ცნობილი კინორეჟისორი გია დანელია ასეთ ისტორიას იხსენებდა:
„არ დაიდარდოში“ არის ერთი ეპიზოდი, რომელშიც უზარმაზარ კაკლის ხეზე, „შარმანკით“ შემომჯდარი იპოლიტე ხვიჩია მოქეიფე მღვდლისთვის უკრავს. ამ სცენაში იპოლიტეც და „შარმანკაც“ მაგრადაა ხეზე მიბმული სპეციალური ბრეზენტის ქამრებით. ჩამოვარდნის საწინააღმდეგო ეს მოწყობილობა საგანგებოდ „მოსფილმში“ დაამზადეს. ქამრები ფოლადის კლიტით იკეტებოდა და გასაღები ჩვენს რეკვიზიტორს, ტოლიას, ებარა. ქამრები, რა თქმა უნდა, კადრში შენიღბულია და არ ჩანს.
ეს სცენა მცხეთაში, მტკვრის პირას, თითქმის უკაცრიელ ადგილზეა გადაღებული და ცვალებადი ამინდის გამო, მისი გადაღება გაგვიჭიანურდა. როგორც კი იპოლიტეს „შარმანკასთან“ ერთად ხეზე ავიყვანდით, დავაბამდით და გადაღება უნდა დაგვეწყო, ამინდი შეიცვლებოდა და ჩვენი ოპერატორი, ვადიმ იუსოვი დაიძახებდა: „ატბოი, პერერივ!…“ ვინ იცის რამდენი ასეთი „პერერივი“ გვიწევს ფილმების გადაღებისას და ამინდის კეთილგანწყობის მოლოდინით გატანჯული მსახიობები, ერთმანეთს სხვადასხვა „შტუკებს“ უტარებენ ხოლმე. გამონაკლისი არც „არ დაიდარდო“ იყო და მასში მონაწილე მსახიობებიც „შტუკაობდნენ“.
განსაკუთრებით ბატონი იპოლიტე აქტიურობდა, რომელსაც აბესალომ ლორია ჰყავდა გამწარებული და ხან რას უკეთებდა და ხან – რას. აბესალომს ყელში რომ ამოუვიდა, იპოლიტეს დამუქრა: კაცი არ ვიყო, თუ არ გაწუწუნეო. ერთხელაც, ხეზე შემომჯდარი იპოლიტეს ეპიზოდს ვიღებთ და იუსოვმა მორიგი „ატბოი“ დაიძახა და ამინდის გაფუჭების გამო სხვა ეპიზოდის გადასაღებად წავედით. იპოლიტე კი ხეზე დარჩა, რადგან ზევით-ქვევით სირბილი მობეზრდა და ჩამომძახა, თუ ამინდი არ გამოსწორდა, ტოლია გამოგზავნე და ჩამომიყვანოსო. თან, ლუდი მოწრუპა და ქაბაბიც დააყოლა, რაც ხეზე ჰქონდა მოყუჩებული. სხვა ეპიზოდი მალე გადავიღეთ. შემდეგ, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი მცხეთის პარტიულმა ხელმძღვანელობამ რესტორანში წაგვიყვანა და ტოლიას ვუთხარი, იპოლიტე ხიდან ჩამოეხსნა და რესტორანში მოსულიყვნენ. ჩვენ რესტორანში წავედით და მთელი ღამე ვქეიფობდით. შუაღამეს გამახსენდა ტოლიასთვის მიცემული დავალება, მაგრამ არც ტოლია ჩანდა და არც იპოლიტე. ჩემ წინ აბესალომ ლორია იჯდა და იმას ვკითხე:
– მე რომ ტოლიას იპოლიტეს ხიდან ჩამოყვანა დავავალე, შენც იქ იყავი და ხომ არ იცი, რა ქნა-მეთქი?
– ვიცი. ტოლიამ იპოლიტე ჯერ ხიდან მოხსნა და მერე თავის ნომრამდე მიაცილა, რადგან შეუძლოდ იყოო, – მიპასუხა აბესალომმა.
ტოლიას დალევა უყვარდა და ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რესტორანში რომ არ მოვიდა, მაგრამ რას ვიზამდი, ქეიფი გავაგრძელე…
მეორე დილას ისეთი მშვენიერი ამინდი გამოვიდა, რომ მთელი ღამის ნაქეიფრებს მისი ხელიდან გაშვების უფლება არ გვქონდა – ხის სცენის გადასაღებად გავემართეთ. ჩემს ასისტენტს კი იპოლიტეს მოყვანა დავავალე. მივედი და რას ვხედავ, საცოდავი იპოლიტე ისევ ხეზეა, თავი „შარმანკაზე“ დაუდია და სძინავს… საქმე კი ის იყო, რომ აბესალომ ლორიას ტოლიასთვის ორი ბოთლი არაყი „დაუდგამს“, დაუთვრია და სასტუმროში მიუყვანია დასაძინებლად, თან უთქვამს, – იპოლიტეს მე ჩამოვხსნიო. იპოლიტე კი მთელი ღამით უკაცრიელ მტკვრის ნაპირზე დატოვა. ის საცოდავი კი, სანამ ძალები ჰქონდა, მთელი ღამე „შარმანკაზე“ უკრავდა, იქნებ ვინმეს გავაგონო და ჩამომხსნასო“.
ავტორი