უხვმა ნალექმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე “გურია ნიუსთან” ამბობს, სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რთული ვითარება ამ დროისთვის ზემო ერკეთის საბავშვო ბაღშია, სადაც გეოლოგების გადაწყვეტილების საფუძველზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, უსაფრთხოების მიზნით შეწყდება.
“ამ წუთას ყველაზე რთული მდგომარეობაა ზემო ერკეთში, სადაც გეოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საბავშვი ბაღში ვაჩერებთ სასწავლო- სააღმზრდელო პროცესს. საბავშვო ბაღის შენობასთან ახლოს ჩამოდიოდა მდინარე და ძირი გამოურეცხა სველ წერტილს და მთლიანად ჩაიტანა. არის საშიშროება, რომ კიდევ გამოურეცხოს ძირი და უკვე შენობას შეუქმნას პრობლემა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ სასწავლო სააღმზრდელო პროცესს”,_ განაცხადა შარაშიძემ ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება, სოფლებში არსებულ ვითარებას, ამ დროისთვის გზა ყველა სოფელში გახსნილია და გარესამყაროს მოწყვეტილი არავინ რჩება.
“რაც შეეხება სხვა სოფლებში არსებულ ვითარებას, მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა სანიაღვრე არხებმა, გადმოვიდა კალაპოტიდან და ინერტული მასალა და ასეთი რაღაცები გადმოტანილი აქვს გზებზე. ამ დროისთვის ჩაკეტილი და გარესამყაროს მოწყვეტილი აღარავინ არის.
მოსახლეობა რამდენიმე სოფელში უბრალოდ დაიტბორა, ეზოებში შევიდა წყალი, რაც არის იმის ბრალი, რომ არსებული სანიაღვრე სისტემა არის უკვე ძველი, ზოგ ადგილას არის გაჭედილი ინერტული მასალისგან. ამის გამო ვერ გაატარა სანიაღვრე არხებმა გადმოვიდა და შევიდა ეზოებში. საცხოვრებელი სახლები არ დატბორილა. ძირითადად ინფრასტრუქტურაზე შეიქმნა პრობლემები, შესაბამისი კომისიის მიერ დადგინდება ზარალი”,_ გვითხრა შარაშიძემ.
ინფორმაციისთვის, უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა შიდა გზები და დაიტბორა ეზოები მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯვარცხმაში, ერკეთში, დიდივანში, ხევში, გუთურსა და ხიდისთავში წარმოიშვა მეწყერსაშიში ზონები. რამდენიმე ოჯახი კი გარე სამყაროს მოწყდა.
ავტორი