კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მოამზადა ანგარიში, რომელშიც სახელმწიფოს შაქრით ვაჭრობის დარეგულირებისკენ მოუწოდებენ.
ანგარიშის ავტორები გაეროს მონაცემებს იშველიებენ. გასული წლის სტატისტიკით, ისეთ ქრონიკულ დაავადებებს გამო, როგორიცაა დიაბეტი, კიბო და გულსისხლძარღვთა დაავადებები, ყოველწლიურად 35 მილიონი ადამიანი ემსხვერპლება. ამ დაავადებების განვითარების მთავარი ფაქტორები კი, თამბაქო, ალკოჰოლი და დიეტაა.
მეცნიერები ხაზს უსვამენ იმას, რომ სახელმწიფო რეგულარულად აკონტროლებს თამბაქოს და ალკოჰოლური სასმელების გავრცელებას და ,,ყურადღების მიღმა ტოვებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მსოფლიო კრიზისის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.’’ უკანასკნელი 50 წლის მანძილზე შაქრის მოხმარება მსოფლიო მასშტაბით ორჯერ გაიზარდა, რამაც სიმსუქნის პრობლემა მასობრივი გახადა.
ექსპერტების მოსაზრებით, ჯანმრთელობისთვის ზიანის მხრივ, შაქრის მავნებლობა ალკოჰოლის მსგავსია. მასზე ისევე შეიძლება გახდე დამოკიდებული, როგორც – ალკოჰოლზე ან სიგარეტზე. ის ტოქსიკურია და სიმსუქნის გარდა, შეუძლია სხვა მრავალი დაავადების გამომწვევა.
ამ დასკვნების გამო, მეცნიერები შაქარზე აქციზის დაწესებას მიზანშეწონილად მიიჩნევენ. მათ თვალსაზრისს დიეტოლოგები და ჯანდაცვის ორგანიზაციებიც იზიარებენ.
მეცნიერთა ინიციატივის კრიტიკით გამოვიდა შაქრის მწარმოებელი ამერიკული ასოციაცია. მწარმოებელთა მოსაზრებით, ამერიკელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა რაოდენობის შაქარი მოიხმარონ.