დღვანდელ სპორტულ მოგონებებს ცნობილ ქართველ ჩოგბურთელებს დავუთმობთ. ალექსანდრე მეტრეველი და ლეილა მესხი წლების განმავლობაში უცხოეთში წარმატებულად ასპარეზობდნენ და თანამემამულე გულშემატკივრებისთვის დიდი სიხარული მოჰქონდათ. თავის დროზე ალექსანდრე მეტრეველს უიმბლდონის ტურნირის ფინალში უთამაშია, ლეილა მესხს კი იმ დროის არაერთი ვარსკვლავი დაუმარცხებია.
ალექსანდრე მეტრეველი
„პირველ დიდ საერთაშორისო წარმატებას უიმბლდონზე მივაღწიე – ჭაბუკთა ტურნირის ფინალში ვიასპარეზე, მაგრამ დავმარცხდი. ჩემი მეტოქე ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, „ოქროს ბურთის” პირველი მფლობელის, სერ სტენლი მეტიუზის ვაჟი, ასევე სტენლი მეტიუზი იყო… მაშინ ბიჭები ერთად ვცხოვრობდით და ფინალის წინა დღეს ფეხბურთი ვითამაშეთ: ევროპელები სამხრეთამერიკელების წინააღმდეგ. ფეხი ვიტკინე, ფინალში კი ჩვეულად ვეღარ გამოვედი და…
განვიცდი თუ არა „უიმბლდონის” ფინალში მარცხს? რა თქმა უნდა! გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, ოცნება ვერ ავისრულე. დღეს ხშირად ვისმენ აზრს, რომ იან კოდეშთან შემთხვევით დავმარცხდი. ეს აზრი ჩემთვის მიუღებელია. მართალია იმ ფინალამდე კოდეშთან პირად შეხვედრებში დიდი უპირატესობა მქონდა, თუ არ ვცდები 7:1-ს ვუგებდი, მაგრამ ამის მიუხედავად, ის მაღალი დონის ჩოგბურთელი იყო. სხვა თუ არაფერი, ორჯერ მოიგო როლან გარო, იმ წელს კი ამერიკის ღია პირველობის ფინალშიც გავიდა… ცხადია, წაგების გამო გული მწყდება, მაგრამ მაშინ, ფინალის დასრულებისას, ვფიქრობდი, რომ კარიერის ბოლომდე კიდევ ვითამაშებდი დიდი სლემის ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში.
უამრავ ძლიერ ჩოგბურთელთან მითამაშია: პანჩო გონსალესი, ჯონ ნიუკომბი, ბიორნ ბორგი, ჯიმ კონორსი, ილიე ნასტასე, ანტონიო პიეტრანჯელი, მანუელ სანტანა, მაგრამ საუკეთესო ავსტრალიელი როდ ლეივერი იყო. ის არ გახლდათ განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით დაჯილდოებული, თუმცა ბრწყინვალე ტექნიკას ფლობდა და საოცრად გრძნობდა ბურთს! მასთან ერთად ხშირად მივარჯიშია.
ბიორნ ბორგი? საკამათო არაა – უმაღლესი დონის ჩოგბურთელი იყო, ამავდროულად ნოვატორიც: მან შემოიტანა უკანა ხაზზე თამაში, მოწოდების ორი ხელით მიღება, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ლეივერთან მისი შედარება არ შეიძლება. ერთხელ, როცა ბორგი თბილისს ესტუმრა, ცოტა დავლიეთ და მითხრა, ჩოგბურთის გამო პირველად შენთან წაგების შემდეგ ვიტირეო.
დევისის თასზე 105 შეხვედრა ჩავატარე. მგონი, ეს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ამ გათამაშების ისტორიაში. ჩვენ, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები, გაცილებით მეტს მივაღწევდით პოლიტიკას რომ არ შეეშალა ხელი – სწორედ ამიტომ არ გვათამაშეს სამხრეთაფრიკელებთან, ჩილელებთან… არადა, ძალიან კარგი გუნდი გვყავდა: მე, თეიმურაზ კაკულია, სერგეი ლიხაჩოვი, გუნდის კაპიტანი შამილ ტარპიშჩევი.
დევისის თასზე პირველად უიმბლდონის ჭაბუკთა ტურნირის ფინალში გასვლის შემდეგ ვითამაშე. საბჭოთა კავშირის ნაკრებში შემიყვანეს და გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, კორტზე მაშინ შემიშვეს, როცა შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. მითხრეს, წავაგეთ, მაგრამ გადი, გამოცდილებას მიიღებო. მოგვიანებით გერმანელებს კიდევ ორჯერ შევხვდით და ორჯერვე მოვუგეთ. სხვათა შორის, წლების შემდეგ დიუსელდორფის იმ საჩოგბურთო კლუბის სახელით გერმანიის ვეტერანთა ჩემპიონატი მოვიგე, მოგვიანებით კი ევროპის ჩემპიონატი.
ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში ზედიზედ სამჯერ მოვიგე მთავარი პრიზი. წესისამებრ, ის სამუდამო მფლობელობაში გადმომეცა – ძალიან ლამაზი ჯილდო იყო, ძველებური, ვერცხლისფერი, საოცრად ლამაზი ორნამენტებით! ერთ მშვენიერ დღეს თბილისში სახლი გამიტეხეს და მხოლოდ ის თასი წაიღეს. სამწუხაროდ, სამუდამოდ დაიკარგა.
ამერიკაში მოგებული ერთი ტურნირის შემდეგ, როცა მკითხეს რა გადმოგცეთო, ავტომობილი-მეთქი, ეგრევე ვუპასუხე. ძალიან ლამაზი „ფორდ-მუსტანგი” მისახსოვრეს, სპორტული, კონდიციონერით… მოსკოვში ოთხი დღე ნომრის გარეშე დავქროდი, მილიციას ერთხელაც არ გავუჩერებივარ! მერე თბილისში ჩამოვიყვანე. იმ დროს ჩვენთან რამდენიმე უცხოური მანქანა დადიოდა, ერთ-ერთი ლეგენდარული ანსამბლის „ორერას” სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ ბარძიმაშვილს ჰყავდა – მოჭადრაკე ბორის სპასკისგან იყიდა თავის დროზე.
1979 წელს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე გამოვედი, ტურნირის შუაში კი მე და შამილ ტარპიშჩევი იურმალაში გავემგზავრეთ, სადაც დევისის თასზე შვედებს შევხვდით. მახსოვს, ლატვიელები სკანდინავიელებს ქომაგობდნენ – მაშინ ბორგს ვეთამაშე და გულშემატკივრების სასიხარულოდ, დავმარცხდი.
ერთხელ ლევ იაშინთან ერთად ვიყავი ინდოეთში, დელიში. მაშინ ლეონიდ ბრეჟნევი ჩავიდა იქ და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდებოდა, დადებითი ფონის შესაქმნელად მსახიობები და სპორტსმენებიც წაგვიყვანეს. სადღაც საშინელ სასტუმროში შეგვასახლეს, არც ცივი წყალი მოდიოდა, არც – ცხელი. საჭმელზე არაფერს ვამბობ – სამზარეულოში რომ შევიხედეთ, უმ ხორცს ასობით ბუზი ეხვეოდა… მახსოვს, იაშინს არაყი ჰქონდა წამოღებული – პირსახოცი იმით გავჟღინთეთ და ტანი გავიწმინდეთ. მალე ყველაფერი ყელში ამომივიდა და იქაური ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს დავურეკე, მოგვხედეთ-მეთქი. მისმა პასუხმა თავზარი დამცა: თურმე არც იცოდა ინდოეთში რომ ვიყავით. მალე წაგვიყვანეს ნორმალურ სასტუმროში და ჩვენც გვეშველა. იმ დღეებში იაშინს ძალიან დავუახლოვდი – დიდებული კაცი იყო!“
ლეილა მესხი
„1983 წელს ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე გავედი, რომელიც საფრანგეთში გაიმართა. იქ მესამე ადგილი დავიკავე – ნახევარფინალში ქალთა ჩოგბურთის მომავალ ლეგენდასთან, შტეფი გრაფთან წავაგე. იმ დროს უცხოეთში მე არავინ მიცნობდა, შტეფი კი ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა – იმ დროისთვის წამყვან სპორტულ კომპანიებთან რამდენიმე კონტრაქტიც აკავშირებდა. ხვდებით რატომ გიყვებით ამას? საბჭოთა და დასავლეთის საჩოგბურთო ცხოვრებაზე რომ შეგექმნათ შთაბეჭდილება. იქ იუნიორები პროფესიონალებად ყალიბდებოდნენ, ჩვენთან კი ჯერ კიდევ ელემენტარულისთვის გვიწევდა ბრძოლა.
1987 წელს პირველი დიდი საერთაშორისო გამარჯვება ვიზეიმე: იუგოსლავიაში მსოფლიო უნივერსიადა მოვიგე ერთეულთა და წყვილთა შორის. ამ შეჯიბრებაში მართლა ძალიან ძლიერი სპორტსმენები იყრიდნენ თავს და უზომოდ გამიხარდა ჩემპიონობა. ერთეულთა ფინალში მასპინძელი, მონიკა გოლეში დავამარცხე. თუ სწორად მახსოვს, იმ დროისთვის ჩემი მეტოქე მსოფლიო რეიტინგში 42-ე საფეხურზე იდგა. გარშემომყოფებმა უნივერსიადის მოგება კი მომილოცეს, მაგრამ იქვე დაამატეს, წარმატება კარგია, მაგრამ ჩათვალე არაფრისთვის მიგიღწევია, ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოო. ეს რჩევა არასდროს დამვიწყებია. მალე ტალინში საკავშირო ჩემპიონატი ჩატარდა. იქ ფინალში გავედი, თუმცა ნატალია ზვერევასთან დავმარცხდი.
1990 წელს საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე, როლან გაროზე ვითამაშე. 1/16 ფინალში მონიკა სელეშს შევხვდი. ჩვენი დაპირისპირება ტელევიზიით გადაიცა და ამ რეპორტაჟის წყალობით უცნაური ისტორია გადამხდა. მოკლედ, პარიზში მცხოვრებმა ქალბატონმა ნათელა ნიკოლაძე-ღამბაშიძემ შემთხვევით ნახა ჩემი გვარი ტელევიზორში. იმ წუთშივე როლან გაროს კორტებისკენ წამოვიდა და მალე გასახდელში მოგვაკითხა მე და ჩემს გუნდს. ცრემლმორეული გვესაუბრა. აღმოჩნდა, რომ დედამისს 1937 წელს საქართველოს ჩემპიონატი მოუგია ჩოგბურთში. ქალბატონმა ნათელამ დედამისის ჯილდო – „ვერცხლის ფოთოლი” მისახსოვრა. უცნაურია, მაგრამ იქამდე რამდენიმე წლით ადრე ზუსტად ასეთივე პრიზი გადმომცა იან ჰომერმა, საქართველოს პირველმა ჩემპიონმა ვაჟთა შორის. დღეს ორივე „ვერცხლის ფოთოლი” ჩემს კოლექციაში ინახება.
კარიერის განმავლობაში უამრავ ძლიერ მეტოქესთან მითამაშია, რამდენიმე მათგანისთვის მომიგია კიდეც, ყველაზე ტკბილად კი 1991 წელს მარტინა ნავრატილოვასთან გამარჯვება მაგონდება. ქალთა ჩოგბურთის ლეგენდა ამერიკაში, ჰილტონ ჰედის ტურნირზე დავამარცხე. გამარჯვებული მესამე სეტს უნდა გაერკვია. 5:4-ს რომ ვიგებდი, თავსხმა წვიმა წამოვიდა და მატჩის დასრულება ერთი დღით გადაიდო. ძალიან დაძაბული გეიმი გამოვიდა – დაახლოებით 15 წუთი ვითამაშეთ. მარტინამ რამდენიმე ბრეიკი ვერ გამოიყენა, მეც გავანიავე მატჩ-პოინტები, თუმცა მეხუთე გამოვიყენე და გავიმარჯვე! სხვათა შორის, იმავე შეჯიბრებაზე ათეულის კიდევ ორ წევრს ვძლიე: ჯენიფერ კაპრიატის და და ნატალია ზვერევას. იქ ფინალამდე მივედი, მაგრამ სამწუხაროდ, გაბრიელა საბატინისთან დავმარცხდი.
1991 წელი ჩემს კარიერაში ყველაზე წარმატებული გამოდგა: სტაბილურად კარგად ვთამაშობდი და რეიტინგში საუკეთესო შედეგი – მე-11 ადგილი სწორედ იმ წლის აგვისტოში ვაჩვენე. მერე ყველაფერი დაღმა წავიდა: ქვეყანა აირია, სავარჯიშო პირობები აღარ მქონდა, ამას ტრავმაც დაერთო და… მოკლედ, წმინდა სპორტული პრობლემების გარდა, უამრავი სხვა თავსატეხიც გამიჩნდა და რამდენიმე წელიწადში ჩოგბურთიდანაც წავედი, არადა, 28 წლის ვიყავი.
1992 წელს, ბარსელონაში გამართული ოლიმპიური თამაშები ჩემი ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრება იყო. იქ წყვილში ვითამაშე ზვერევასთან ერთად. ნატალია ჩემზე გამოცდილი მეწყვილე იყო, რეიტინში პირველ-მეორე ადგილებზე იმყოფებოდა, თუმცა ოლიმპიადას არცთუ კარგ ფორმაში შეხვდა. მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა მოვუმატეთ და ნახევარფინალში გავედით. იქ დებ ფერნანდესებთან ძალიან დაძაბული შეხვედრა წავაგეთ – 6:7, 6:7. საბოლოოდ მესამე ადგილზე გავედით და ბრინჯაოს მედლებით „დავკმაყოფილდით”.
სეულის ოლიმპიურ თამაშებზე საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრის სახელით გამოვედი. იქ მეორე წრეში წავაგე მომავალ ჩემპიონ შტეფი გრაფთან. 4 წლის შემდეგ, ბარსელონაში უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების გაერთიანებული გუნდის წევრი ვიყავი. ძალიან მინდოდა ჩემს მესამე ოლიმპიადაზე, 1996 წელს ატლანტაში, საქართველოს გუნდში მეასპარეზა, მაგრამ ჩემი ტრავმით ეს გამორიცხული იყო – ქუსლის მყესები მქონდა გაწყვეტილი. რამდენიმე ქირურგს მივმართე, მაგრამ ოპერაციისგან ყველამ თავი შეიკავა.
საჩოგბურთო სამყაროში ორ ერთნაირ სპორტსმენს ვერ ნახავთ – ყველა რადიკალურად განსხვავებულია. ორ მათგანთან განსაკუთრებით ვმეგობრობდი – არგენტინელ გაბრიელა საბატინისთან და ესპანელ არანჩა სანჩეს-ვიკარიოსთან. შტეფი გრაფი ჩაკეტილი გოგო იყო, გასახდელში არავის ეკონტაქტებოდა. ასევე თბილად მახსენდებიან ბულგარელი დები მალეევები.
საბატინისთან დაკავშირებით ერთ ისტორიას გავიხსენებ. კარიერის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მეუღლესთან ერთად ამერიკაში ვიყავი ტურნირზე. ვხედავ გაბრიელა გვიახლოვდება. პავლე იცნო, გადაეხვია, მოიკითხა და უცბად ჰკითხა, ლეილა სად არის, აქ არ მინახავსო. პავლემ ჩემზე მიუთითა, ის კი კინაღამ გაგიჟდა, ვერ გიცანი, ძალიან შეცვლილხარო. ეტყობა ახალმა ვარცხნილობამ დააბნია – სანამ სპორტსმენი ვიყავი, თმას მოკლედ ვიჭრიდი“.
ავტორი