საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა მიიჩნევა საზოგადოებრივ სიკეთედ, რომელიც სამუშაო ადგილებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სავაჭრო ობიექტებთან თუ სამედიცინო დაწესებულებებთან წვდომის წინაპირობაა და ის საყოველთაოდაა ხელმისაწვდომი გადაადგილების ნებისმიერი მსურველისთვის. უმეტესად კი, ამ სიკეთით ის ისინი სარგებლობენ, ვისაც საკუთარი სატრანსპორტო საშუალების გამოყენების საშუალება არ აქვთ. ასეთი კი ლანჩხუთში ბევრია და მაშინ, როცა სხვაგან აქცენტი კეთდება საზოგადოებრივი სატრანსპორტო ახალი სისტემის დანერგვასა და განვითარებაზე, ლანჩხუთში მგზავრის საჭიროებაზე მორგებული ელემენტარული პირობების შექმნაზე მიდის საუბრები.
რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრში, სადაც თავს იყრის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული სატრანსპორტო საშუალებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის ელემენტარული მოსაცდელიც კი არ არსებობს, ადამიანებს პრობლემები ტრანსპორტის გრაფიკიდან გამომდინარეც ექმნებათ. მოქალაქეთა თქმით, ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი სრულიად აცდენილია მათ საჭიროებას.
“ვისაც სამსახური გვაქვს, პრობლემები გვექმნება უტრანსპორტობის გამო. სასწავლო დაწესებულებები თუ სამსახურები დილის ცხრა საათზე იწყება, შესაბამისად, ვინც მუშაობს ან სკოლაში დადის, ამ დროზე უნდა გამოვცხადდეთ დათქმულ ადგილზე, მაგრამ, ვისაც საკუთარი მანქანა არ გვყავს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გვიწევს სარგებლობა, ამას, ფაქტობრივად, ვერ ვახერხებთ _ დილით სამსახურში მისვლა გვაგვიანდება, საღამოს კი უკან სახლში დაბრუნება ჭირს. სამუშაო საათი, ძირითადად, ექვს საათზე იწურება, ვინც კერძო სექტორში _ მაღაზიებსა თუ კვების ობიექტებში ვართ დასაქმებულები, უფრო გვიან გამოვდივართ, არადა, საღამოს ექვსის ნახევარს მერე არანაირი შიდა ტრანსპორტი არ დადის, ჩამკვდარია ყველაფერი. საათობით გვიწევს გაჩერებაზე ყოფნა, რომ იქნებ ვინმე გამვლელმა მაინც გაგვიჩეროს”, _ ამბობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანები.
ამ კუთხით რომ პრობლემებია და ისინი მოწესრიგებას საჭიროებს, ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ოპოზიციაშიც. როგორც ირკვევა, ფრაქცია “საქართველოსთვის”, რომელიც პარტია “ლელოსა” და გიორგი გახარიას თანაგუნდელთა ერთობლიობით შეიქმნა, ლანჩხუთის საკრებულოში, პრობლემის მოგვარების მიზნით საკუთარი ხედვებისა და წინადადებების დაყენებას გეგმავს მომავალი 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში.
“სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგებასთან დაკავშირებით არაერთხელ ვთქვი საკრებულოსა თუ კომისიების სხდომებზე. საკრებულოს ყოველ სხდომაზე მიწევს ამ ერთი და იგივე საკითხის ირგვლივ საუბარი. მოსახლეობისთვის პრობლემურია, რომ საღამოს ექვსის ნახევრის შემდეგ ტრანსპორტი საერთოდ აღარ მოძრაობს. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა საათობრივი გრაფიკით უნდა მოიცვას მთლიანი მუნიციპალიტეტი, მალთაყვისა და წყალწმინდის ჩათვლით. წლების წინ იყო ე. წ. “მწვანე ავტობუსი”, რომელიც ჩადიოდა წყალწმინდასა და მალთაყვაში, ურეკშიც კი მიდიოდა. დღეს რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ ზონიდან მერიაში, საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში და მაშინ, როცა ექვს საათზე მთავრდება სამუშაო დრო, რა უნდა ქნან ამ ადამიანებმა?! აუცილებლად მოსაგვარებელია ტრანსპორტის პოლიტიკა, ამის თაობაზე საკრებულოს კომისიის სხდომებზეც ვისაუბრე _ ჩვენი ფრაქცია გეგმავს მომავალი ბიუჯეტის ფორმირების ფარგლებში ამ კუთხით საკუთარი ხედვები შესთავაზოს მმართველ გუნდს”, _ ამბობს ფრაქცია “საქართველოსთვის” წევრი ჯუმბერ ბლაგიძე.
შიდა ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი მგზავრებისთვის რომ პრობლემატურია, ამაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავაც საუბრობს:
“ჩემი ოჯახი არც კერძო და არც სახელმწიფო მანქანით არ სარგებლობს. ჩემი შვილი სკოლაში ხან რითი და ხან რითი დადის _ გამორიცხულია არ დააგვიანოს. ახლა ნახევარ მილიონ ლარს რომ ვრიცხავთ ბიუჯეტიდან ბავშვების ტრანსპორტით მომსახურებაში, ამას არ ჯობს, ხალხის არჩეულმა მერმა დააყენოს მთავრობის წინაშე საკითხი _ ამდენი ფულის ნაწილ-ნაწილ ხარჯვას, ერთხელ დიდი ფული მოგვეცით გამართული ავტობუსის საყიდლადო?! სხვებიც და მათ შორის, ჩემი შვილიც სიამოვნებით ისარგებლებს ამით და დროულად წავა-წამოვა სკოლაში. ის, რომ დილის ცხრა საათზე ავტობუსი იყოს ქალაქის ცენტრში, არანაირი პრობლემა არაა. ეს, უბრალოდ, ნებაა და სურვილი პრობლემის მოგვარების”, _ ამბობს ასკურავა.
ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პირდაპირი ფინანსური მოგების მიზნით იშვიათად გამოიყენება და უმეტესად, სუბსიდიებით ფინანსდება მთავრობისგან, რომ უზრუნველყოფილი იყოს იმ ხალხის გადაადგილება, ვისაც არ აქვს ავტომობილის გამოყენების შესაძლებლობა. თუმცა, ამ საკითხზე საუბრისას ირკვევა, რომ ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ზოგადად, კერძო საკუთრების გაძლიერების მომხრეა:
“ზოგადად, ჩვენი მიდგომაა, კერძო სექტორი მაქსიმალურად ავამუშავოთ და სახელმწიფო დაფინანსებიდან ჩაიხსნას ეს სექტორი”, _ თქვა მან ტრანსპორტის თემაზე საკრებულოს წევრებთან საუბრისას.
ის, რომ ზემოთ ნახსენები პრობლემა მართლაც რეალურია და ტრანსპორტის მოძრაობის პოლიტიკა მოწესრიგებას საჭიროებს, ამას ვერც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ. დაახლოებით, ორი თვის წინ, საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ ვერიკო კვირკველიამ აღნიშნული საკითხი გააჟღერა და მუნიციპალიტეტის მერს ამ საკითხით დაინტერესება და ქმედითი ღონისძიებების გატარება თხოვა:
“მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკთან დაკავშირებით არის პრობლემები. ის, ვინც დასაქმებულია, ამ გრაფიკის გამო შეფერხებები ექმნება. ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე მსჯელობა, მოწვეული გვყავდა მძღოლები და გარკვეულ ეტაპზე მოწესრიგდა კიდეც ეს საკითხი, თუმცა, ამ ეტაპზე ისევ პრობლემური რჩება. ადამიანები ცხრა საათზე უნდა გამოცხადნენ სამსახურში, ტრანსპორტი კი ათის ნახევრისთვისაა ქალაქში. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს, რომ ადამიანებმა დროულად შეძლონ დანიშნულების ადგილამდე მისვლა”, _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მაშინ.
ავტორი