ვახო ქელეშაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლის ერთადერთი წლევანდელი კურსდამთავრებულია. დღეს სკოლაში ბოლო ზარი მხოლოდ მისთვის დაირეკა.
როგორც ვახოსთან საუბრიდან ირკვევა, განსაკუთრებულს ამაში ვერაფერს ხედავს იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებმაც ეს ინფორმაცია დღეს საკმაოდ ემოციურად მიიღეს- სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული მეთორმეტე კლასელი.
ბოლო წლებია, მაღალმთიან სოფლებში იშვიათი აღარ არის მსგავსი შემთხვევა; უფრო მეტიც, იყო წლები, როცა ამა თუ იმ სკოლას საერთოდ არ ჰყავდა მეთორმეტე კლასელი და არც ერთი პირველკლასელი.
დღეს ,, გურია ნიუსი ” პირადად დაუკავშირდა ვახო ქელეშაშვილს და მიუხედავად ემოციური დღისა, ინტერვიუზეც დავითანხმეთ.
ზემო იმერელი ბიჭი, რომელსაც ორ დღეში 18 წელი უსრულდება, ლაღად წამოგვყვა საუბარში და სულ რამდენიმე წინადადებით შეძლო, მკითხველის წინაშე თავისი პიროვნება წარმოეჩინა.
– ვინ არის ვახო ქელეშაშვილი?
– ერთი ზემო იმერელი ახალგაზრდა, რომელმაც წელს სკოლა დაამთავრა და თავისი პატარა გეგმები აქვს.
– ცოტა უფრო დაწვრილებით…
– მე, ვახო ქელეშაშვილი დავიბადე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში, პაატა ქელეშაშვილის და ნათია ხარებაძის ოჯახში. მყავს ერთადერთი და, მარიამ ქელეშაშვილი. 2011 წელს შევედი სკოლაში, რომელიც წელს მარტომ დავამთავრე. პირველიდან მესამე კლასამდე კიდევ ერთი მოსწავლე სწავლობდა ჩემთან ერთად, მაგრამ შემდეგ გადავიდა.
– როგორ დაგვიხასიათებდი წყალაფორეთის სკოლას, პედაგოგებს და აქვე, ძალიან საინტერესოა შენი აზრი, როგორია თანაკლასელების გარეშე გატარებული სკოლის წლები? რა აქვს მინუსი და რა პლუსი?
– ჩემი სკოლა ყველა სკოლაზე საუკეთესოა ჩემთვის. ამაზე სხვა რა შემიძლია, გითხრათ; ძალიან ძვირფასი და საყვარელი. რაც შეეხება ერთადერთ მოსწავლეობას, ვერც ამაში ვხედავ რამე განსაკუთრებულს, რადგან ჩემთვის ორგანულია და ამ მდგომარეობით მოვედი დღემდე. გაკვეთილი ისე მიტარდებოდა, როგორც მოსწავლეებით სავსე საკლასო ოთახებში ტარდება სხვაგან. არავინ არაფერს მაკლებდა.
– ვახო, კლასში გაკვეთილზე შენ და მასწავლებელი იყავით. დასვენებაზე კლასელების სინაკლულეს ვინ გივსებდა?
– სხვა კლასელები. სიმარტოვე არასოდეს მიგრძვნია.
– სკოლა როგორი აკადემიური მოსწრებით დაამთავრე? ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული ხარ?
– საშუალო შედეგებით დავამთავრე სკოლა. არ ვარ ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული.
– სოფელში აპირებ დარჩენას?
– არა, რას ამბობთ. სოფელი ახალგაზრდა ბიჭისთვის რთულია. თუმცა არც მისი დავიწყება მიფიქრია. სოფელი ახალგაზრდებს საინტერესოს, გასართობს ვერაფერს სთავაზობს.
– ევროპისკენ ხომ არ მიგიწევს გული?
– მაგაზე შემიძლია, პირდაპირ გიპასუხოთ: არა. ევროპაში წასვლა ნამდვილად არ მინდა. ზუსტად ვერ გეტყვით, ქუთაისში წავალ სამუშაოდ, თუ თბილისში. არც ჩინელებთან მუშაობას არ ვაპირებ. მიუხედავად იმისა, მამაჩემი ერთ-ერთ ჩინურ კომპანიაშია დასაქმებული. დედა კი დიასახლისია.
– რას ურჩევდი შენს თანატოლებს, ახალგაზრდებს, ვინ წელს სკოლა დაამთავრა?
-პირველ რიგში, წარმატებებს იმ საქმეში, რასაც აირჩევენ; დასახული მიზნების მიღწევას; მშვიდ გარემოს, ქვეყანაში სტაბილურ პოლიტიკურ ცხოვრებას და ეკონომიკის აღმავლობას. არცერთ ახალგაზრდას არ დასჭირვებოდეს საქართველოდან გაქცევა და ვინც წასულია, მალე უკან, სამშობლოში დაბრუნებას, რაც დემოგრაფიაზეც დადებითად იმოქმედებს; ასევე ჩვენი სკოლის კედლებში ბევრი მოსწავლის აჟრიამულებას და დღეს რომ ერთი ამბავია ატეხილი, რომ წყალაფორეთის საჯარო სკოლაში, და მგონი, ბაღდათის ერთი სოფელია კიდევ, სადაც ჩემსავით ერთმა ახალგაზრდამ დაამთავრა სკოლა, ასეთი რამ აღარ ყოფილიყოს.
ავტორი