იაშვილის საავადმყოფოს პედიატრი, ბავშვთა ჰემატოლოგი თამარ ათანასოვი გადაცემაში “იმედის დღე” საუბრობს, რა ნიშნებით შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში ანემია და როგორია მისი მკურნალობის გზები:
– რკინადეფიციტური ანემია ბავშვთა ასაკში ანემიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ნებისმიერი ასაკის ბავშვებში გვხვდება და კლინიკურად ანემიისათვის სახასიათო ზოგადი სიმპტომებით გამოვლინდება. ესენია: საერთო სისუსტე, კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, უმადობა ან მადის გაუკუღმართება, აჩქარებული გულისცემა, თავის ტკივილი, ან თავბრუსხვევა. კვების გაუკუღმართებაში იგულისხმება ისეთი ნივთიერებების მიღება, რაც, ჩვეულებრივ, საკვებად არ გამოიყენება. მაგალითად: ცარცი, ყინული და ასე შემდეგ. დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია, რომ სისხლის საერთო ანალიზი ჩატარდეს. სისხლის საერთო ანალიზში ანემიის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია, დამატებითი კვლევები ჩატარდეს, რომ დავადგინოთ, რა ტიპის ანემიასთან გვაქვს საქმე. თუ სისხლის საერთო ანალიზში ჰემოგლობინი ნორმის ფარგლებშია, ეს ანემიას გამორიცხავს.
ვიტამინი B12-სა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი ბავშვებში შედარებით იშვიათად ვითარდება. უფრო მეტად, B12-ის დეფიციტი გვხვდება. ეს, დაახლოებით, ბავშვების 12%-ს აწუხებს. კლინიკურად ზუსტად ისე გამოვლინდება, როგორც სხვა ანემია და ასეთ დროსაც გამოხატულია სიფერმკრთალე, ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გემოსა და მადის ცვლილებები. თუმცა, რაც შესაძლოა, B12-ის დეფიციტს ახასიათებდეს არის ის, რომ ბავშვი კიდურებში ჭიანჭველების ცოცვის მსგავს შეგრძნებას უჩიოდეს, ასევე აღენიშნებოდეს ენის წვა და ტკივილი და გასინჯვისას შესაძლოა, წითელი, გაპრიალებული სადა ენის ზედაპირი ვნახოთ.
ანემიის ერთ-ერთი ნიშანია ფერმკრთალი ღრძილები, თვალის ლორწოვანი და ფრჩხილები. ანემიური მდგომარეობის ერთ-ერთი გამოხატულება შესაძლოა, ემოციური ლაბილობაც იყოს.
რკინადეფიციტური ანემიების დროს მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივო პროცესია. ჩვენი მიზანია სისხლში არა მარტო ჰემოგლობინის დონის ნორმალიზება, არამედ ორგანიზმში რკინის მარაგების შევსება. ამის გამო მკურნალობა ხანგრძლივად გრძელდება. რა თქმა უნდა, რკინის პრეპარატების შემთხვევაშიც სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ბავშვთა ასაკში ანტაციდების გამოყენებამ შესაძლოა, რკინის შეწოვა შეამციროს. საპირისპიროდ, C ვიტამინი აუცილებელია იმისათვის, რომ ორგანიზმმა რკინა შეიწოვოს და აითვისოს. მკურნალობასთან ერთად, აუცილებელია გავითვალისწინოთ ისიც, რომ მნიშვნელოვანია, კვების რაციონის მოწესრიგება. ბავშვი ადეკვატურად უნდა იკვებებოდეს. მაგალითად, უმჯობესია, საქონლის წითელ ხორცს ბოსტნეულთან ერთად თუ მივცემთ, _ ამბობს პედიატრი “იმედის დღესთან” საუბრისას.