გამოცემა „The Vancouver Sun“ იუწყება, რომ გამოკვლევების შედეგებმა, რომლებიც ჩატარდა ვანკუვერის ბრიტანეთის კოლუმბიის კანადური უნივერსიტეტის ფსიქოლოგების მიერ, დაადასტურეს – 9 თვის ბავშვებს შეუძლიათ განასხვაონ მეგობრები არაკეთილმოსურნეთაგან.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ იმ ადამიანებს, ვინც მათ თბილად ეპყრობა; მკვლევარებისათვის ახალი აღმოჩნდა ის გარემოება, რომ ბავშვები ამ ასაკში მიუღებლობას გამოხატავენ იმათ მიმართ, ვინც საპირისპიროდ ექცევა.
პროფესორი კაილი ჰემლინი ირწმუნება, რომ ბავშვების დამოკიდებულება გარემომცველ პირთა შეფასებისადმი ეყრდნობა მსგავსებისა და განსხვავების პრინციპებს.
ჩატარდა შემდეგი სახის ექსპერიმენტი: თავდაპირველად ფსიქოლოგებმა დაადგინეს, თუ რომელ საკვებს ანიჭებენ პატარები უპირატესობას – კრეკერებს თუ მწვანე ლობიოს. შემდეგ მათ აჩვენეს თოჯინური წარმოდგენა, სადაც ერთი პერსონაჟი ირჩევს კრეკერს, ხოლო მეორე – მწვანე ლობიოს. ბავშვები სრულიად გამოკვეთილად აძლევდნენ უპირატესობას იმ თოჯინას, რომლის გემოვნებაც შეესატყვისებოდა მათ საკუთარს – ერთმა მათგანმა აკოცა კიდეც გემოვნებით მის მსგავს თოჯინას.
მეცნიერები იმასაც ამტკიცებენ, რომ ბავშვებს უნარი აქვთ გამოხატონ სიმპათიები პრინციპით: „ჩემი მტრის მტერი – ჩემი მეგობარია“, რითაც ახდენენ მომავალი სოციალური ალიანსების ადრეული გაფორმების დემონსტრირებას.
პროფესორი ჰემლინი ხაზს უსვამს, რომ ასაკი ხელს უწყობს ამ ტენდენციის გაძლიერებას და ზრდასთან ერთად ბავშვები სიმპათიას გამოხატავენ იმ პირთა მიმართ, ვისაც მათთან მეტი საერთო აქვთ – წარმოშობა, ენა, გარეგნული ატრიბუტები და ანტიპათიას – „სხვების“ მიმართ.
მკვლევარი აქვე აღნიშნავს, რომ მოზრდილებიც უარესად ეპყრობიან გარეშეთ, ვინც მკვეთრად განსხვავდება მათგან და ამყარებენ კავშირებს მათთან, ვინც ასევე ცუდად ეპყრობა „სხვებს“. ამ მოვლენას მეცნიერები უწოდებენ ქსენოფობიას, რაც ჯგუფებსშორისი კონფლიქტების სათავეა.
ავტორი