გუშინ ცნობილი გახდა რომ, საქართველოს ეროვნული გუნდის კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიასთან“ ხელშეკრულებას 2027 წლამდე უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს. ახალი კონტრაქტის მიხედვით, ქართველის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.
მამარდაშვილის უშუალო კონკურენტი იასპერ სილესენი კარიერას ჰოლანდიის ერედივიზიონში, კლუბ „ნაიმეგენში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ესპანურმა გამოცემამ „Superdeporte.es“ გავრცელა.
„სილესენის დრო „ვალენსიაში“ ამოიწურა. კლუბიც და მოთამაშეც მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტრანსფერი საუკეთესო გამოსავალია. ესპანური გუნდისთვის სილესენის გასხვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კლუბს შესაძლებლობა მიეცემა, სამუ კასტილეხო და სხვა მოთამაშეები გაიფორმოს. იასპერი კლუბის თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა და სამშობლოში ბრუნდება. მეორე მეკარის გაყიდვა, დიდი ალბათობით, დააჩქარებს გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის გახანგრძლივების პროცესს. ქართველი ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრია“.
იტალიურ „ნაპოლის“ და ხვიჩა კვარაცხელიას ახალ სეზონში ახალი მეკარე ეყოლება. იტალიური მასმედიის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსის“ კარის დარაჯი კეპა არიზაბალაგა ძალიან ახლოსაა ნეაპოლურ გუნდში გადასვლასთან.
„კორიერე დელო სპორტის“ მტკიცებით, ესპანელი „ნაპოლის“ იჯარით შეუერთდება და ხელფასის 75%-ს ინგლისელები გადაუხდიან, ხოლო დარჩენილ 25%-ს – იტალიელები.
კეპას ტრანსფერის პარალელურად, „ნაპოლის“ დატოვებს ალექს მერეტი. იტალიელ მეკარეს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და გულშემატკივრები გუნდიდან მის გაშვებას ითხოვენ, რადგან არასტაბილურად თამაშობს. მერეტი იჯარით „სპეციაში“ გადავა და გარიგება პრაქტიკულად დახურულია.
კეპა „ჩელსიში“ 2018 წელს გადავიდა და 124 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, ბოლო ორი სეზონი ის ედუარდ მენდის დუბლიორი იყო. ესპანელმა მეკარემ მანამდე სახელი ბილბაოს „ატლეტიკში“ მაღალ დონეზე თამაშით გაითქვა. რაც შეეხება მერეტს, ის „ნაპოლის“ წევრი 2018 წლის ზაფხულში გახდა და დღემდე 92 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მანამდე კი „უდინეზესა“ და „სპალის“ კარს იცავდა.
გუშინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია „ფეისბუქით“ გულშემატკივრებს ესაუბრა და არაერთ საინტერესო კითხვაზე პასუხი გასცა.
„ვემზადებით როგორც ფიზიკურად, ისე – ტაქტიკურად. სლოვენიაში შეკრებამ საკმაოდ კარგად ჩაიარა. დღეს ბოლო ვარჯიში გვაქვს, შემდეგ კი უნგრეთში გავემგზავრებით. რა თქმა უნდა, სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, პირველი სატესტო მატჩებისთვის საკმაოდ კარგ ფორმაში ვიმყოფებით. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი მხარე დაცვა უნდა იყოს და ის, რაც აქ ვისწავლეთ და რაზეც ვიმუშავეთ, უნგრეთთან თამაშში უნდა ვნახოთ“.
„ყოველთვის არსებობს პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი. ჩვენთვის მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ არასდროს გადაგვილახავს ჯგუფიდან გასვლის შემდეგი ეტაპი, შუალედური პროგრამა ალბათ მომდევნო ეტაპის გადალახვა უნდა იყოს“.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინ თამაში. მოგეხსენებათ, ძალიან დაგვეხმარა გულშემატკივარი ესპანეთთან მატჩში. რა თქმა უნდა, წნეხის ფაქტორი არის, მაგრამ ცოტაოდენი წნეხი პასუხისმგებლობის გრძნობის გასაღვივებლად ალბათ საჭიროც არის“.
„ჩემთვის ყველაზე მთავარი კომპონენტი გუნდის ქიმიაა – ურთიერთობები, პატივისცემა და ერთობა. როდესაც ეს ყველაფერი გვაქვს და მოედანზეც აისახება, შეგვიძლია ნებისმიერ გუნდს თანაბრად ვეთამაშოთ. ყოველთვის ვცდილობ, ეს მაღალ დონეზე იყო დალაგებული“.
დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უნგრეთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისა და ევრობასკეტი 2022-ისთვის მზადების ციკლში პირველ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.
გუნდს გამოძახებულ კალათბურთელთაგან კვლავ აკლია „ინდიანა პეისერსის“ ცენტრი გოგა ბითაძე, რომელიც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას ინდიანაში გადის და ჯერაც უცნობია კონკრეტული თარიღი როდის შეუერთდება ეროვნულ გუნდს. სამაგიეროდ, უკვე ნაკრებთან ერთადაა „მილუოკი ბაქსის“ თავდამსხმელი სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც NBA-ს რეგულაციებიდან გამომდინარე, ძირითადად, ინდივიდუალური მზადებით შემოიფარგლებოდა, 4 აგვისტოდან კი, უკვე სრულფასოვან ვარჯიშებში ჩაებმება.
ქართველი კალათბურთელები ასევე ევრობასკეტის მონაწილე უნგრეთს 5 და 6 აგვისტოს, ქალაქ კეჩკემეტში, ორჯერ გაეჯიბრებიან.
უნგრული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება და 8-15 აგვისტოს მე-2 შეკრება ექნება, რომლის დროსაც ისრაელის ნაკრებთან ორ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. თამაშები 12 და 13 აგვისტოსაა დაგეგმილი. 17-19 აგვისტოს ქართველ კალათბურთელებს ათენში „აკროპოლისის თასი“ ელით, სადაც მეტოქეებად მასპინძელი საბერძნეთი, თურქეთი და პოლონეთი ეყოლებათ.
ავტორი