NDI და მისი კონტრაქტორი კომპანია ათეული წელია, რაც ნდობას აღარ იმსახურებს – 10 წლის განმავლობაში ვიდრე აქტუალური იყო დავით ბაქრაძის პოლიტიკურ ლიდერად წარმოჩინება, სულ მეორე ადგილზე იყო, ბოლო კვლევაში ამ კუთხით გაქრა. ძველ კვლევაში სახალხო დამცველი გახდა უცბად ხალხში ყველაზე პოპულარული. ამიტომ ბადებს ეჭვს, რომ მანიპულაცია ხდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, NDI-ის კვლევებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, NDI ბადებდა ეჭვებს, თუ რამდენად პროფესიონალურად ან კეთილსინდისიერად იყო ჩატარებული კვლევები.
„NDI და მისი კონტრაქტორი კომპანია ათეული წელი შესრულდება, რაც ნდობას აღარ იმსახურებს. ყველა პროგნოზი, რომელიც ამ კვლევებიდან იდებოდა არჩევნების წინ იმდენად დიდად იყო აცდენილი რეალობას, რომ ბადებდა გარკვეულ ეჭვებს, რამდენად პროფესიონალურად, ან კეთილსინდისიერად იყო ჩატარებული.
ჩვენ ათი წლის განმავლობაში ვიცოდით, რომ ნდობით და პოპულარობით ხალხში სულ მცირე მეორე ადგილზე დავით ბაქრაძე იყო. ეს იყო ის რეიტინგი, რომელიც საზოგადოებას უჩვენებდა ვინ იყო საზოგადოების თვალში კარგი პოლიტიკოსი. ადამიანები ღრმადაც ვერ არჩევდნენ ეს საარჩევნო რეიტინგია, კეთილგანწყობის თუ სხვა. ცნობადობა არც ახლა აკლია ამ ადამიანს, უბრალოდ 10 წლის განმავლობაში სანამ აქტუალური იყო დავით ბაქრაძის პოლიტიკურ ლიდერად წარმოჩინება, სულ მეორე ადგილზე იყო, იშვიათად მესამეზე. ბოლო კვლევაში ამ კუთხით დავით ბაქრაძე გაქრა, აღარ იკითხება. ძველ, რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ კვლევაში სახალხო დამცველი გახდა უცბად ხალხში ყველაზე პოპულარული. ამიტომ ბადებს ეჭვს, რომ მანიპულაცია ხდება“,- აღნიშნავს ქადაგიშვილი.
გარდა ამისა, მან ამერიკის ელჩის განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში ძალიან გაკვირვებულები არიან იმით, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. ოთხეულის რუსულ დეზინფორმაციაზე აგებულ განცხადებებს და ნარატივს არ ემიჯნება.
„საქართველოს და ამერიკას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა. ეს არის ხელისუფლების მოქმედების ძირითადი ხაზი. აქ ეჭვების შეტანა ზედმეტია. ომის დაწყების შემდეგ ძალიან ბევრი ისეთი საკითხები გაჩნდა, რომელიც საზოგადოებაში შეკითხვებს იწვევს. ამ ოთხეულის პასუხი იყო, რომ ამაზე რატომ არ ვრეაგირებთ? რატომ არ ვაკეთებთ მკაფიო განცხადებებს. ხელისუფლების პოზიცია იყო, რომ ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი არ შეიძლება. მათ თქვეს, ხომ ხალხში ეს გაურკვევლობა დამაზიანებელია ამ (ევროკავშირთან) ურთიერთობისთვის. ამიტომ მოხდა გამიჯვნა. მაინც ვფიქრობ, რომ თუ არის შეკითხვა, სჯობს კორექტულად და ზრდილობიანად, საქმიანად დაისვას, პასუხიც საქმიანად მიიღო. ომის დაწყების შემდეგ მრავალი მოწოდება დაიწყო პირდაპირი და ირიბი, შეფარვითი, ბიძგი, რომ უფრო მკაცრი და შემტევი პოზიცია ჰქონოდა საქართველოს.
როდესაც ოკუპანტთან გვაქვს საქმე, არ ვიცით ეს მკაცრი და შემტევი პოზიცია როგორ შემოგვიტრიალდებოდა. დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ საბჭოთა კავშირი კი დაიშალა მაგრამ დიდი იმპერიის დაშლა ერთ დღეში არ სრულდება, ათეული წელი გრძელდება, ჩვენ შეიძლება დაშლის პროცესის ბოლოში გავდივართ და ამ დაშლის პროცესში ჩვენ ვხედავთ, რომ შეიძლება ბოლო მოქნევის კუდი ისეთი მწარე იყოს, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენ არ გვინდა, რომ ასეთი საქართველოშიც მოხდეს“,- აღნიშნავს ქადაგიშვილი.