ხელისუფლების უმოქმედობა „ალტ-ინფოს” ძალადობრივ რიტორიკას აძლიერებს,_ ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაშია ნათქვამი.
“26 მაისს, ღიად პრორუსული პოლიტიკური დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ „ალტ-ინფოს” ეთერში სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, „თბილისი პრაიდს” არ მისცენ ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა.
მისი განცხადებით, „პრაიდის” ჩატარების შემთხვევაში, „ალტ-ინფო” დააორგანიზებს ხალხის გარეთ გამოსვლას, რის გამოც, ექსცესებმა შეიძლება მიიღოს არაკონტროლირებადი სახე – „ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე წინა წელს”.
ლგბტქ+ პირების შეკრებისა და მანიფესტაციისა და თანასწორობის უფლების რეალიზაციის სახელმწიფო საფრთხედ აღქმა, ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 4 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობა ორგანიზებული იყო, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები ამ დრომდე დაუსჯელები არიან. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობა მათ ძალადობრივი მოვლენების მდუმარე თანამონაწილედ ხდის და სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს ახალისებს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:
დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ზურაბ მახარაძის მუქარის შემცველ განცხადებაზე, რომელიც დანაშაულის ნიშნების შემცველია.
გაატარონ ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები ძალადობის თავიდან ასაცილებლად
უზრუნველყონ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ყველა ხელმძღვანელი პირების დაკავება”,_ ნათქვამია განცხადებაში.