ბოლო პერიოდში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, უმეტესად კი ლიხაურში, ჭანიეთსა და ქაქუთში, ცნობილი ღორის ჭირი კვლავ გააქტიურდა. არაერთ ოჯახს ორი, სამი და მეტი ღორი მოუკვდა.
_ტყეში გვყავდა ღორები. ამ დროს ველური ხილი არის მთაში. ბლომადაა წიწიბო, წაბლი, ველური პანტა. გვეგონა, იქ უფრო დაცულად იქნებოდნენ. საახალწლოდ კი დავკლავდით. პირიქით კი მოხდა. მე ორი ღორი მომიკვდა. ქაქუთის მცხოვრელებს, ვისაც კი ღორი ჰყავდა, არ დარჩენილა ოჯახი, არ მოკვდომოდა. ზოგმა მოასწრო და დაკლა, – ამბობს სოფელ ქაქუთის (ჭეანიეთის თემი) მკვიდრი, სერგო ბოიაჯანი.
გოჭების ფასმა იკლო ბაზარში.
_ყველას დასაკლავად კი არ სურს, როცა ყიდულობენ. გასაზრდელად უნდათ. ახლა, რაკი ისევ იფეთქა ამ ცხელებამ, ადამიანები თავს იკავებენ დ არ ყიდულობენ. ბოლო ორი წელია, არ მოხდარა ასეთი ფაქტები. ახლა კი ისევ გააქტიურდა ეს ჭირი. რა უნდა ქნა. ამ გასაჭირის დროს, სიმინდი ისედაც არ იყო. უნდა შეაჭამო ყველაფერი და საახალწლოდ, დაკვლის მაგიერ უნდა დამარხო, _ ამბობენ ლიხაურის და ჭანიეთის მცხოვრებლები, ვისაც კი ეს წვრილფეხა პირუტყვი დაეღუპა.
_რა უნდა ქნან და აცრა სჭირდება პირუტყვს, როცა 15 დღისაა, იმ ასაკიდან. მაინც არ იჩენს ჩვენი ხალხი ყურადღებას. ინფექცია ვერაგია, საბოლოოდ განადგურებული ხომ არ გვგონია? _ ამბობს ცნობილი ფერმერი, აკაკი ღლონტი.
ავტორი