გუშინ ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე არ ითამაშებს. განცხადება თავად ფეხბურთელმა გააკეთა.
„დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება. ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს“, – დაწერა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში.
საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
გუშინ, გამოცემამ „Il Mattino“ გაავრცელა ცნობა, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი, სავარაუდოდ „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.
ოსიმენის აგენტმა, რობერტო კალენდამ, კლუბის მფლობელს, აურელიო დე ლაურენტისს სთხოვა, ნიგერიელის მდგომარეობის შეფასება. მას რეალურად ორი შეთავაზება აქვს – ერთი „ჩელსიდან“, მეორე – „პარი სენ-ჟერმენიდან“.
თუ ოსიმენთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, ნეაპოლელები რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებიან. ერთ-ერთი მათგანი „სალერნიტანას“ შემტევი ბულაე დიაა, რომელმაც გასულ სეზონში „სერია A“-ში შთაბეჭდილება მოახდინა.
გუშინ, გამოცემამ „Gazzetta dello Sport“ გაავრცელა ცნობა, რომ „ნაპოლის“ კრისტოფ გალტიე ჩაიბარებს.
ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ყველაფერი ოფიციალურად ამ დღეებში გაფორმდება.
გალტიე „ნაპოლისთან“ ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ხელშეკრულება იმავე სისტემით გაფორმდება, როგორც „ნაპოლის“ წინა მწვრთნელთან ლუჩანო სპალეტისთან.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ კი რუბენ ბარახასთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა. შედეგად, ის გუნდს 2025 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.
ბარახამ „ვალენსია“ მიმდინარე წლის თებერვალში ჩაიბარა, როდესაც გუნდი ბოლოსწინა ადგილზე იყო, მაგრამ მიზანს მიაღწია და „ლა ლიგაში“ დატოვა.
ესპანური გამოცემა „Marca“-ს ინფორმაციით, მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო, „ვალენსია“ იძულებულია კლუბის ერთ-ერთი მთავარი აქტივი – გიორგი მამარდაშვილი – ტრანსფერზე დააყენოს. ჯერჯერობით, უამრავი ინფორმაციის მიუხედავად, ვალენსიასთვის ოფიციალური წინადადებით არავის მიუმართავს.
„ლა ლიგის“ სეზონის დასაწყისში მამარდაშვილის სავარაუდო საბაზრო ფასი 50 მილიონი ევრო იყო, მაგრამ „ვალენსიას“ რიგებში სიტუაცია ისეთია, რომ ახლა მისი ფასი 20-25 მილიონს არ უნდა გადაცდეს.
22 წლის ქართველ კარის დარაჯს „ვალენსიას“ 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს ხელშეკრულება. ასევე ცნობილია, რომ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნებისმიერ კლუბს შეუძლია მისი შეძენა.
„რეალური პრეცედენტები აჩვენებს, რომ ხელშეკრულებაში ჩაწერილ ამ პუნქტს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მამარდაშვილი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი გოლკიპერია და მისი აგენტები დარწმუნებულნი არიან, რომ ზაფხულში „ვალენსია“ რომელიმე კლუბისგან აუცილებლად მიიღებს ვალენსიური გუნდისათვის დამაკმაყოფილებელ წინადადებას“. – დაწერა „მარკამ“.
ავტორი