ვარკეთილში თითქმის 5-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად 2 ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ძმები – ბექა და გიორგი შენგელიები ძებნაში იყვნენ. შუამთის ქუჩაზე კრიმინალური პოლიცია და საპატრულო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.
სპეცოპერაცია უკავშირდება 15 აპრილს მომხდარ ავარიას, რა დროსაც ავტომობილი, რომელშიც ძმები იმყოფებოდნენ, შეეჯახა საპატრულო პოლიციის ავტომობილს, რის შედეგაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. ამის შემდეგ ძმები 3 კვირის განმავლობაში ძებნაში იყვნენ.
ავტოავარიამდე ზუგდიდში დაჭრის ფაქტი მოხდა, რომელშიც სწორედ ძმები შენგელიები ფიგურებდნენ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მათზე გამოძიება, რამდენიმე დღის შემდეგ მათ პოლიცია გამოედევნა, რა დროსაც ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს განზრახ დაეჯახნენ.
აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული გ.შ. და 1997 წელს დაბადებული ბ.შ. თბილისში, შუამთის ქუჩაზე, საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მართვის უფლების არმქონე ბ.შ. მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან – გ.შ.-სთან და მ.ხ.-სთან ერთად მიიმალა.
უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა – დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბ.შ. შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში დააკავეს. მასთან ერთად, ასევე დაკავებულია გ.შ., რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ამავე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 5 მაისს მ.ხ., დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს”, _ აღნიშნულის უწყების განცხადებაში.