ოზურგეთელი მირზა ვანაძე, რომელიც ახლა 30 წლისაა, სპორტის სიყვარულს ბავშვობიდან ეზიარა. მშობლიურ ნასაკირალში, 10 წლის ასაკში დაიწყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვარჯიში.
_ უბედნიერესი ვიყავი მაშინ. ცნობილმა ოზურგეთელმა მწვრთნელმა, გურამ მაჭარაშვილმა სოფელში, საკუთარ სახლში გახსნა ჭიდაობის წრე. მე და ჩემი მეგობრები შეუსვენებლად ვვარჯიშობდით. შემდეგ ოზურგეთში, სპორტის სკოლაში გადმოვედით. მალე საქართველოს ნაკრების წევრი გავხდი და კარგა ხანს ყველა ასაკის შემადგენლობაში ვირიცხებოდი. ვიდრე უკრაინაში არ წავედი. ერთი ჩემი საუკეთესო მეგობრის რჩევით,_ გვეუბნება უკრაინიდან ახლახან დაბრუნებული ქართველი სპორტსმენი, რომელიც მოძმე ქვეყანაში სპორტული კარიერის გასაძლიერებლად წავიდა, შემდეგ კი ომში ჩაბმაც მოუწია.
მირზა ვანაძე უკრაინული ემოციების ტყვეობის ქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ დიდი პერსპექტივა ჰქონდა საჭიდაო სპორტში, რისთვისაც წავიდა დიდ ქვეყანაში, ამბობს, რომ უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთიანობამ ის გააკვირვა და კიდევ უფრო აღმაფრენა შემატა.
_ გული მტკივა, როცა ვხედავ ორად გახლეჩილ ჩემ საქართველოს. მე თუ ოდესმე გადავწყვეტ, რომ პოლიტიკაში წავიდე, მხოლოდ იმიტომ რომ როგორმე, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში მოვახერხო, გაერთიანდეს ჩვენი ხალხი. ორად კი არა ასად იყო მგონი გახლეჩილი უკრაინაში ხალხი პოლიტიკის “წყალობით” და უცებ გაერთიანდნენ. იმედი მაქვს, ოდესმე ჩვენთანაც მოხდება გაერთიანება, ისე მომავალი არ გვაქვს, _ ამბობს ის.
როდის და რატომ წავიდა უკრაინაში, სადაც შემდეგ ჩაბმა მოუწია ჯერ ჰუმანიტარულ საქმიანობაში, შემდეგ კი ომში?
როგორც ვთქვით, მირზა ვანაძე პერსპექტიული სპორტსმენი იყო. 2016 წელს, საქართველოს ნაკრებიდან, მსოფლიო უნივერსიადაზე იჭიდავა. მოგვიანებით, ტრავმების და მცირე პრობლემების გამო, პაუზის გაკეთება მოუწია…
2018 წელს სპორტში დაბრუნება სხვა მიმართულებით მოუწია. გადაწყვიტა, ამჯერად ბედი ეცადა სახეობაში: “ბრძოლა წესების გარეშე”.
_ ეს სახეობა საქართველოში არ იყო ისე პოპულარული როგორც სხვა ქვეყნებში. მეგობრების რჩევით უკრაინაში წავედი. სამი წელი ვცხოვრობდი ქალაქ დნეპროპეტროვსკში. იქ დიდი დახმარება გამიწია ქართველმა მწვრთნელმა ჯიმშერ გურჩიანმა. ყველანაირად, მათ შორის ფინანსურადაც დამეხმარა. დავიწყე ინტენსიური ვარჯიში და ზედიზედ შვიდი სარეიტინგო გამარჯვება მოვიპოვე. უკრაინაში მაშინ იმართებოდა საერთაშორისო შეჯიბრებები. სამი წელი ვიყავი რეიტინგის ლიდერი და ბრძოლის ფინალში, უნდა გამოვსულიყავი მსოფლიო ტიტულისთვის ბრძოლაში და მოხდა ისე, რომ 24 თებერვალს დაიწყო ომი. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, გავმხდარიყავი მსოფლიო ჩემპიონი. მიზანთან, ასე ვთქვათ, წკიპზე ვიდექი და .. დაიწყო ომი, _ აქ პაუზას აკეთებს ახალგაზრდა სპორტსმენი.
ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, როცა სასიცოცხლო პროდუქტების პრობლემა დადგა, მირზა ვანაძემ სპორტს და საკუთარ კარიერაზე ფიქრს თავი დაანება და
მეგობრებთან ერთად პურის ცხობა დაიწყო. როგორც თავად ამბობს, მამა 15 წლის განმავლობაში პურის საცხობში მუშაობდა და ხან უყურებდა, ხან ეხმარებოდა.. გაიხსენა ზოგი რამ და გამოუვიდა. შემდეგ ეს გამომცხვარი პური ხალხში გაჰქონდათ და არიგებდნენ სამი თვის განმავლობაში. ერთხელ, პურის მორიგი ჩამორიგებისას, საიდანღაც წვერებიანი ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა და იმანაც ხალხს პური დაურიგა.
_ ცრემლები მომადგა, როცა ერთმა ქალბატონმა, ვისაც პური გადასცეს, მაღლა აიხედა და თქვა: “ნუთუ, ღმერთი მართლა არსებობსო?” ხალხს ასე უხაროდა პურის დარიგება, _ ამბობს მირზა.
როცა კიევზე შეტევა დაიწყო, თანდათან ცუდი ინფორმაციები ვრცელდებოდა _ ადგილი ჰქონდა გენოციდს. მირზა ვანაძემ უკვე ომში ჩაბმა გადაწყვიტა. გერმანიიდან უკრაინაში ქართველი ჯამბულ ხოფერია ჩავიდა და ახალგაზრდების ჯგუფი, როგორც მირზა გვიამბობს, ირპენისთვის ომში ჩაება.
_ ირპენის გათავისუფლებისთვის ბრძოლა, ეს იგივე უკრაინის გათავისუფლებისთვის ბრძოლა იყო. ეს არ იყო და არ არის მხოლოდ უკრაინისთვის ბრძოლა. ახლა იქ მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლაა. უკრაინა ამ ომს მოიგებს, _ გვეუბნება ის და იხსენებს ასე ხარკოვისთვის ბრძოლას, სადაც რამდენიმე დღე დაჰყო.
_ ახლა მცირე პაუზა მაქვს. სტრესი ძალიან მძიმე იყო. მუდმივი აფეთქებები, ჩემს თვალწინ დაიღუპნენ ბიჭები. ბევრი საშინელება ვნახე. სულ სხვაა, როცა ასე ახლოს თვალებში სიკვდილს ჩახედავ. ცოტა ხნით უნდა შევისვენო, _ საკუთარ გადაწყვეტილებაზე გულღიად გვესაუბრება.
კითხვაზე, თუ რას აპირებს უახლოეს მომავალში, ხომ არ ფიქრობს ოჯახის შექმნას, იღიმება:
_ ჩემი სიყვარული ჯერ არ მიპოვია. თუმცა, წესით, უნდა ვიპოვო… ღმერთის ნება როცა იქნება. ამ წუთებში გამუდმებით უკრაინის თავისუფლებაზე ვფიქრობ.. საყვარელი სპორტიც მიხმობს. ვფიქრობ, ყველაფერი მაინც კარგად უნდა დასრულდეს. ალბათ, ოდესმე ჩემპიონიც გავხდები გამარჯვებულ ქვეყანაში, _ ასე ოპტიმისტურად ასრულებს ჩვენთან საუბარს, ახლახან ომგამოვლილი ქართველი სპორტსმენი, რომელსაც ახლა მშობლიურ ოზურგეთში ყოფნა შვებას გვრის და შინაგანი ძალების მობილიზებაში ეხმარება.
_ საუკეთესო სპორტსმენი იყო. მასში დიდი ენერგია და ბრძოლის ჟინია. ბუნებით ერთგული და ვაჟკაცი ადამიანია. მე მერჩივნა, უფრო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას გაჰყოლოდა. თუმცა, მჯერა მირზა ვანაძე გამარჯვებას მაინც მიაღწევს, _ ამბობს სპორტსმენის ოზურგეთელი მწვრთნელი, გურამ მაჭარაშვილი, რომლის მიმართ მადლიერება ჩვენთან საუბრისას არაერთხელ გამოთქვა მირზა ვანაძემ.
ავტორი