შპს “კვირიკეთის ქათამი”, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში, რამდენიმე წელია, ფუნქციონირებს. მცირე მეწარმემ ალეკო გელაშვილმა, როგორც აქ ამბობენ, ცოტა გაფართოება როცა მოახერხა, ცალკე ააგო დამოუკიდებელი კორპუსი სოფელ ლიხაურის ტერიტორიაზე.
ეს შენობა ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალური გზის სიახლოვეს მდებარეობს, სოფელ ლიხაურში.
როგორც “გურია ნიუსს” აცნობეს, ფრინველის ფაბრიკიდან, დაკლული ქათმების ნაწლავები, ყველანაირი ნარჩენი, გააქვთ და იქვე, მინდვრებში ყრიან. ხოლო შემდეგ ამ ნარჩენებს მიუსაფარი თუ მონადირების ძაღლები დაათრევენ ყველა მიმართულებით. ადგილზე კი ანტისანიტარია და ასევე, აუტანელი სუნი დგას.
_ რა ნარჩენები, ქალბატონო? რის ანტისანიტარია? აქ ქათმებს არავინ კლავს, მხოლოდ გამოზრდა ხდება. შემდეგ კი გადაჰყავთ სოფელ კვირიკეთში. ძირითადი ბაზა იქ არის და სპეციალური სასაკლაოც იქ აქვთ განთავსებული, _ გვითხრეს ადგილზე მყოფმა, ფაბრიკაში დასაქმებულმა ახალგაზრდებმა.
ჩვენ დავათვალიერეთ ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია, ასევე, შიდა ეზოს ყველა მხარე.
ის, რაც ადგილზე აღმოჩნდა, უფრო საყოფაცხოვრებო ნაგავია, რომლის დაწვის მცდელობაც ჰქონდათ, როგორც აქ მომუშავე ახალგაზრდებმა გვითხრეს, თუმცა წვიმიანი ამინდების გამო, მეტად არ მოხერხდა.
_ ჩვენ აქ ვმუშაობთ და ქათმებს მხოლოდ ვზრდით. არის შემთხვევები, როცა კვდება წიწილა თუ უფრო მოზრდილი ქათამი. ეს ხომ სახლშიც შეიძლება მოხდეს, როცა ადამიანს მხოლოდ ოციოდე ქათამი ჰყავს? ამისთვის სპეციალური კასრი დგას და იქ ვყრით. აქვს თავსახური. შემდეგ ხდება გატანა და განადგურება. უფრო უკეთ ამ ყველაფრის შესახებ, დირექტორი გეტყვით, _ გვითხრეს თანამშრომლებმა.
შპს “კვირიკეთის ქათამის” ხელმძღვანელი, ალეკო გელაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრობს და, როგორც თავად გვეუბნება, გულახდილი ადამიანია და დასამალი არაფერი აქვს:
_ ეს ბიზნესი შვიდი წლის წინ დავიწყეთ. მშრომელი ადამიანი ვარ. ასეთივე ოჯახი მყავს. ცუდად რომ მემუშავა და ანტისანიტარია მქონოდა, ვერ მოვახერხებდით განვითარებას. ზოგჯერ ადამიანებს ის სწყინთ, ფეხზე რომ დადგები, არ გაგიჭირდება და სხვასაც დაეხმარები…
_ ჩვენ შეგვატყობინეს, რომ ნარჩენებს აქედან მინდორში ჰყრიან და ძაღლები დაათრევენ… მოგვაწოდეს ფოტომასალაც…
_ იყო ცალკეული ფაქტები, როცა მიუსაფარმა ძაღლებმა მკვდარი ქათმები გაათრიეს. მკვდარი ფრინველი ცალკე კასრში თავსდება. მოგეხსენებათ, ბევრი მიუსაფარი ძაღლი დადის _ მოჩვეულები არიან. მათ სულ ვაძლევთ საკვებს. თუმცა, ძაღლი ძაღლია და თავღიაც არ უნდა დარჩენილიყო ის კასრი. ამაზე მე რეაგირება მოვახდინე და ერთი პირი დავითხოვე კიდეც სამსახურიდან. შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული. შესაძლოა, ესეც სპეციალურად გაავრცელეს. ისე კი გეტყვით, რომ ამ ფაბრიკაში ფრინველის მხოლოდ გამოზრდა ხდება. აქ არასდროს არ იკვლება ქათამი. აქედან გამომდინარე, ლოგიკაც არსებობს ხომ? როცა არ ვკლავთ, ნაწლავებსა და სხვა ნარჩენებს როგორ დავყრით? საჭმელად კი, თუ დასჭირდებათ, კვირიკეთში ვკლავთ და გამზადებული მოგვაქვს აქ, _ გვითხრა მან.
_ მოგვაწოდეს კონკრეტული ფოტომასალა, სადაც ძაღლები ძიძგნიან ქათმის ნარჩენებს…
_ ხომ შეიძლება, რომ ძაღლებს ფოტო სულ სხვაგან გადაუღეს და ეს პროვოკაცია იყოს? ფაბრიკის ეზოა? ვინ დაამტკიცებს, რომ აქ არის? მით უფრო, მტრული განწყობებიც არსებობს. ხდება ეს ცხოვრებაში. მე გულახდილად გითხარით, რა ფაქტიც მოხდა. რეაგირებაც მოვახდინე.
_ გვაცნობეს ისიც, რომ მონადირეთა ჯგუფი როცა დადის, ამ სივრცეში პოულობენ მკვდარ ფრინველს თუ დაკვლის შემდეგ გადაყრილ ნაწლავებს…
_ კვლავ გულახდილად გეტყვით. იყო ასეთი ფაქტიც _ მონადირემ მთხოვა, თუ ქათამი მოკვდეს, ტურებზე ვნადირობ და მოგვეცი, უნდა მოვიტყუოთ ახლოსო… შესაძლოა, დადეს სადმე და მერე ნადირიც არ მიეკარა. ესეც გასათვალისწინებელია. თქვენ მადლობას გიხდით, რომ არ დააყოვნეთ და მოხვედით. აწი გავითვალისწინებ, რომ შესაძლოა, ალალად გადადგმული ნაბიჯი უკან ცუდად შემოგიბრუნდეს… ვიმეორებ, ხომ ხედავთ ფაქტს. აქ ქათმები არ იკვლება. ფაბრიკის ამ კორპუსში მხოლოდ ვზრდით. ეზოში ანტისანიტარია არასდროს გვაქვს. მცირე რაოდენობით კი არის, თუმცა, ამას მალე გავიტანთ, _ ამბობს გელაშვილი.
ალეკო გელაშვილმა გვითხრა ისიც, რომ იმ ფაქტის შემდეგ, როცა მიუსაფარმა ძაღლმა მკვდარი ფრინველი გადაათრია, უფრო კონკრეტული ღონისძიება მიიღო _ თითოეულ მკვდარ წიწილას თუ ქათამს სპეციალურ პოლიეთილენში ათავსებენ და შემდეგ ყრიან მჭიდროდ თავდახურულ კასრში. შემდეგ კი ხელშეკრულებით შეთანხმებულ ორგანიზაციას გააქვს.
რაც შეეხება მიუსაფარ ძაღლებს, მათი რაოდენობა ყველგან ბევრია. აქაური თანამშრომლები ამბობენ, რომ შარშანაც იყვნენ მოჩვეული, თუმცა წელს მათი რაოდენობა გაიზარდა.
ფაბრიკის ტერიტორიაზე არსებული ნაგვის გროვები ჩვენ საგანგებოდ დავათვალიერეთ. ზოგადად, ნაგვის ერთ ადგილზე თავმოყრა და მისი გაჩერება გაუმართლებელია. თუმცა, აქ ნამდვილად არ იყო ფრინველის დაკვლის შედეგად შეგროვილი ნარჩენები. ეს უფრო ყუთების, სხვადასხვა ქაღალდის თუ მსგავსი ნარჩენების გროვა უფრო იყო და არა ფრინველის დაკვლის შედეგად მოგროვილი ნარჩენი.
შპს “კვირიკეთის ქათამის”, პროდუქცია, როგორც ალეკო გელაშვილი ამბობს, ბაზარზე რეგულარულად გადის. ძირითადად, საბითუმო ბაზარს ამარაგებენ გურიასა და აჭარაში და მისივე თქმით, შესაძლოა, ეს ზოგს არ უხაროდეს ან უფრთხოდეს კონკურენციას.
_ ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ვთანამშრომლობთ სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურთან. შეგიძლიათ ჰკითხოთ, რომ მსგავსი ფაქტები აქ არ მომხდარა. ეს იყო ცალკეული შემთხვევები, რაზეც სასწრაფო რეაგირება მოვახდინეთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, რომ თქვენც რეაგირებთ. ახალშობილი ბიზნესი ჭორს არ უნდა შეეწიროს. ისიც არ წარმომედგინა, რომ შესაძლოა, მეგობრულად გადადგმული ნაბიჯი, ძალიან ცუდად შემომიბრუნდეს. ახლა რა უნდა უთხრა კონკრეტულ ადამიანს, ვნადირობო და მკვდარი ქათამი ტურების შემოსატყუებლად მჭირდებაო, რომ გთხოვა? შემდეგ კი, სულაც არ ან ვერ გამოიყენოს და მინდორში გადააგდოს. რომ იტყვიან, “ზოგი ჭირი მარგებელია” და გავითვალისწინებ, _ გვითხრა ალეკო გელაშვილმა.
ავტორი