ამ წუთებში ოზურგეთის საკრებულოს სხდომა საკრებულოს წევრ ნაციონალმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ნაციონალმა დეპუტატმა რაინდი დუმბაძემ სხდომის დაწყებისას, როდესაც თავმჯდომარე დღის წესრიგს კითხულობდა, სიტყვა ითხოვა.
“ორ წუთიანი განცხადება მაქვს. რეალურ პრობლემებზე მინდა გითხრათ, არ ვაპირებ აჟიოტაჟის ატეხვას”,_ თქვა მან.
თუმცა მას სიტყვის თქმის უფლება არ მისცა თავმჯდომარემ. უთხრა, რომ როცა დღის წესრიგი დასრულდებოდა, ყველა დეპუტატი მოუსმენდა.
მეორე ნაციონალმა დეპუტატმა დათო მჟავანაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს დაუსვა კითხვა:
_თქვენ ხომ თქვით, წინა საკრებულოს სხდომაზე, რომ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ყველას ექნებოდა უფლება გაეკეთებინა განცხადება. ახლა გადაიფიქრეთ? თქვით, რომ გადაიფიქრეთ”,_ თქვა მჟავანაძემ.
“ეს არის ქოსატყუილა”,_ თქვა ნაციონალმა დეპუტატმა შალვა თავდიშვილმა,_ “პირველად იტყუება თუ?”
რადგან მათ სიტყვის თქმის უფლება არ მისცეს, ნაციონალმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა.
რაინდი დუმბაძემ “გურია ნიუსთან” განაცხადა, რომ მის სამაჟორიტარო ოლქში, ლაითურში, ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ უნდოდა ეთქვა.
“გზის პროექტირება იყო, რომელიც წინა საკრებულოზე დაიწყეს და შეჩერებული აქვთ. თაროზე შემოდეს. ამ საკითხზე მინდოდა მეთქვა, აჟიოტაჟის გარეშე, მაგრამ არ მომცეს სიტყვის თქმის უფლება და პროტესტის ნიშნად დავტოვეთ სხდომა”,_ თქვა დუმბაძემ.
ავტორი