეტლანა იყო.
რაში მდგომარეობდა მისი, როგორც ხელოვანი მასწავლებლის, ბავშვის ყველანაირი საიდუმლოს ამომხსნელი პედაგოგის საიდუმლო და იმიჯი?
სვეტლანა საჯაია, პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, პარალელურად სკოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლს ხელმძღვანელობდა. გამორჩეული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული პედაგოგი, თავისი შემოქმედებითი უნარებით, ხელოვნებისამი სიყვარულით, ბავშვებისადმი განსაკუთრებულ მიდგომას, ისეთი სვლებით ახერხებდა, მას მუდამ გამოარჩევდა, როგორ განსაკუთრებული ხელწერის მქონე მასწავლებელს.
ამიტომაც ისმოდა ათეული წლების მანძილზე მშობლებისგან: „როგორ მინდა, ჩემი შვილი სვეტლანა საჯაიას კლასში ჩაირიცხოს“… ხოლო დაწყებითი, ოთხწლიანი საფეხურის გავლის შემდეგ, კაბის კალთაზე ჩაბღაუჭებული, ბავშვები ტირილით ტოვებდნენ მის კლასს…
_ უკან რომ მივიხედავ, მიკვირს, რამდენს ვასწრებდი. როგორ ვახერხებდი, მე და ჩემი ოჯახი, მშობლიური სკოლა _ ვყოფილიყავით ყველა საქმეში ჩართული და თან ლიდერის პოზიციები არ დაგვეთმო. მახსოვს, 1965 წელს, ჭანიეთის სკოლაში დაწყებით კლასებს ვასწავლიდი. თან ბათუმის შ. რუსთაველის ინსტიტუტში დაუსწრებლად ვსწავლობდი და ამავდროულად, ვხელმძღვანელობდი სკოლის სიმღერისა და ცეკვის გუნდს. ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები ცალკე „საკრალური“ თემა იყო _ მათ ჩემი განსაკუთრებული სითბო სჭირდებოდათ, რასაც ზოგჯერ ვაკლებდი, რომ სხვათა შვილებისთვის გამენაწილებინა. წამის დაკარგვა არ შეიძლებოდა. მოქმედებდა სოფლის მხატვრული შემოქმედებითი ანსამბლიც, რომლის წევრიც ვიყავი. მალე კი შემომთავაზეს, რაიონულ ანსამბლშიც მიმეღო მონაწილეობა, რომელსაც ვლადიმერ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ ანსამბლს რესპუბლიკური ოლიმპიადისთვის ამზადებდნენ. უდიდეს დახმარებას და თანადგომას მიწევდა დედამთილი, რომ ყველა საქმეში ჩართული ვყოფილიყავი. ოჯახი ძალიან ბევრს ნიშნავს ამ დროს… სხვა დრო იყო. თავის გამოჩენა, მაქსიმალურად გამოვლენა შენი შესაძლებლობებისა, საზოგადოებისთვის, ღირსების საქმე იყო… ახლა ზოგჯერ უხეშად საუბრობენ წარსულზე, თუმცა, არ იყო ასე… სიცოცხლის სხვანაირი სიყვარული, ერთმანეთისადმი თანადგომის, პატივისცემის დრო იყო, _ გვიამბობს ქალბატონი სვეტლანა.
ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს, როგორ იდგა 120-კაციან ანსამბლში, რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე, შემდეგ კი , 1975 წელს მსოფლიო ფესტივალზე, ტალინში, სადაც ბოლოს სცენაზე 35 ათასი კაცი ჩამწკრივდა. მათ საკუთარი ხალხის კულტურა, ტრადიცია, ნიჭი და შემოქმედებითი უნარები მსოფლიოს გააცნეს!
ყოველი ასეთი წარმატებული შემოქმედებითი სვლის შემდეგ კი, ბრუნდებოდა სკოლაში, საყვარელ კლასში და „აი იას“ სწავლასთან ერთად, ბავშვებში საოცარ შემოქმედებით ცეცხლს ანთებდა. არ იყო თვე, კალენდარული ღონისძიება, ანბანის ზეიმი თუ ზოგადად, ბუნების ზეიმი, დრო და სივრცე, სადაც ის ბავშვებს საკუთარი იდუმალი გადაწყვეტილებით, შემეცნებით გარემოში არ აზეიმებდა. ისე, რომ შემდეგ ბავშვებს იქედან გამოსვლა არ სურდათ… აი, ეს იყო, მისი განუმეორებელი, ასე ცნობილი ხელწერის საიდუმლო!
ასე იკეცებოდა წლები და სკოლის დაწყებითი სწავლების დიდოსტატს, სტუმარ-მასპინძლობის სხვა ფუნქციაც ეკავა, სკოლის კარიბჭესთან იდგა, როგორც ღირსეული მასპინძელი!
_ მას ჰქონდა განსაკუთრებული მიდგომა, საკუთარი ხელწერა, საოცარი გუმანი, როგორ მოპყრობოდა ბავშვს, როგორ შეგებებოდა სკოლაში მოსულ სტუმარს, როგორ წარედგინა საკუთარი სოფელი, თითოეული აქ მცხოვრების სახე მოსული სტუმრისთვის. ამიტომ ვამჯობინებდით, „სეფე სიტყვა“ მოსულ სტუმრებთან თუ შინაურებთანაც კი, უამრავ ღონისძიებებზე ქალბატონ სვეტლანას ეთქვა. ის საკუთარი ნიშით ამშვენებდა ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეს და ასეთად ემახსოვრება ყველას, _ ამბობენ ჭანიეთის საჯარო სკოლაში პედაგოგები: მალვინა ნინიძე, მანონ ლომჯარია, თამარ ლომჯარია, ია ბერაძე, ირმა წიტაიშვილი, ნინო თევდორაძე, დავით თავაძე და სხვები, რომლებიც ახლა, პენსიაზე მყოფ პედაგოგს ხშირად სტუმრობენ. თან ცდილობენ, კონკრეტული საზეიმო დღე შეუქმნან ისე, როგორც თავად ცდილობდა მთელი ცხოვრების მანძილზე, სხვებისთვის შეექმნა სიყვარულით გაფერადებული გარემო.
_ მასწავლებლები მოვიდნენ. ხშირად მოდიან… მაჩუქეს ბრილიანტის ბეჭედი და თეთრზე თეთრი, თითქინა… _ აქ საუბარი უჭირს, ახლახან კოვიდინფქცია გადაიტანა…ცრემლები ერევა. მცირე ინსულტის შემდეგ, ემოციებიც ჭარბად მძლავრობს…
_მაგიდის სუფრა, ბებო, _ ეშველება უსაყვარლესი შვილიშვილი ნათია სურგულაძე.
ამაგდარ პედაგოგს, რომლის დამსახურება, პრეზიდენტის სტიპენდიანტობასთან ერთად, კიდევ უამრავი ჯილდო _ სიგელით თუ მედლით არაერთხელ აღუნიშნავთ, დიდი, ტრადიციული და მუსიკალური ოჯახი ჰყავს. ისინი საკუთარ წვლილს, დიდი ხანია, დებენ ქართული მუსიკალური ფოლკლორის შენარჩუნების და კიდევ უფრო მეტად განვითარების საქმეში.
როცა სვეტლანა-დედა-ბებიასთან ერთად მღერიან ავთანდილ, მაია, თათია, ნათია და ხატია სურგულაძეები, სამყაროც ირინდება. უსასრულოდ დადებითი და სიყვარულით სავსე ენერგია მიიკვლევს გზას კოსმოსისკენ, რათა უკან გაასმაგებული ძალით დაუბრუნდეს ქვეყნიერებას!
ქალბატონი სვეტლანა საჯაია, მოფერებით, „ჩვენი სვეტლანდია“, ახლა უსაყვარლესი ოჯახის გარემოცვაშია და იქედან, როგორც თავად გვეუბნება, ტელევიზორით ადევნებს თვალს სამყაროს. როგორც იტყვიან, ცივ ნიავს არ აკარებენ, თუმცა, ისევ უსაზღვროდ ენატრება სკოლა: „ნეტავ, ერთი გაკვეთილი ჩამატარებინა, აი, ისე, ძველებურად…“
ტირის და აფორიაქებულია უკრაინის გამო, რომელიც აგრესორმა ცეცხლის ალში გაახვია.
_ ახლა მხოლოდ უკრაინაზე ვფიქრობ… კიევში ჩვენი გუნდის გამოსვლას რა დამავიწყებს! რაღაცნაირი სიყვარული იყო. როგორი, იცი? აი, ერთი დედმამიშვილებივით ვიყავით. დაიმახსოვრეთ, ურთიერთსიყვარული და პატივისცემააა მალამო, ის დაგაძლევინებთ ყველაფერს! მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. ასე შევძელით ჩვენ, იმ თაობამ. არ გააცივოთ ურთიერთობები და სულ სითბოში იცხოვრებთ. არანაირი ქონებას, სიმდიდრეს არ აქვს ფასი ამის გარეშე! _ ცრემლები ასწრებს სიტყვებს.
და უცებ უკრაინულ ენაზე იმ სიმღერას ასრულებს, რომელიც 60-იან წლებში კიევის სცენაზე იმღერა. შინაარსსაც გვითარგმნის: „ყვავილს ჰგავხარ, ჩემო უკრაინა“… მერე კი ტარას შევჩენკოს ცნობილ ლექსსაც ზეპირად ამბობს, რომლის შინაარსსაც ასევე სასწრაფოდ გვეუბნება ქართულად!
“როცა მოვკვდე, ჩემს საყვარელ უკრაინაში დამასაფლავეთ, განიერ სტეპებს შორის, გამითხარეთ სამარე”, _ ამ ჟესტით, როგორცთავად ამბობს, თანადგომას უცხადებს უკრაინას.
დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერ დღეებს ვუსურვებთ დიდ ქალბატონს, გამორჩეულ პედაგოგს, სვეტლანა საჯაიას, რომელმაც ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლი ისე ჩადო მომავალი თაობის აღზრდის, ყველაზე დიდი საქვეყნო საქმეში, წუთითაც არ შეუსვენია!
ავტორი