თეატრი და კინო განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები მსახიობები არიან. ამ პროფესიის ადამიანები ერთ დიდ საქმეს ემსახურებიან. ისინი ხშირად ხუმრობენ და ერთმანეთს სხვადასხვა სიურპრიზებსაც უწყობენ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ, რომლებიც არაორდინარულ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილან.
დღევანდელი წერილის პირველი ნაწილი ცნობილ ქართველ მსახიობ იპოლიტე ხვიჩიას მიეძღვნება. ერთხელ თბილისში რუსი კომიკოსი ოლეგ პოპოვი გახლდათ ჩამოსული. შეახვედრეს იპოლიტეს.
– სიგარეტი არ გაქვთ? – უკითხავს პოპოვს იპოლიტესთვის.
მიხვდა იპო – რაღაცას უწყობდა რუსი. თანმხლებს ჩაულაპარაკა თურმე, – მგონი რაღაცას მიპირებს, მარა ისეთი რა უნდა მიქნასო. ამოიღო “კოლხეთი”, მიაწოდა.
– ეგრე არა, ერთი ღერი მესროლეთო.
ამოიღო ერთი ღერი და ესროლა. პოპოვმა შუბლით დაიჭირა, ატრიალა, აბრუნა, მერე ცხვირზე გაიჩერა, შემდეგ ისევ შუბლზე ატრიალა და ჩაიდო პირში. გამარჯვებული იყო! ამაყად გადახედა და… – მომიკიდეო.
– ამ წუთში, ბატონოო, – ჩაიყო ჯიბეში ხელი იპოლიტემ, ამოიღო ასანთი, გაჰკრა და ააგდო, – ე, წადი და მოუკიდე ახლაო, – ჩაიხითხითა.
“დათა თუთაშხიას” გადაღებები აფხაზეთში მიმდინარეობდა. ერთ საღამოს მსახიობები აკაკი თარბას სახლში ქეიფობდნენ. დოდო აბაშიძე ხუმრობის ხასიათზე გახლდათ და ბატონი იპოლიტე საკუთარ შვილად გაასაღა.
სანამ ფხიზელი ბრძანდებოდა, იპოლიტე დოდოს გამოხდომებს წყნარად იტანდა. ცოტა ხნის შემდეგ დოდოსთვის სამაგიეროს გადახდა მოისურვა და “აუშარდა”. ამ “ისტორიულ” დიალოგს მსახიობი იური ვასაძე შემდეგნაირად იხსენებდა.
“- არ მომწონხარ, დოდო, მე შენ!
– რას მიწუნებ, შვილო?
– რას გიწუნებ და გვარს გიწუნებ.
– რატომ, ვითომ… “ია”-ზე რომ არ მთავრდება, იმიტომ?
– ადრე ბაღნებს იტაცებდნენ შენი გვარის კაცები და ჰყიდდნენ სტამბულის ბაზარზე, მაგარი “კორუმპირებულ-მაფიოზური” ხალხი იყო შენი გვარის ხალხი.
დოდო აბაშიძე შეიშმუშნა, მაგიდას თვალი მოავლო და წამოდგა. წამოდგა “მთა” და გაიტრუნა სუფრა “ზვავის” მოლოდინში.
– ადექი, იპოლიტე ფეხზე, შვილო.
ყველა პატარას დიდი გული აქვს და იპოლიტეც წამოდგა, არადა, ქამრის ზემოთ, გულის ფიცრამდე ძლივს წვდება დოდოს.
– შეხედეთ ახლა ამას თქვენ! – დაიბუხუნა დოდომ, – უყურეთ ჯერ ამას და მერე მე შემომხედეთ. ბიჭო, იპოლიტე, შენნაირ ბაღნებს გაყიდდნენ ჩემნაირი აბაშიძეები, აბა სხვაში რაში გამოიყენებდნენ, ან სად გამოაჩენდნენ სირცხვილით, რა საჯიშო შენ ხარ, თუ გიყვარდე?!
იქუხა სიცილმა, იპოლიტეს მოეწონა ეს მოსწრებული ნათქვამი და ჩაეხვივნენ “მამა-შვილი” ერთმანეთს, ჩაბჟირებულები”.
იპოლიტე ხვიჩიასა და დოდო აბაშიძეს შემდეგ ფრანგი მსახიობი პიერ რიშარის თბილისში სტუმრობა გავიხსენოთ. კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე საქართველოში მისი ყოფნის დღეებს შემდეგნაირად აღწერდა.
“მახსოვს, პიერ რიშარის ჩამოსვლისას რა სიბნელე იყო აეროპორტში. მაგრამ ის იმდენად უბრალოა, აბსოლუტურად არ აღელვებდა ეს სირთულეები. საათობით იჯდა და ჭადრაკს ეთამაშებოდა ლია ლორიას. ლია ჩემი მამიდაშვილია, ფრანგული იცოდა და ამის გამო ვთხოვე დახმარება.
პიერ რიშარი რომ წავიდა, ინტერვიუში თქვა: ნუთუ 40 წელი უნდა მეთმინა, რომ საქართველოში მოვხვედრილიყავი! პირველად მივხვდი, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა! ისეთი დაბადების დღე მქონდა იქ, როგორიც არასოდეს მქონია! მახსოვს ყველაფერი და… როდის ვმუშაობდი, ეს არ მახსოვსო. ფანტასტიკური პარტნიორები ჰყავდა: რამაზ ჩხიკვაძე – ჩემი საყვარელი არტისტი და ადამიანი და კახი კავსაძე.”
ჩვენი შემდეგი სტუმარი მსახიობი მამუკა ლორია იქნება, რომელიც ბატონ ბორის წიფურიაზე ერთ სახალისო ამბავს მოგვიყვება.
“ერთხელ ბორისი სტამბულში სტუმრად იყო თავის მეგობარ კუკური მეფარიძესთან. წიფურიას საპატივცემულოდ დიდებული ვახშამი გაიმართა, რომელსაც თურქებიც ესწრებოდნენ. კუკურიმ ქართველი სტუმარი თურქებს დიდი ამბით წარუდგინა.
– ბორისი, ჩემო ბატონო, – უფეშქაშა საკუთარი სახელი ბორიამ.
– მერაბი, – ჩამოართვა ხელი ერთმა და გაეცნო ისიც. გაუკვირდა, ქართველ კაცს თურქეთში საქართველოში გავრცელებული სახელის გაგება. ცოტა ხანში მეორე თურქიც გაეცნო და აღმოჩნდა, რომ მისი სახელიც მერაბი გახლდათ.
მერაბად გაეცნო მესამეც. გაგიჟდა კაცი, ამ უპატრონოებს სხვა სახელი არ გაუგიათო? მაგრამ მეოთხემაც მერაბად წარუდგინა საკუთარი პერსონა.
შემოუსხდნენ სუფრას. ყოველი ჭიქის მიჭახუნებაზე ხან ერთს ეძახის “მისტერ მერაბ”, ხან მეორეს და ხან მეექვსეს, მაგრამ ბოლო ყველაფერს აქვს და ამ საინტერესო დამთხვევასაც მალე აეხადა ფარდა. კუკურიმ უსაყვედურა ბორიას, მთელი ღამე სალმის ძახილით რად გამოუჭედე ყურები ამ პატიოსან ხალხსო? მერაბი თურქულად გამარჯობას ნიშნავსო, – დააკვალიანა კუკურიმ ძმაკაცი და ბორიამაც დააძვირა სალამი იმ წუთიდან”.
დღევანდელი წერილის დასასრულს ბატონი გოდერძი ჩოხელის ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ.
“დედასთან ბევრი კურიოზი გადამხდენია და ჩემი წარმატების ბევრ ნიუანსსაც ამას ვუმადლი. ერთხელ მინდოდა, კინოგადაღების დროს მსახიობების ნაცვლად, ფილმში რეალური ადამიანები გადამეღო, მაგრამ მათგან ამაზე კატეგორიული უარი მივიღე. მაშინ დედაჩემი მივაგზავნე, ძალიან უყვართ და უარს არ ეტყვიან-მეთქი. მართლაც დავითანხმე გადაღებაზე გუდამაყრელები და ფილმიც გადავიღეთ.
ერთი მომენტი იყო: კაცი უნდა გაეპანღურებინათ ქალებს. გაიგიჟეს თავი, სად გაგონილა, ქალმა კაცს პანღური ამოარტყასო და ცივი უარი მითხრეს. ისევ დედაჩემს ვთხოვე, მან ყველა ქალი დაითანხმა, მათ შორის ბებიაჩემიც.
მაშინ გვერდით გავიყვანე ბებიაჩემი და ვუთხარი – ბები, შენ ხომ იცი, რომ ეს კინოა და კინოში რაც ხდება, მართლა არ ხდება, ხომ არ გინდა ცუდი ფილმი გამომივიდეს-მეთქი, და ისიც დავიყოლიე. თან მკითხა, მაგ კაცს წიხლი რომ უნდა ამოვარტყათ, ცოლი თუ ჰყავსო. კი ჰყავს-მეთქი. ჰოდა, მაშინ მაგიტომ არ ამოვარტყამ, ფეხი რომ ამიცდეს და კაცობა დავაკარგვინოო?
ერთი სიტყვით, ფილმი გადავიღეთ, დედაჩემიც მონდომებული იყო, რომ კარგი გამომსვლოდა. ძალიან მონდომებული გახლდათ და ერთი კურიოზიც დაემართა.
ჩემს დას აცილებდა. შეგიმჩნევიათ თუ არა, დიდი მანქანების მძღოლებს რაღაც უცნაური ჩვევა აქვთ, გადმოვლენ ხოლმე მანქანიდან, ჩაიკუზებიან და ძირიდან შეხედავენ მანქანას. იმ ავტობუსის მძღოლიც ჩამოსულა და ქვემოდან შემოუხედავს ავტობუსისთვის. დედაჩემმა რომ დაინახა ეს ჩაკუზული კაცი, ეტყობა, ინსტიქტურად თავი გადაღებაზე წარმოიდგინა და პანღური ამოარტყა. მძღოლიც ქვას დასწვდა ინსტიქტურად და რომ უნდა ესროლა, ქალი შერჩა ხელში. ქალს ხომ ვერ ვესვრი ქვასო, ალბათ გიჟიაო. დედაჩემიც მიმხვდარა, რა შეცდომა დაუშვა და გამოქცეულა სახლში”.
ავტორი