ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილება.
კანონპროექტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლებს დაემატება ახალი საფუძველი – პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების დამუშავება სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მიზნით.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, როდესაც შშმ პირები აღწევენ 18 წლის ასაკს, მათ ავტომატურად უწყდებათ შშმ პირის სტატუსი და, შესაბამისად, ექვემდებარებიან ხელახალ ექსპერტიზას, სტატუსის ხელახალ განსაზღვრას.
„სრულწლოვანების მიღწევისთანავე ეს ავტომატურად აისახება იმ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ხედავს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევი კომისია და ისინი შესაძლოა, გაიწვიონ, რის გამოც მათ მშობლებს უწევთ ბიუროკრატიული სირთულეების გადალახვა. ჩვენი მიდგომით, აღნიშნულ პრობლემას მოხსნის ის, რომ 18 წლის მიღწევის შემდეგ შშმ პირის სტატუსის შეჩერებისას, ამ მონაცემთა ბაზას 3 თვის მანძილზე ხედავდეს გამწვევი კომისია”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.