ბოლო პერიოდში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნარჩუნდება ვირუსული გრიპისა და COVID-19 შემთხვევათა მატება. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს კითხვებით.
რა ფაქტორები უწყობს ხელს ამ ტენდენციას და რა უნდა გავაკეთოთ გართულებების თავიდან ასაცილებლად,_ ამის შესახებ ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი საუბრობს.
_ რატომ ფიქსირდება რესპირატორული ინფექციების შემთხვევები ზამთრის პერიოდში?
_ მიუხედავად იმისა, რომ გრიპისა და სხვა რესპირატორული ინფექციების გამომწვევი ვირუსები წლის განმავლობაში ცირკულირებენ, როგორც წესი, შემთხვევათა მატება წლის ცივ სეზონზე ფიქსირდება, რაც იმითი აიხსნება, რომ ცივ და ნალექიან ამინდებში დახურულ სივრცეში უფრო მეტ დროს ვატარებთ, ადამიანთა კონცენტრაციაც მეტია და ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით გადამდები დაავადებები ინტენსურად ვრცელდება. ჩვენთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალურია ვირუსული გრიპებისა და კოვიდ-19 შემთხვევები, რადგან მართალია არა საგანგაშო, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით—შემთხვევათა მატება ფიქსირდება.
მნიშვნელოვანია ის, რომ ვირუსულ გრიპსა და COVID_19 -ინფიცირებას, გარდა მწვავე კატარული სიმპტომებისა, პოლიორგანული გართულებებისა, ახასიათებს ძლიერი ტოქსიკოზი. დაავადებების მიმდინარეობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, ასაკი, თანმხლები დაავადებები, აცრის სტატუსი, ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობა, ვირუსის კონცენტრაცია და ა.შ. ჰიპერტოქსიკური ფორმების დროს დიდია ლეტალობის საფრთხე რისკ-ჯგუფებში.
_ ტარდება თუ არა სეზონური გრიპის ტესტირება?
_ ვირუსული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე დიფერენციული დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია კოვიდ-ტესტირების ჩატარება სიმპტომიან პაციენტებში და მხოლოდ დიაგნოზის დადგენის შემდეგ შესაძლებელი ხდება კონკრეტული ინფექციისათვის განკუთვნილი მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა და განსაზღვრული მკურნალობის ჩატარება.
რაც შეეხება ვირუსული გრიპის ტესტირებას, ის ქვეყნის მასშტაბით მასიურად არ ტარდება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. სწორედ ამიტომ საჭიროების დროს გთხოვთ მომართოთ კოვიდ-ტესტირების უფასო პუნქტებს, რომლებიც განთავსებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებსა და ტესტირების სხვა უბნებში, დაადგინოთ თქვენი კოვიდ-სტატუსი და გამორიცხოთ ვირუსული გრიპი.
_ რა მექნიზმით მიმდინარეობს ვაქცინაცია ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად?
_ როგორც ცნობილია, იმუნიზაციის დროს სტიმულირდება სპეციფიური ანტისხეულების გამომუშავება და ვირუსის კონკრეტულ შტამთან შესახვედრად ორგანიზმს მათ გამომუშავებაზე დროის დაკარგვა აღარ უწევს.
ასე ხდება ვირუსული გრიპისა და კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემთხვევებშიც: ანტისხეული ვირუსს ბოჭავს და მის გამრავლებას აფერხებს, იგი ეხმარება ჩვენს იმუნურ სისტემას ვირუსთან ბრძოლაში, ამიტომაც დღესაც აღნიშნული ინფექციების პროფილაქტიკა-პრევენციისა და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად ეფექტურ და მსოფლიოში აღიარებულ მეთოდად პროფილაქტიკის სხვა ღონისძიებებთან ერთად, როგორებიცაა დისტანცირება, ნიღბის ტარება თავშეყრის ადგილებში, პირადი ჰიგიენა, ექიმთან დროული მიმართვა, სიმპტომების არსებობისას იზოლაცია– ისევ რჩება ვაქცინაცია.
_ რატომ არის ეფექტური გრიპისა და COVID-19 საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება?
_ ვაქცინისაგან განსხვავებით ანტივირუსული პრეპარატები(ტამიფლუ, პაქსლოვიდი) წარმოადგენს უკვე დაავადებული ადამიანის სამკურნალო საშუალებებს. ისინი ახდენენ ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის განადგურებას. მრავალრიცხოვანი დაკვირვებების საფუძველზე გამოვლინდა, რომ დროულად დაწყებული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების ხანგრძლივობასა და სიმძიმეს, ჰოსპიტალიზაციის საჭიროებასა და სიკვდილიანობის რისკს. იგი ასევე ამცირებს ვირუსის გამოყოფას და ვირუსის გავრცელების პოტენციალს. გამოიყენება გრიპის A და B ტიპის ვირუსებით გამოწვეული სეზონური ინფექციების სამკურნალოდ მცირე ასაკიდან. ასევე, კოვიდ-19 ინფექციის დადასტურებისას სხვადასხვა მოსალოდნელი რისკების დროს.
მკურნალობის შემთხვევაში დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის რისკს. ორივე შემთხვევაში პრეპარატები ხელმისაწვდომია ყველა უბნისათვის და დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებს ოჯახის ექიმი. მკურნალობა შეიძლება ჩატარებული იქნას ოჯახის პირობებში. აღნიშნული პრეპარატები აღიარებულია, როგორც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ასევე, ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ, ამიტომ ვირუსული ინფექციებისათვის დამახასითებელი სიმპტომების გამოვლენისას( ტემპერატურული რეაქცია, მწვავე კატარული გამოვლინებები, ყელის, თავის, სახსრების ტკივილები, გამონადენი, სისუსტე, ზოგჯერ თანდართული გულისრევა), ანუ შესაბამისი ჩვენებისას ანტივირუსული პრეპარატების დროული გამოყენება 90% -ით ამცირებს დაავადებების მძიმე მიმდინარეობის რისკებს.
მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ზემოთ აღნიშნული, დროულად ჩაიტაროს ტესტირება, ლაბორატორიულად დადასტურებული დიაგნოზით მისცეს შესაძლებლობა ოჯახის ექიმს, რათა საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს ადეკვატური ანიტივირუსული მკურნალობა შესაბამისი პრეპარატებით, თავიდან აიცილოს შესაძლო გართულებები და რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, აღარ მოხდეს თვითმკურნალობა ზედმეტი ანტიბაქტერიული პრეპარატებით და აღარ შეიქმნას ანტიბიოტიკო/რეზისტენტობის საფრთხე, რაც ასევე აქტუალურია ჩვენს რეალობაში.