,,ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის” საქართველოს საკლუბო ჩემპიონატმა ჭაბუკთა შორის ჭიდაობა ძიუდოში გამარჯვებულები გამოავლინა. ორთაბრძოლები ქალაქ თბილისში ძიუდოს აკადემიაში გაიმართა.
შეჯიბრს წინ შესარჩევი ეტაპი უძღოდა და მასში საქართველოს 66 კლუბი ღებულობდა მონაწილეობას. პირველი ტურის შემდეგ უძლიერესი 12 კლუბი შეირჩა, მათ შორის იყო იმერეთის კლუბი ,,ბაგრატი”, რომლის შემადგენლობაში 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა გიორგი წიქვაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის კლუბ ,,ფალავანის” აღზრდილი( დირექტორი ვეფხია სტურუა) . დასკვნით ეტაპზე ასპარეზობისას იმერეთის კლუბმა შესანიშნავი ორთაბრძოლები აჩვენა, დაამარცხა თბილისის კლუბი და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
,,აღსანიშნავია, რომ გიორგი წიქვაძემ შეხვედრებში აბსოლუტური გამარჯვება აჩვენა, რამაც კლუბ ,,ბაგრატის” ჩემპიონობა განაპირობა. აღნიშნული ჩემპიონატის სიძლიერეს მოწმობს, რომ ის ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობისაა. საპრიზო ფონდი შეადგენდა260 000 ლარს. გამარჯვებულ გუნდ ,, ბაგრატს ” გადაეცა 50 000 ლარი. ვსარგებლობ შემთხვევით, და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ვულოცავ იმერეთის გუნდს, განსაკუთრებით კი გიორგი წიქვაძეს . გიორგის ჩემთან ერთად წვრთნის და მის გამარჯვებაში დიდი დამსახურება მიუძღვის ახალგაზრდა მწვრთნელს, ბესარიონ შვანგირაძეს. მასაც ვულოცავ კლუბ ,, ბაგრატის ” საქართველოს ჩემპიონობას.”_ თქვა “გურია ნიუსთან” კომენტარში საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ჭიდაობა ძიუდოში, ავთანდილ თარგამაძემ.
ავტორი