ოზურგეთში, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მენეჯერმა გრიგოლ მახარაძემ მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო 2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციების მონიტორინგის შედეგები.
გრიგოლ მახარაძემ პრეზენტაციის დასაწყისში აღნიშნა, რომ კვლევის პროცესში ის დაესწრო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ დაბასა და 11 სოფელში გამართულ სოფლის კრებას.
“13 შეხვედრაზე დიდი ინტერესი არ იყო ადგილობრივი მცხოვრებლებისგან და თითო შეხვედრაზე 8-25 ადამიანი ესწრებოდა. შეხვედრებზე ნაკლებად ესწრებოდნენ ქალები და ახალგაზრდები. იყო შეხვედრები სადაც ისინი საერთოდ, არ ესწრებოდნენ. სადაც კი ქალების დასწრება იყო ისინი იყვნენ აქტიურები და კრიტიკული კითხვებით გამოირჩეოდნენ.
მთავარი დასკვნა არის, რომ ეს პროგრამა ვერც მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ საკითხებს ვერ აგვარებს სოფლებს და ამავდროულად ვერც მოქალაქეების ჩართულობას უწყობს ხელს.“- აღნიშნა პრეზენტაციის გამოსვლის დროს გრიგოლ მახარაძემ.
ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ოთარ რევიშვილმა შეხვედრაზე თქვა: ჩემთვის ცოტათი გაურკვეველია ის, რომ ყველა სოფელში და დაბაში ერთი და იგივე პროექტების დაფინანსება უნდათ. მე, პირადად დავამატებდი თვითონ პრინციპი ამ სოფლის პროგრამის პროექტების შერჩევის გადაიხედოს. კარგი იქნებოდა ეს ხდებოდეს ონლაინ რეჟიმში, ამით უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული. მათ შორის სოფლიდან წასული ახალგაზრდები.
შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ბიგვავა ესწრებოდა. მისი თქმით, სოფლის კრებაზე საკითხების შერჩევა კანონის დაცვის ფარგლებში შედგა.
„მესმის, რომ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით დიდი თანხები არ არის გამოყოფილი სოფლებზე, მაგრამ ამის გარდა არაერთი პროგრამის მეშვეობით ხორციელდება ადამიანებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები.
ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ სოფელ ლიხაურში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სოფლის კრება. ძალიან დიდი აქტივობა იყო და მოქალაქეების ჩართულობა.
ამ პროექტის ფარგლებში ბევრ ადგილას შეკეთდება შიდა გზები (ბეტონით). ეს მოხდება იმ ადგილებში, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანას უჭირს გადაადგილება.“ – აღნიშნა ლავრენტი ბიგვავამ.
ავტორი