აღდგომის დღესასწაული უპირველესად კულინარიულ ტრადიციებში ვლინდება. მაგალითად, საფრანგეთში სუფრაზე მიაქვთ ძეხვით მომზადებული ომლეტი. მერე ბატკნის ან ღორის შემწვარი ხორცი. მიღებულია ციკანიც. ტკბილეულიდან კი ყველაზე პოპულარულია ლიონური ღვეზელი ფენოვანი ცომით, დარიჩინით, ჯემითა და ნაღებით. მას კალათის ფორმა უნდა ჰქონდეს, რომ კვერცხებიც ჩააწყო.
პოლონეთში სააღდგომო სუფრას ამშვენებს ცივად მოხარშული ხორცი და ძეხვეული. მათ შორის არის სახელგანთქმული თეთრი ძეხვი ღორის ხორცით, წიწაკით, მუსკატის კაკლითა და ნივრით. მას პირშუშხასთან ან თალგამთან ერთად მიირთმევენ.
ავსტრიაში აცხობენ სააღდგომო პურს, დიდსა და მრგვალს, მოწნული გვერდებით, შუაში კი ჯვრის გამოსახულებით.
ესპანელები სააღდგომოდ „ტორიხასს” ამზადებენ: ფუნთუშის ნაჭრებს კვერცხისა და რძის ნაზავ მასაში ალბობენ, წვავენ ორივე მხრიდან, ზემოდან კი მოაფრქვევენ შაქარს ან ასხამენ თაფლს.
იტალიაში ამ დღეს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სუფრაზე ცხვრის ხორცი. ქრისტიანი კათოლიკეებისთვის ცხვრის ხორცისგან მომზადებული კერძი ყოველთვის მთავარი სადღესასწაულო კერძია. ზოგიერთ ოჯახში წვავენ ბატკანს და ცხვრის თირკმელებს ყველთან ერთად შუშავენ. ამზადებენ სალათას პომიდვრით, ოხრახუშითა და ნივრით. ზოგჯერ, ამ ყველაფერს ზეთისხილსაც უმატებენ. ღებავენ კვერცხებს.
საბერძნეთში აღდგომის დღეს საგანგებო, სადღესასწაულო სუფრა იშლება. ცხვრის თავის, ყელისა და ყურებისგან ამზადებენ წვნიანს, მინიმუმ 12 ადამიანისთვის. აზავებენ მას განსაკუთრებული სუნელებით, ღებავენ კვერცხებს და აცხობენ სააღდგომო კვერებს.
ებრაელები აღდგომას – პასექის დღესასწაულს უდიდესი სიხარულით ხვდებიან. აცხობენ „მაცას” (თხელი, ხრამუნა პური), ასევე, ამზადებენ განსაკუთრებულ ტკბილეულს ნუშით, ლეღვის ჩირით, ხილითა და თაფლით.