მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუს განცხადებით, დააინიცირებს პროცედურას, რომ დამოუკიდებელ ქვეყანათა თანამეგობრობის (დსთ) საპარლამენტო ასამბლეიდან გამოვიდნენ.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი პრეზიდენტთან, მაია სანდუსთანაც განიხილა და სამომავლოდ სამართლებრივი პროცედურის დაწყება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით გროსუმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
,,მას შემდეგ, რაც დსთ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რუსეთი, ბარბაროსულად დაესხა თავს უკრაინას, ამ ორგანიზაციას ვეღარ ვუწოდებთ თანამეგობრობას. ეს იქნება პირველი ნაბიჯი ქვეყნის მიერ დსთ-ის დატოვებისკენ, რომლისგანაც მოლდოვა გეოგრაფიულად განცალკევებულია უკრაინის გასვლის შემდეგ.
ჩვენ მზად ვართ, განვცალკევდეთ ამ სიბოროტის, ომისა და სიღარიბის წყაროსგან. 30 წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვიღვწით კეთილდღეობისკენ, დემოკრატიისა და უკეთესი მომავლისკენ. დსთ არის ორგანიზაცია, რომელიც რუსეთმა საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე შექმნა, რათა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ეკონტროლებინა. ჩვენ ვეღარ დავრჩებით ერთი და იგივე მოლაპარაკებების მაგიდაზე აგრესორ ქვეყანასთან ერთად” , _ თქვა გროსუმ ბრიფინგზე.
გროსუს თქმით, ის აღნიშნული ინიციატივის წარდგენას პრემიერმინისტრ, დორინ რეჩანისთვისაც აპირებს და მომდევნო საპარლამენტო შეხვედრამდე ინიციატივას კანონპროექტის სახეს მისცემს.
მოლდოვა ამ დრომდე რჩება დსთ-ის წევრ სახელმწიფოდ, თუმცა მიმდინარე წლის აპრილის თვეში მათ უკვე დაიწყეს ორგანიზაციის ზოგიერთი ხელშეკრულების დენონსაციის პროცესი.
2022 წლის მარტში, როცა მოლდოვამ ევროკავშირის წევრობისთვის წარადგინა განცხადება, პრეზიდენტმა მაია სანდუმ დადო პირობა, რომ ქვეყანა დსთ-ს მას შემდეგ დატოვებდა, რაც “ევროპულ გზაზე საკმარის პროგრესს მიაღწევდა”.
ავტორი