ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილი ამბობს, რომ 5 დღის განმავლობაში კოვიდინფიცირების 40 შემთხვევა დაფიქსირდა.
“გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რა თქმა უნდა არის გრიპის შემთხვევები, თუმცა ამ ბოლო დროს კორონავირუსის შემთხვევები უფრო ფიქსირდება. ბოლო ერთი კვირაა, კოვიდინიფიცირების შემთხვევების მატებაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მომართვიანობა არ არის მაღალი. ანუ ხალხი გასატესტად ცოტა მოდის, მაგრამ გატესტილი ადამიანების უმრავლესობას უდასტურდება. 5 დღეში 40 აქტიური შემთხვევაა”,_ ამბობს მენაღარიშვილი და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა შტამების ცირკულირების და იმუნიზაციის შემცირების გამო დაინფიცირების განმეორებითი შემთხვევები ხშირია.
“ბევრია განმეორებითი შემთხვევები. ზოგს მეორედ, ზოგს მესამედ ემართება კოვიდი, რადგან სხვადასხვა შტამი ცირკულირებს. იმუნიზაციის დონე შემცირებულია, თვეში შეიძლება 1-2 ადამიანი აიცრას, ისიც იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ მიდის. მოქმედებს ისიც, რომ ნიღაბს ძალიან ცოტა ადამიანი ატარებს”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
რაც შეეხება კოვიდინფიცირების მიმდინარეობას, ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს. დაინფიცირებული პაციენტების კოვიდკლინიკაში გადაყვანა კი იშვიათად ხდება საჭირო. აუცილებლობის შემთხვევაში კი ლანჩხუთიდან ტრანსპორტირება ოზურგეთში ან ფოთში ხდება, რადგან ლანჩხუთში კოვიდკლინიკა პანდემიის შემსუბუქების ფონზე დაიხურა.
“ჩვენთან კოვიდკლინიკა დახურულია. როცა ინფიცირების შემთხვევებმა იკლო კლინიკების ნაწილი დაიხურა. ახლა რეგიონში არის ერთი კოვიდკლინიკა – ოზურგეთში, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ფოთშიც ხდება გადამისამართება და ახლაც ერთი პაციენტი გვყავს გადამისამართებული. ისე მასიურად არ ხდება გადაყვანა კლინიკაში, რადგან შემთხვევები მძიმე არ არის, საშუალოდ და მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ორსულებში, ასაკოვნებში და რისკჯგუფებში, ექიმის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში ხდება მათი გადამისამართება კოვიდკლინიკაში”,_ ამბობს მენაღარიშვილი და აღნიშნავს, რომ “გვაქვს პაციენტებისთვის გადმოცემული სამკურნალო პრეპარატები, გრიპის შემთხვევაში – ტამიფლუ, ხოლო კორონავირუსის შემთხვევაში – პაქსლოვიდი. შესაბამისად, ექიმის ფორმალური მომართვის და პირადობის საფუძველზე პაციენტებს, ვისაც ესაჭიროებათ ხდება ჩვენგან გაცემა მედიკამენტის”.
ავტორი