ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა შემაჯამებელი ანგარიში: „საპროტესტო აქციების მონიტორინგი (2022 წლის აპრილი-ივნისი)“.
ანგარიშის მიზანია 2022 წლის 1 აპრილიდან – 30 ივნისამდე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას იდენტიფიცირებული პრობლემური ტენდენციების, დარღვევების სამართლებრივი ანალიზი და სამართალადმცავი ორგანოების წარმომადგენელთა ქმედებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება.
დოკუმენტში განხილულია თბილისსა და რეგიონებში სამოქალაქო მოძრაობების, პოლიტიკური პარტიების და სხვა ჯგუფების, მედიასაშუალებების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული სოციალური, პოლიტიკური შინაარსისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სხვა სახის საპროტესტო აქციების დაკვირვების შედეგები.
“2022 წელსაც, მონიტორინგის პერიოდში გამართული საპროტესტო აქციების დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა სართალდამველთა არაპროპორციული ძალის მობილიზების, აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებების შემთხვევები. აქციის მონაწილეებს კვლავ ერთმევათ დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის – კარვების) განთავსების შესაძლებლობა, რაც შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას წარმოადგენს. 2022 წლის 6 მაისს ბათუმში გამართულაქციაზე იდენტიფიცირებულ სამართალდარღვევათა ანალიზის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ქმედებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, დგინდება, რომ არ იყო დაცული შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების უფლება და შესაბამისი სტანდარტები და ხელისუფლება სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური რეპრესიების განხორციელების იარაღად კვლავ იყენებს. აგრეთვე, ხელისუფლება რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ იარაღად საბჭოთა პერიოდში მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს იყენებს, ისე, რომ აქციის მონაწილეებს არ აქვთ სამართლიანი პროცესის გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობა“,_ ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის ბოლოს მოცემულია რეკომენდაციები:
“საქართველოს მთავრობას:
● თავი შეიკავოს მშვიდობიანი შეკრების უფლების არაპროპორციული შეზღუდვებისგან;
● მშვიდობიანი შეკრებების დროს თავი შეიკავოს საპროტესტო კარვებისა და სხვა დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვისგან;
● გააკეთოს განმარტებები გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და მკაფიოდ და არაორაზროვნად დაგმოს ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები.
საქართველოს პარლამენტს:
● გონივრულ ვადაში მიიღოს ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რითაც სრულყოფილად იქნება დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, საჯარო ინტერესები და კანონის უზენაესობა. სასამართლო ხელისუფლებას:
● საერთო სასამართლოებში საქმის განხილვისას გააძლიეროს სასამართლო კონტროლი დაკავებისას, სამართალდამცავთა მხრიდან, ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე.
● უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მოსამართლეთა მიერ გამოტანილ დადგენილებებში დასაბუთებულობის ხარისხის ამაღლება;
● შეაფასოს სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და მათი მოპოვების კანონიერების საკითხი.
● სასამართლომ სრულფასოვნად უზრუნველყოს ინკვიზიციურობის პრინციპის გამოყენება საქმეთა განხილვის პროცესში;
სამართალდამცავ ორგანოებს:
● პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებას;
● შსს-მ დემონსტრაციების მიმდინარეობისას უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება და მათი თავისუფალი და შეუფერხებელი საქმიანობა;
● შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტები და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება;
● შსს-მ შეცვალოს მშვიდობიანი შეკრებების დროს კარვების/სხვა კონსტრუქციების გაშლის შეზღუდვის უკანონო და თვითნებური პრაქტიკა;
● აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველსაყოფად პოზიტიური ვალდებულების სათანადოდ შესრულების მიზნით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ანგარიში მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის ფარგლებში – „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი“, რომელსაც მხარს უჭერს აშშ–ის ფონდი – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED). ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას. შესაბამისად, NED არ არის პასუხისმგებელი ტექსტის შინაარსზე.