90-იანი წლებში, საქართველო ქალების დიდმა ნაწილმა დატოვა და ოჯახის გადასარჩენად ემიგრაციაში გადაიხვეწა. სიდუხჭირეში მცხოვრებმა ქალებმა ეკონომიკური პრობლემების მოგვარება თავის თავზე აიღეს. თუმცა, ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ემიგრაციაში მყოფი ქალების მიერ სამშობლოში გამოგზავნილი ფულს უყაირათოდ ფლანგავდნენ მათი ქმრები ან ოჯახის სხვა წევრები. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა მათი შვილებთან განშორებაა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” და ილიაუნის “ფინანსური განათლების ცენტრის” ერთობლივი კვლევის მიხედვით, 2002-2017 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში 1.4 მილიონი ადამიანი წავიდა.
კვლევაში, სადაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ადამიანური კაპიტალის როლს აფასებენ, ნათქვამია, რომ საქართველოში 15 წელზე უფროსი მოსახლეობის, ანუ სამუშაო ძალის დინამიკა კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც, ნაწილობრივ, გამოწვეულია შობადობის შემცირებით, ნაწილობრივ მოსახლეობის დაბერების ტენდენციით, ნაწილობრივ კი _ მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით.
სამუშაო ძალის დინამიკა
“სამუშაო ძალის შემცირების დინამიკა მწვავე პრობლემაა ქვეყნისთვის. შობადობა 1995-2002 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა, რამაც დღეისთვის შეამცირა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩართული უნდა ყოფილიყო ეკონომიკურ საქმიანობაში,” _ ნათქვამია კვლევაში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 688 600 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.
“საქსტატის” ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2021 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13 960) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25 966).
2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 770.0 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ _ 1 918.7 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი _ ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 30 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 30 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. წინა წელთან შედარებით, 2021 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.0 ერთეულით შემცირდა და 71.4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისთვის _ 67.5 წელი, ხოლო ქალებისთვის _ 75.4 წელი.
დედები ემიგრაციაში
33 წლის თიკო ზენაიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან იტალიაში ერთი წლის და ორი თვის წინ წავიდა. ის მარტოხელა დედაა და ემიგრაციაში წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ თავის ორ შვილს უკეთესი მომავალი შეუქმნას.
“ერთი 15 წლისაა და მეორე კი _ რვის, მას ყველაზე მეტად უჭირს უჩემოდ ცხოვრება. ორივეს ბებია ზრდის. პატარებს ახლა სჭირდებათ დედის გვერდით ცხოვრება და უჭირთ. ხანდახან ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ ღირდა აქ ჩამოსვლაა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ახლა საახალწლოდ ვაპირებ საქართველოში ჩასვლას და შემდეგ ისევ დავუბრუნდები იტალიას”, _ გვეუბნება თიკო.
ნათია ჩიკაშუამ ორი წლის წინ დატოვა საქართველო და ახლა იტალიაშია: “როგორც დანარჩენი ჩემი თანამემამულე, მეც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო დავტოვე ქვეყანა. ერთ ბებოს ვუვლი. თავიდან ძალიან მიჭირდა, მაგრამ ყველაფერს ეგუება ადამიანი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვცხოვრობ. ახლა დროებით, ახალი წლის დღეებში ვაპირებ ჩამოსვლას. ჩემი ორი მცირეწლოვანი შვილი განსაკუთრებით მელოდება და მათ ყველაზე მეტად ვჭირდები. ამ ორ წელიწადში, საქართველოში, მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესდა”, _ გვეუბნება ნათია.
მიგრაციის გავლენა ბავშვებზე
2022 წლის ნოემბერში, ოზურგეთში, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” მიერ მომზადებული ახალი კვლევის “მშობლების შრომითი მიგრაციის ზეგავლენა მათი არასრულწლოვანი შვილების აღზრდისა და განვითარების ფაქტორებზე” პრეზენტაცია გაიმართა.
“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ბავშვზე ზრუნვის სპეციალისტი სალომე ჭიჭინაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს: “კვლევით გამოვლინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი მშობლები, დაკავებული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, ვერ ახერხებენ საკუთარ შვილებთან შეუფერხებლად სატელეფონო კავშირის დამყარებას. არასრულწლოვანი რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მათ ჰქონიათ სირთულეები ან პრობლემური სიტუაციები, რომლის დროსაც სურდათ მშობლებთან გასაუბრება, თუმცა, უშედეგოდ. რადგან დამსაქმებელი, დღის განმავლობაში არ აძლევს მშობელს ტელეფონით თავისუფლად სარგებლობის უფლებას, ან სამუშაო განრიგი არის დატვირთული, რის გამოც მშობელი ვერ ახერხებს მშვიდად და სრული მობილიზებით მოუსმინოს შვილს. სწორედ ეს გარემოებები აჩენს მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების/ემოციური კავშირის რღვევას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ბევრ რისკს შეიცავს როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის”, _ აღნიშნავს სალომე ჭიჭინაძე.
მისივე თქმით, ქალებს ემიგრაციაში მძიმე მდგომარეობაში უხდება მუშაობა და მათი ქვეყნიდან წასვლის შედეგად რთულდება, ასევე მშობელსა და ბავშვის შორის ურთიერთობა:
“მიმდინარე წელს, ორგანიზაცია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა” განახორციელა კვლევა “მშობლების შრომითი მიგრაციის ზეგავლენა მათი არასრულწლოვანი შვილების აღზრდისა და განვითარების ფაქტორებზე”. კვლევის თემატიკის შერჩევა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ არაერთი წელია, ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები (პედაგოგი, აღმზრდელი, სოციალური მუშაკი და სხვა), გამოთქვამდნენ წუხილს იმ ბავშვების მდგომარეობით, რომელთა მშობლებიც წასულები არიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამუშაოდ. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ეკვლია, რა ზეგავლენას ახდენს მშობელთა შრომითი მიგრაცია მათი არასრულწლოვანი შვილების აღზრდა-განვითარების ფაქტორებზე”, _ ამბობს სალომე ჭიჭინაძე.
კვლევის მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით მყოფი პირების ოჯახების, განსაკუთრებით _ მათი არასრულწლოვანი შვილების, გამოწვევებისა და საჭიროებების შესწავლა. ასევე, ზემოაღნიშნული საკითხების შესახებ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი მშობლების ინფორმირებულობისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეფასება. თვისებრივი კვლევის ფარგლებში, სულ ჩატარდა 74 ინტერვიუ, მათგან, 20 _ არასრულწლოვნებთან, 25 _ მზრუნველებთან, ხოლო 29 _ საზღვარგარეთ მყოფ მშობლებთან. რესპონდენტების შეირჩა “თოვლის გუნდის” მეთოდის გამოყენებით. ამასთან, რესპონდენტების შერჩევისას დაცული იყო შემდეგი კრიტერიუმები: გამოიკითხნენ როგორც რეგიონების, ისე დედაქალაქის მცხოვრებლები; გამოიკითხნენ 14-17 წლის არასრულწლოვნები; მშობლის შრომითი მიგრაციის ხანგრძლივობა იყო არანაკლებ 1 წლისა. კვლევის ფარგლებში, ფოკუს-ჯგუფები მოეწყო ასევე გარე აქტორებთან: სოციალური მუშაკებთან, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან, სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მენეჯერებთან და აღმზრდელებთან, ასევე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.
რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ მიუხედავად დასაქმების სფეროსა, საქართველოში მათი შრომის ანაზღაურება იყო მინიმალური, რის გამოც ისინი ვერ ახერხებდნენ ოჯახების საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას. სწორედ ამიტომაც საზღვარგარეთ წასვლის ძირითად მოტივად სახელდებოდა ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი, შვილებისთვის უკეთესი ცხოვრების პერსპექტივის შექმნა, ასევე, ოჯახების წინაშე არსებული საბანკო ვალდებულებების დაფარვა. გარდა ზემო აღნიშნულისა, საზღვარგარეთ დასაქმების მიზეზად რესპონდენტები ასევე ასახელებდნენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, კერძო საკუთრების შეძენის სურვილს, შვილების საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების აუცილებლობას და მათი/შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.
რესპონდენტთა უმრავლესობა ქალია, რის მიზეზადაც სახელდება საზღვარგარეთ მოთხოვნადი სამუშაოს ტიპები, რომელიც, მეტწილად, გაიგივებულია მდედრობით სქესის წარმომადგენელთა საქმიანობასთან, როგორიცაა, ხანდაზმულის მოვლა, საოჯახო საქმეების შესრულება და სახლის დალაგება. შესაბამისად, გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვნებისთვის დედის საზღვარგარეთ დასაქმება გაცილებით სტრესულია, ვიდრე ეს მამის შემთხვევაში იქნებოდა, ვინაიდან, შვილებს, შრომით მიგრაციაში წასვლამდე, უფრო მტკიცე ემოციური კავშირი ჰქონდათ დედებთან, ვიდრე მამებთან, რომლებსაც ხშირად შვილების აღზრდის პროცესში მონაწილეობის მინიმალური გამოცდილება აქვთ.
შრომით მიგრაციაში ჩართულმა პირებმა საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილება, ძირითადად, მეუღლეებთან შეთანხმების საფუძველზე მიიღეს. ეს პროცესი, უმეტეს შემთხვევაში, იყო ხანგრძლივი (საშუალოდ, 3 თვიდან ერთ წლამდე). როგორც გამოიკვეთა, ოჯახის წევრები თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდნენ საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილებას. ყველაზე მძიმედ ეს პროცესი არასრულწლოვნებზე აისახა.
“გურია ნიუსმა” ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაამოწმა ინფორმაცია, არსებობს თუ არა იმ ბავშვებზე დახმარების პროგრამა, რომლის მშობლები ემიგრაციაში არიან. ორივე მუნიციპალიტეტიდან მივიღეთ პასუხი, რომ ასეთი პროგრამა, არ არსებობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, თუ ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებენ მაშინ ისინი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პროგრამებით შეუძლია მიიღონ დახმარება.
ბავშვთა უფლებების კონსულტანტი მაია ნასრაშვილი ამბობს, რომ ბოლო პოლიტიკის მიხედვით ემიგრაცია აღარ ითვლება აუცილებლად ნეგატიურ მოვლენად. ემიგრაციას აქვს თავისი დადებითი გავლენა, თუმცა, ბავშვების ემოციურ-ფსიქოლოგიურ ფაქტორზე უარყოფითად აისახება. რადგან როგორც წესი, ბავშვები რჩებიან ბებია ბაბუასთან, ან ნათესავებთან, ან უკიდურეს შემთხვევაში მინდობით აღზრდაში გადადიან:
“მშობლის ყურადღების დაკლება ახდენს გავლენას ბავშვის განათლებაზე. არ ვსაუბრობ ახლა იმ შემთხვევებზე, როცა ბავშვი რჩება სკოლის მიღმა _ ჩვენი კანონმდებლობით, ბავშვის სკოლიდან გაგდება აკრძალულია, მაგრამ, როდესაც ბავშვი იძულებული ხდება, სკოლა დატოვოს, სკოლაში აკადემიური მოსწრება უმცირდება, ვეღარ მიდის ისე მომზადებული და ა. შ. საგანმანათლებლო დანაკარგი არის თუნდაც ის, რომ არ შეუძლია იაროს წრეებზე, ანუ ესეც ითვლება საგანმანათლებლო დანაკარგად. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ფსიქოლოგიური, ანუ შინაგანი ფაქტორები. ეს შეიძლება იყოს დეპრესია, მომეტებული ბრაზი. ასაკობრივი თავისებურების მიხედვით, ყველა შემთხვევაში არის განსხვავებული, გააჩნია ბავშვის ასაკს. პატარა ასაკის ბავშვს უფრო ეტყობა _ დეპრესია, მოწყენილობა, მარტოობის შეგრძნება. შედარებით მოზრდილობის ასაკში, უფრო არის _ ბრაზი, აგრესია, სოციალური ნორმებიდან გადახრა. ამასთან არის დაკავშირებული კონფლიქტში მყოფი ბავშვების კვლევაც, რომელიც პროკურატურამ ჩაატარა.
2021 წლის მონაცემებით, იმ ბავშვების 36%-ის მშობლები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, იმყოფებიან ემიგრაციაში, ერთი ან ორივე. ეს გარკვეული დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს _ ბავშვს, რომელიც რჩება მშობლების ყურადღების მიღმა, შეიძლება კანონთან სერიოზული პრობლემები გაუჩნდეს. მნიშვნელოვანია მესამე ნაწილიც _ რა გავლენა აქვს მშობლის მიგრაციას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ძალიან საბაზისო საკითხებზე. მნიშვნელოვანია კვებითი საჭიროებები _ რამდენად კმაყოფილდება ბავშვი. მშობლების წასვლის რეალური მიზეზი, როგორც წესი, არის სოციალური სიდუხჭირე, რომელიც საქართველოში აქვთ. მათ არ აქვთ ელემენტარული საშუალება, რომ ბავშვმა განათლება მიიღოს ან სკოლის ჩანთა ჰქონდეს, ან ფეხსაცმელი, ან წიგნები. თუ ოჯახი იყო სოციალურად დაუცველი, სახელმწიფოს პოლიტიკის სისუსტე და სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც უკვე გაუჩნდა სახლში ტელევიზორი, გამოაგზავნა დედამ ფული, გამოაგზავნა მამამ ფული და საბაზისო საჭიროებები, ვარდებიან სოციალური დახმარების პროგრამიდან. სოციალური დაცვის სისტემის მიღმა რჩება ბავშვი და სოციალური სამსახური საერთოდ ვეღარ ხედავს მათ. მაშინ, როდესაც ჰქონდათ სოციალური დახმარება, მას სოციალურ მუშაკთან უწევდა კომუნიკაცია. ჩვენი ორგანიზაცია, სწორედ ამიტომ მუშაობს ამ თემაზე, რომ ეს ბავშვები სოციალური დაცვის სისტემისთვის გახადოს ხილული და სოციალური საჭიროებები, რომელიც ბავშვს გაუჩნდა მშობლის ემიგრაციაში წასვლის შედეგად, დავუკმაყოფილოთ”, _ გვეუბნება მაია ნასრაშვილი.
“გურია ნიუსის” კითხვაზე _ რა კეთდება იმ ზიანის შესამცირებლად, რაც მშობელსაც და ბავშვსაც ადგება მათი განცალკევების შემთხვევაში, როდესაც მშობელს, ხშირ შემთხვევაში, დედას, უწევს დატოვოს შვილი და წავიდეს სამუშაოდ, მაია ნასრაშვილი გვპასუხობს:
“ჩვენი ემიგრაციის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია. დღეის მონაცემებით, დაახლოებით, ყოველწლიურად 100 000-მდეა მიგრაციის მაჩვენებელი, რაც ძალიან მაღალი რიცხვია. შესაბამისად, სახელმწიფომ, ერთი მხრივ, უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქვეყანაში ღირსეული საცხოვრებელი პირობები შექმნას, რომ ადამიანებს ასე მასობრივად არ უხდებოდეთ ქვეყნიდან გადინება. ერთი გამოსავალი სახელმწიფოს მხრიდან არის ის, რომ გააუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა და მოაგვაროს დასაქმების საკითხები. თუკი მიდის მშობელი, ბავშვი დარჩეს სოციალური სისტემის თვალსაწიერში. ბავშვი დარჩეს ხილული, როგორც სკოლისთვის, თუ ბაღში დადის _ ბაღისთვის. საგანმანათლებლო თუ სააღმზრდელო დაწესებულებამ იცოდეს, რა შეიძლება გააკეთოს ამ ბავშვების მხარდასაჭერად, დასახმარებლად და მეორე მხრივ, სოციალურ სამსახურს ჰქონდეს შესაბამისი სერვისები, იყოს ბავშვი აღრიცხვაზე, იცოდეს ბავშვის საჭიროებები. აი, ამ ყველაფერზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ რადგან, რეალურად, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა”.
განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ, ზოგადად, შრომითი მიგრაცია გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ოჯახებზე:
“შესაძლებელია, ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, როდესაც მშობელი მიდის უცხოეთში სამუშაოდ და გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობით მათი შვილები ახერხებენ სწავლას და უუმჯობესდებათ საყოფაცხოვრებო პირობები, მაგრამ გარკვეული პრობლემები არსებობს. ამაზე წერენ ფსიქოლოგებიც, რომ მშობლების და ბავშვების განცალკევება, როდესაც ურთიერთობა სკაიპით ხდება, მაინცდამაინც კარგად არ აისახება მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია სკოლამ იცოდეს, ბავშვის ოჯახური მდგომარეობა _ ვინ არის ბავშვის მეურვე, პასუხისმგებელი პირი ბავშვის უსაფრთხოებაზე ოჯახში; იმაზე, რომ ბავშვმა კარგად ისწავლოს და ა. შ. აი, ეს ფუნქციები უნდა შეასრულოს, ასე ვთქვათ, სკოლამ. ცხადია, რომ მეტ პასუხისმგებლობას სკოლა ვერ აიღებს და თუ ბავშვი უმეთვალყურეოდ არის დატოვებულია, მაშინ, ცხადია, სკოლამ უნდა აცნობოს სოციალურ სამსახურს. ეს არის ძალიან მძიმე ამბავი, რომელიც საქართველოში ხდება, პირველ რიგში, ბავშვებისთვის. თუმცა, ის ინვესტიცია, რომელიც ამ ადამიანებისგან შემოდის საქართველოში, ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია. სკოლამ, ცხადია, უნდა იცოდეს, ბავშვი უმეთვალყურეოდ არის თუ არა. თუმცა, სკოლას ბევრი ფუნქცია არ უნდა დავაკისროთ. შრომითი მიგრაცია და ეს მასშტაბები, რაც საქართველოშია, კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული. ამ ფაქტს კი აქვს ერთი დადებითი _ შემოდის ბევრი ინვესტიცია, რომ ოჯახებში ეკონომიკური სიტუაცია შეცვალოს”, _ ამბობს თამარ მოსიაშვილი.
გამწყდარი ჯაჭვის გამო წარმოქმნილი პრობლემები
ფონდი “იალქანის” ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ “3-4 წლის ასაკის ბავშვებს, ბაღის ასაკის ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ დედა და მიჯაჭვულობა უფრო მეტია, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, ოჯახის ხატის ჩამოყალიბების პროცესში, რომ დედა დედაა, მამა მამაა და ამ როლს როცა არავინ ასრულებს, ძალიან რთულდება მათი ქცევები. თუ დავაკვირდებით, ხშირად ბავშვებს მთელი რიგი თავისებურებები ახასიათებთ: ურთულდებათ ქცევა ბაღის ასაკში, დაწყებით კლასში აქვთ განსაკუთრებული ქცევები დისციპლინაში, ამიტომ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ესენი არიან ბავშვები, რომელთა მშობლები არიან ემიგრაციაში. განსაკუთრებულად, აღვნიშნავ თინეიჯერების ცხოვრებაში დედის როლს. როცა ქუჩაში უამრავი ახალგაზრდაა და სხვადასხვა დანაშაულს სჩადიან, ხშირად აღმოჩნდება, რომ უმეტეს შემთხვევაში, მათი მშობლები ადგილზე არ არიან _ იმყოფებიან ემიგრაციაში. ანუ დანაშაულის სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, საქართველოში, მოზარდები, რომლებიც არიან ჩართულები დანაშაულში, არიან ქუჩაში და სხვადასხვა დროს მიატოვეს სკოლა, უმეტესწილად, მათი მშობლები არიან ემიგრაციაში, ან ორივე ერთად ან მხოლოდ დედა არის წასული.
ბავშვებს მიჯაჭვულობა აქვთ დედაზე და ეს ჯაჭვი როცა წყდება გარდატეხის ასაკში, ძალიან ცუდად აისახება მათზე. ამ დროს, დედები ცდილობენ, მატერიალური თვალსაზრისით შეუვსონ საკუთარი თავის დანაკლისი შვილებს. ფიქრობენ, რომ ამ სიყვარულს იყიდიან. მესმის მათი მდგომარეობა, მაგრამ ხშირად, როცა არჩევნის წინაშე დგება დედა, წავიდეს თუ არა შვილების კეთილდღეობისთვის საზღვარგარეთ, ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით, რომ ის დაკარგული დრო, რომელიც შვილს მოაკლდება, ვერაფრით ანაზღაურდება. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ადგილზე გავაძლიეროთ დედები და ვეცადოთ, რომ არ გავუშვათ ემიგრაციაში. ხშირად, არ გამოგვდის, რა თქმა უნდა, ათასში ერთი შემთხვევაა როცა ქალბატონს ვითანხმებთ, რომ მისი შვილებისთვის, აი, იმ კონკრეტულ გარდატეხის ასაკში, უფრო მნიშვნელოვანია მოზარდთან დედის ყოფნა, ვიდრე საზღვარგარეთიდან თანხის გამოგზავნა, მაგრამ ამ რეალობასთან თანაცხოვრება მაინც გვიწევს. რეალურად, ყველას ვერ დავასაქმებთ და სახელმწიფოსაც არ გააჩნია ამ ეტაპზე არანაირი ხედვა, რომ ეს მშობლები აუცილებლად იყვნენ თავიანთ შვილებთან”, _ გვეუბნება თიკო აბაშიძე.
მისი თქმით, “გურიაშიც მრავლადაა მსგავსი შემთხვევები, როცა მშობლები სეზონურ სამუშაოებზე მიდიან თურქეთში. ამ შემთხვევაში ბავშვები, ხშირად შემოედინებიან ბათუმში და გვიწევს გადაკვეთა ქეისების მიხედვით და აქაც იგივე მდგომარეობა გვაქვს, როცა ბავშვებს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი ადგილზე, თავისთავად, ინფორმაცია მოდის ჩვენთან და ვიწყებთ ამ საქმეზე მოკვლევებს და ხშირად, ბავშვები, რომლებიც ნაადრევად ერთვებიან ფიზიკურ სამუშაოებში, ჩამოდიან სეზონზე, რომ დასაქმდნენ. გურიიდან განსაკუთრებით ბევრი ბავშვი მოდის ბათუმში სხვადასხვა სამუშაოზე. ხშირ შემთხვევაში, ფიქსირდება, რომ მათ კანონიერი წარმომადგენლები ადგილზე არ ჰყავთ _ დედა არის ემიგრაციაში და ბავშვები არიან ჩაბმულები სხვადასხვა საქმიანობაში.
ძალიან რთული და სავალალო მდგომარეობაა თურქეთში თხილის სეზონზე და ჩაის კრეფის სეზონზე. პანდემიის პერიოდში ცოტა შემცირებული იყო ეს ციფრი, წელს ისევ გაიზარდა და ბევრ მშობელს მოუწია სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა”.
რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში მაშინ, როცა დედების გარეშე რჩებიან, ამ კითხვაზე ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ ასე გვიპასუხა: “გააჩნია ბავშვის ასაკს. რაც უფრო ადრეული განვითარების საფეხურზეა ბავშვი, უფრო ძლიერ ზემოქმედებას ახდენს მასზე მშობლის მიერ დატოვება. სამ წლამდე ასაკში განვითარებისთვის აუცილებელია, ბავშვს ჰქონდეს საიმედო, სანდო მიჯაჭვულობა მშობელთან, მასზე მზრუნველ პირთან, ფსიქოლოგიის ენაზე ამას ადრეული სეპარაცია ჰქვია, რაც ძალიან მატრამვირებელია ბავშვისთვის, რაც არა მხოლოდ ემოციურ, ფიზიკურ ტკივილთანაც კი შეიძლება იყოს დაკავშირებული და აისახება ბავშვის ქცევაზე, ემოციური თვითრეგულაციის უნარზე.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ვისით მოხდება ჩანაცვლება, ვინ აიღებს ამ როლს. როცა ადრეულ ასაკში ხდება მშობლისგან განცალკევება, ჰყავს თუ არა ბავშვს ისეთი პირი, ვისთანაც ექნება სანდო მიჯაჭვულობა. ადრეულ საფეხურზე ეს არის ძალიან მტკივნეული. თუმცა, არც ერთ ასაკში არ არის ეს ბავშვისთვის მარტივი, რადგან მშობელი მისთვის სერიოზულ ემოციურ თუ ფიზიკურ დასაყრდენს წარმოადგენს. და ძალიან ხშირად არის შემთხვევები, როცა ბავშვებს ეცვლებათ ქცევა. ექმნებათ პრობლემები სწავლასთან დაკავშირებით, ყურადღების კონცენტრაციასთან დაკავშირებით. არის შემთხვევები, როცა ბავშვი თავს არიდებს თუნდაც ონლაინ კომუნიკაციას მშობელთან იმიტომ, რომ მისთვის ეს მტკივნეულია. ასეთ დროს იგი აგრესიას, უკმაყოფილებას გამოხატავს. რაც უფრო დიდი ხანია დისტანცირებული მშობელი და შვილი, ეს მით უფრო ხელისშემწყობია გაუცხოებისკენ, ფიზიკური დისტანცირებისკენ და შემდეგ, თუ ბრუნდება მშობელი, ძალიან რთულია კავშირების აღდგენა.
მე მომისმენია ასეთი ადამიანებისგან, რომ ყველაფერ იმას, რასაც მე მშობელი მიკეთებდა, გაგებით ვეკიდები, ეს შეიძლება ჩემი ფიზიკური გადარჩენისთვის, განათლებისთვის იყო საჭირო, მაგრამ სასწორზე რომ დავდო, მე მაინც ავირჩევდი დედის გვერდით ყოფნას, ამან მე იმხელა ტკივილი მომაყენა.
მონატრებაზე, გაუცხოებაზე, მარტოობის განცდაზე _ ასეთი ტიპის განცდებზე ხდება ხაზგასმა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან მტკივნეული ბავშვისთვის და ხშირად ვერ ხდება ამის ჩანაცვლება “იმ სიკეთეებით”, რომელიც მოაქვს მშობლის შრომით ემიგრაციაში წასვლას. ძალიან დრამატული სიტუაცია გვაქვს _ ერთი მხრივ, ქალი იძულებულია წავიდეს, გადადგას ეს ნაბიჯი ოჯახის, შვილის გადასარჩენად, მისი მომავლის უზრუნველსაყოფად. მეორე მხრივ, სასწორზე დევს შვილთან ურთიერთობა, მისი ემოციური მდგომარეობა და ეს კიდევ დამატებითი ემოციური ტვირთია ქალისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, თავისთავად, ისედაც განიცდის ოჯახთან დაშორებას და ძალიან მძიმე, დამამცირებელი, მისთვის უცხო და მტკივნეული საქმის კეთებას უწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გამოდის ქალის ტვირთი. ძალიან ხშირად არ ხდება ამ ტვირთის აღება მეუღლის მიერ. ხშირია შემთხვევა, როცა დედის ემიგრაციაში წასვლით მარტო დედასთან კი არ წყვეტს კავშირს, მამასთანაც უცხოვდება, ბავშვი ფიზიკურადაც კი შორდება მამას. ისედაც, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში, მამაკაცები ნაკლებად არიან ჩართული ბავშვების აღზრდა-მოვლაში. ამ ფუნქციას საკუთარ თავზე იღებენ ბავშვების ბებიები, ბაბუები ან არის შემთხვევები, როცა ბავშვებს ტოვებენ ახლო ნათესავებთან. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც დედა წავიდა და ეს ფუნქცია, ეს კავშირი, ეს ემოციური მხარდაჭერა თავის თავზე აიღო მამამ. ამ კუთხითაც ქალები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ფაქტობრივად, მეუღლე წავიდა, რომ ოჯახს შეუმსუბუქოს ტვირთი, ძალიან ხშირად მეუღლე იქით არის ცოლზე გაბრაზებული, იქით ეჭვიანობს, არ ერთვება ბავშვთან ურთიერთობაში. თავიდან ბოლომდე ეს ხდება ქალის და ბავშვის ტვირთი.
ვიცი ისეთი შემთხვევაც, როდესაც წლების განმავლობაში წასულია დედა. დატოვა 9 წლის შვილი, არალეგალურად ცხოვრობდა უცხო ქვეყანაში, ამიტომ ის ფიზიკურად ვერ ახერხებდა ჩამოსვლას. შვილი წამოიზარდა, მიიღო განათლება. ერთ მშვენიერ დღეს ის დადგა ფაქტის წინაშე, რომ ის, რაც ამ ქალმა ამდენწლიანი შრომით დააგროვა, შვილმა ქარს გაატანა. არავინ არ იცის, სად გაქრა მთელი ეს დაგროვილი ქონება. ძალიან დასაფიქრებელი ამბავია. აქ ჩვენ ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებთ, რადგან არა ვარ ჩახედული შვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, რა ურთიერთობები იყო ოჯახში, მაგრამ მეტაფორულად ეს შეიძლება იყოს მინიშნება, რომ იმ შვილს არაფრად უღირს და შეუძლია, ქარს გაატანოს დედის ამდენი წლის შრომის შედეგად შეძენილი ქონება, რადგან ეს შეიძლება არ იყოს საპირწონე იმისა, რა ტკივილიც მას მიადგა მშობელთან განცალკევებით.
რასაც მე ვამბობ ახლა, არ უნდა იყოს რაიმე მინიშნება იმ ქალებისთვის, რომლებიც იძულებულები არიან, სამუშაოდ უცხო ქვეყანაში წავიდნენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს ძალიან მძიმე ტვირთია მათთვისაც და ბავშვისთვისაც. ეს ძალიან ბევრ რამესთანაა დაკავშირებული, მაგალითად, ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში არ აქვთ თვითრეალიზაციის საშუალება, შემოსავლები დაბალია, სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია, არ არის დასაქმების შესაძლებლობა. ყოველი ახალი მთავრობა ყოველ ჯერზე პირდება, რომ გაჩნდება სამუშაო ადგილები. არ იძლევა ეს ქვეყანა ადამიანებისთვის ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობას. აქ არაა ლაპარაკი მარტო იმაზე, რომ არ გშიოდეს. თუმცა, შიმშილის გამოც ბევრი მიდის. უნდა მისცე შენს შვილს განათლება. ეს იმ პრობლემებზეცაა დამოკიდებული, რაც დღეს განათლების სფეროშიც გვაქვს. სკოლა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ბავშვი სკოლაში მიღებული განათლებით შეძლებს იყოს კონკურენტუნარიანი და მან შეძლოს თვითრეალიზება. ამიტომ მშობელი იძულებულია, დამატებით რეპეტიტორებთან ატაროს შვილი, რაც კიდევ დამატებით გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუნდაც ის, რომ ჰქონდეს ღირსეული საცხოვრებელი გარემო ბავშვს. ძალიან სერიოზულ კავშირშია შრომითი მიგრაცია, განსაკუთრებით, ქალების ორ საკითხთან – სიღარიბის და ეკონომიკური პრობლემების მაჩვენებლებთან, რომელიც რეალურადაა ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ქვეყანაში და ასევე ქალთა მიმართ ძალადობასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კაცს ვეუბნებით, რომ კაცია ოჯახის თავი, რაც აბსურდია და რა თქმა უნდა, ეს მიდგომა არ არის სწორი, ფაქტობრივად, ქალს უწევს ძალიან ხშირად მატერიალური ტვირთის ზიდვაც ოჯახში. ქალს აწვება უზარმაზარი ტვირთი _ მან ოჯახიც უნდა არჩინოს, ბავშვების აღზრდა-განათლებაზეც ის არის პასუხისმგებელი და თუ სკოლაში დაბალი შეფასება ექნება ბავშვს, ქმარი და ქმრის ნათესავები მას ადანაშაულებენ ამაში. თითქოს სხვის მოვალეობაში არ შედიოდეს ბავშვის აღზრდა. ამიტომ ქალი იძულებულია, რომ წავიდეს. ზოგიერთი ქალი ძალადობასაც გაურბის. ანუ, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რა ზიანიც ადგებათ ბავშვებს, არ უნდა იყოს ისე გაგებული, რომ ეს მარტო ქალის პასუხისმგებლობაა და ქალი არ უნდა წავიდეს. ქალი იძულებულია წავიდეს. ის ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ძალიან ბევრი დედა ამას ძალიან კარგად აცნობიერებს, რა ტკივილებთან არის დაკავშირებული მისთვისაც და მისი შვილებისთვისაც ეს განშორება, ეს სეპარაცია. ანუ უფრო გლობალურ დონეზე უნდა ვიფიქროთ, რომ ბავშვებს ეს მძიმე, ემოციური, ფსიქოლოგიური პრობლემები თავიდან ავარიდოთ”, _ ამბობს მაია ცირამუა.
სახელმწიფოს დიდი როლი აკისრია ამ საკითხის გადაჭრაშიც _ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა, ნაკლებმა ქალმა გაიაროს ის მძიმე გზა, რომელსაც ოჯახის გადასარჩენად უცხოეთში წასვლა და ემიგრანტობა ჰქვია.
ავტორი