სტრესს სასიცოცხლო მნიშვნელობაც აქვს და ნებისმიერ სიტუაციაში ორგანიზმის დამცველი რეაქციაა, რომლის დროსაც ერთად იყრის თავს ყველა სისტემა: ნერვული, გულ–სისხლძარღვთა, კუნთოვანი და ასე შემდეგ. ორგანიზმი სტრესის დროს ფხიზლდება, ემატება ტონუსი, მზადაა საბრძოლველად და თავის დასაცავად. ნებისმიერი ადამიანი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განიცდის ასეთ სტრესს და ეს კარგიცაა. ოღონდ, გასათვალისწინებელია, რომ ეს „კარგი“ სტრესი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს და კრიტიკული სიტუაციის გასვლისთანავე, აუცილებელია, ორგანიზმი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.
რაც შეეხება „ცუდ“ სტრესს, ის იწყება სტრესული სიტუაციის გასვლის შემდეგ, ანუ, ადამიანი მაინც დაძაბული რჩება და ვერ უმკლავდება ამ მდგომარეობას, შედეგად კი იფიტება ნერვული სისტემა; შესაძლოა, განვითარდეს კუჭის წყლული ან ინფარქტი. „კარგი“ სტრესის დროს გადაღლა ფიზიკური ხასიათისაა: მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყავით, ბრაზობდით, მაგრამ, საკმარისია, შინ დაბრუნდეთ, შხაპი მიიღოთ, მუსიკას მოუსმინოთ და ყველაფერი წარსულს ჩაბარდება – თქვენ მშვიდდებით. „ცუდი“ სტრესის დროს კი გრძნობთ, ცხოვრებამ როგორ დაგღალათ, სულიერად როგორ გამოგფიტათ, დაგერღვათ ძილის რეჟიმი, დაგიქვეითდათ მადა და მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ პოულობთ.
სტრესის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მეთოდი არ არსებობს. მიდგომა დამოკიდებულია ადამიანის ფსიქოტიპზე, ხასიათსა და თვისებებზე, ასევე, თვითკონტროლზეც. მიუხედავად ამისა, არსებობს ფსიქიატრთა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ნამდვილად გამოგადგებათ, მაგალითად:
„ცუდი“ სტრესის მოსახსნელად არ არის საკმარისი ავტოტრენინგი, უნდა გადაერთოთ აქტიურ მოქმედებაზე – იპოვეთ თქვენი სულიერი მოთხოვნილებების შესაბამისი აქტიური საქმე.
სტრესის დროს აგრესიას უპასუხეთ აგრესიით, მაგრამ ბრაზი გარშემო მყოფებზე არ გადაიტანოთ. „ცუდმა“ სტრესმა რომ გაგიაროთ და გუნება–განწყობა გაგიუმჯობესდეთ, საკმარისია ენერგიის მაქსიმალურად დახარჯვა.
დაისახეთ ზუსტი მიზანი, ისწავლეთ დღის დაგეგმვა, ნუ გადაიღლებით ზედმეტად.
საკუთარ თავში ჩაკეტვით სტრესი დეპრესიაში გადაიზრდება. ეცადეთ, განიტვირთოთ აქტიური ვარჯიშით, სუფთა ჰაერზე სეირნობითა და მეგობრებთან გართობით.